დიდი ალბათობით, ლიტველი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი გორის “დილაში” აღარ იმუშავებს. ივანაუსკასი ამ ზამთარს ჩაუდგა გუნდს სათავეში და იმავე პოზიციაზე გაიყვანა “დილა”, რომელზეც მის მოსვლამდე იყო – მეორეზე.
46 წლის ლიტველს, სავარაუდოდ, რომელიმე ქართველი მწვრთნელი შეცვლის. “დილა” კი 7 ივნისს შეუდგება ვარჯიშებს. ცნობისთვის: ივანაუსკასი ბელგიაში საქართველო-ინგლისის 19-წლამდელთა მატჩს (1:1) დაესწრო.
მართალია, “დილას” ადგილობრივი ბიუჯეტი სავარაუდოდ დაეხმარება, მაგრამ ივანაუსკასი მაღალხელფასიანი გახლდათ და პრობლემაც ესაა. ყველა ხედავს, რომ კერძო კლუბებს (“დინამოს” გარდა) ცუდად აქვთ საქმე, სახელმწიფო პროგრამა კი გაჩერებულია. მართალია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აპირებს პროექტის წარმოდგენას, მაგრამ დრო იწელება.
ყველაზე იდეალური რაც არის, ბიზნესგარემოა, მაგრამ დრო მიდის, ბიზნესმენებს კი, ფეხბურთის მიმართ გული აქვთ აცრუებული. სანამ შეღავათები არ იქნება გადასახადებზე, მანამდე არც უნდა ველოდოთ გააქტიურებას. ამ პირობებში ისიანის მიერ წარმოდგენილი 3-წლიანი გარანტირებული პროგრამა მისწრებაა, რომელიც ლევან ყიფიანმაც მოიწონა – ეგაა, დახვეწას საჭიროებსო.
თუმცა, დრო გადის... გეხსომებათ, ზამთარში რამდენმა ქართულმა გუნდმა გაიარა უცხოური შეკრება. როგორც ჩანს, ზაფხულში მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება – უცხოური შეკრება 40000-დან 50000 ევრომდე ჯდება, თუმცა თუნდაც იმ გუნდებისთვის, რომლებიც ევროპის ლიგაზე არიან გასულნი, ამ თანხის გადახდა ღირს: ევროპის ლიგის ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისთვის უეფა 90000 ევროს უხდის კლუბს.
ამ სახელმწიფო პროგრამის გამომზეურებასა და ამოქმედებას კი ველოდებით. ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება. ყიფიანმა თქვა, რომ პროექტის თანახმად, კერძო და მუნიციპალური კლუბები თანაბარ პირობებში იქნებიან. სხვათა შორის, თურქეთშიც არიან მუნიციპალური კლუბები – მაგალითად, “ახისარი”, სადაც ბერძენი გეკასი თამაშობს.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge