მახაჩყალის “ანჟის” კაპიტანმა სამუელ ეტო’ომ დღეს გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ თავისი აზრები “სპორტ-ექსპრესს” გაუზიარა. კამერუნელ მეგოლეს სურს, რომ “ბაიერნმა” “დორტმუნდი” დაამარცხოს, რადგან მიუნხენელთა რიგებში მისი დიდი ხნის მეგობარი ფრანკ რიბერი თამაშობს.
- გერმანული ფინალი გაინტერესებთ? “ბარსელონას” რომ ეთამაშა “უემბლიზე”, უფრო სახალისო ხომ არ იქნებოდა?
- ნებისმიერი ფინალი საინტერესოა. ევროპული ფეხბურთის წამყვან ჩემპიონატებს დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შემიძლია გითხრათ, რომ ბუნდესლიგის სეზონი უდაოდ გამორჩეული იყო. “ბაიერნი” და “დორტმუნდი” უკვე დიდი ხანია, მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობენ.
- ბევრი ქომაგი ფსონს “ბაიერნზე” აკეთებს. გამონაკლისი ალბათ არც თქვენ ხართ...
- უფრო კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, ფრანკ რიბერის ვგულშემატკივრობ. ის ჩემთვის უბრალო მეგობარი არაა – ნამდვილი ძმასავითაა. ღმერთმა ქნას, რიბერის “უემბლიზე” გაუმართლოს.
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, რობერტ ლევანდოვსკის პოკერი მადრიდის “რეალის” კარში ყველაზე დიდი მოვლენა იყო?
- ვფიქრობ, არა. მართალია, ძნელი დასაჯერებელია, როგორ მოახერხა ფეხბურთელმა 90 წუთის განმავლობაში “რეალისთვის” 4 გოლის გატანა, მაგრამ მაინც. საერთო ჯამში, მადრიდელებმა მაინც ღირსეულად იასპარეზეს. საპასუხო მატჩი კიდევ რამდენიმე წუთი რომ გაგრძელებულიყო, შესაძლოა, დღევანდელ ფინალში “რეალს” ეთამაშა. მიმდინარე სეზონში, “ბაიერნისა” და “ბარსელონას” მატჩებმა უფრო მომხიბლა. გერმანელებმა ფენომენალურად ითამაშეს შეტევაშიც და დაცვაშიც. ვნახეთ გუნდი, რომელიც 100%-ით იყო მომზადებული.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge