x
image
worldsport.ge
მწვრთნელი და დემოკრატია

imageროგორც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, იგი საქართველოს ნაკრების მესაჭის პოსტს მას შემდეგ დატოვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ გუნდს საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყოველგვარი შანსი ამოეწურება. ღმერთმა ქნას, ჩვენი ნაკრების სვე-ბედი ისე წარიმართოს, რომ ევროპის პირველობაზეც გავიდეთ და იმის იქითაც წავიდეთ, მაგრამ ალბათ ყველაზე ოპტიმისტ ქომაგსაც კი ნაკლებად სჯერა იმის, რომ ეროვნული გუნდი ასეთ ერთობ რთულ ბარიერებს დაძლევს და ევროპის ჩემპიონატზე გავა. თუმცა, ქეცბაიას რასაკვირველია წარმატებას ვუსურვებთ.
თუკი ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე ვერ გავიდა, ქეცბაიამ დანაქადნები აასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, შესაძლებელია სულ ორიოდე წელიწადში მორიგი და ჩვენთვის უკვე ჩვეული სატანჯველის წინაშე დავდგებით – ვინ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი...
ცნობილი უცხოელი მწვრთნელებიც გვყავდა, ქართველ ახალგაზრდა თუ ჭარმაგ სპეციალისტებსაც მივეცით შანსი. ისეც კი ყოფილა, რომ ჩვენი გუნდი მინდორზე არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაუყვანია (ალბათ გახსოვთ მერაბ ჟორდანის “მწვრთნელური ეპოპეა”) მაგრამ მთლიანობაში შედეგი მაინც არ დამდგარა. ახლა სწორად ის შემთხვევაა, როდესაც მტკიცებით ფორმაში ვერავინ იტყვის რა გვეშველება და რასაკვირველია ისიც არავინ იცის, საერთოდ დაგვადგება თუ არა საშველი.
ალბათ სწორედ ახლა, როდესაც ყველაფერი გამოვცადეთ და ვერაფერმა გვიშველა, დადგა დრო, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და აპრობირებულ ხერხს მივმართოთ. თემურ ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ჩავატაროთ სახალხო გამოკითხვა, გავიგოთ ყველას აზრი, მოვაწყოთ ტელედებატები, ვიმსჯელოთ სხვადასხვა მედიასაშუალებების დახმარებით და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიის მანძილზე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მოვიწვიოთ (დავნიშნოთ) ადამიანი, რომლის კანდიდატურაზეც ყველანი ერთად შევთანხმდებით.
რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მაგრამ, თუკი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი საერთო კონსესუსით დაინიშნა, მერე უკვე თამამად შეგვიძლია ჩვენი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობაც თანაბრად გავინაწილოთ და მწვრთნელსაც პასუხი ისე მოვთხოვოთ, როგორც წესი და რიგია. საქართველოში ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დასრულდეს დრო, როდესაც დაპირისპირებული მხარეები საქმეებს ძველბიჭობითა და წყევლა-კრულვით არჩევდნენ და ყველამ უნდა ვირწმუნოთ, რომ “ჩემიანი” და “შენიანი” საერთო საქმეს ყოველთვის აფუჭებს.
თუკი, პირველად შევძელით ამის გაკეთება და ჩვენი ნაკრების წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მთელმა საზოგადოებამ აიღო, ეს გაზრდის იმის ალბათობას, რომ ამ გზით დანიშნული მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებში ბევრად უფრო თამამი იქნება და გუნდი შემადგენლობასა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მავანთა და მავანთ არ შეუთანხმებს. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობაც დიდი ექნება (იგი ხომ ფაქტობრივად მთელი ქართული საზოგადოების წინაშე იქნება პასუხისმგებელი) მაგრამ, არჩევითობის თანმდევი სიკეთეები და ზოგადად დემოკრატიული არჩევანის პრინციპი ნამდვილად გვაძლევს იმის იმედს, რომ ნაკრების მწვრთნელი გუნდში ერთპიროვნული მმართველი იქნება, გუნდის გარეთ კი, საზოგადოების დაკვეთის შემსრულებელი. თუ სხვა უკეთესი გამოსავალი იცით, თქვით ბატონო და აგერ ვართ ყველა!


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0