x
image
worldsport.ge
ლევან ყენია: "ბუნდესლიგაში დაბრუნება მშვენიერი იქნებოდა"'

imageლვოვის "კარპატის" თითქმის განაღდებული აქვს პრემიერლიგაში დარჩენა, თუმცა, ვაი ასეთ დარჩენას, როცა გუნდი თითქმის ყველა თამაშს აგებს, უბრალოდ, "ჰოვერლაა" უფრო სუსტი და მის ხარჯზე ინარჩუნებს ადგილს უმაღლესში. როგორ იქნება სეზონის ბოლოს ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის საკითხი, ჯერ უცნობია.
"ფინანსურად ცუდი სიტუაციაა. წარმოიდგინეთ, "კრივბასთან" თამაშზე ავტობუსით ჩავედით, 16 საათი გზაში ვიყავით. ფული არ გვაქვსო. აქამდე სულ თვითმფრინავით ვმგზავრობდით. ისედაც სუსტი გუნდი გვყავს".
როგორც იცით, ლვოველებს მწვრთნელი შეეცვალათ - ბულგარელი ნიკოლაი კოსტოვის ნაცვლად, უკრაინელი იური დიაჩუკ-სტავიცკი მივიდა, თუმცა დროებით.
"კოსტოვი კარგი მწვრთნელია და მისი წასვლა მეწყინა. კოსტოვმა ბევრი გააკეთა ჩემთვის. ჯერ კიდევ სრულყოფილ ფორმაში არ ვიყავი, როცა მენდობოდა. ახალი მწვრთნელი დროებითაა დანიშნული და ზაფხულში სხვას მოიყვანენ".
ნანობს თუ არა ყენია უკრაინაში გადასვლას?
"ჯერ მხოლოდ 9 თვეა, რაც აქ ვარ. თამაშით ვთამაშობ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე 3 წელი სულ მკურნალობაში ვიყავი, ამის ფონზე ცუდად არ გამოვიყურები. ჩემპიონატში 3 გოლი გავიტანე, ერთი გადამწყვეტი ბურთი თასზეც შევაგდე. საგოლე პასებიც გავაკეთე. უბრალოდ, გუნდია სუსტი".
და რაც შეეხება ამ ზაფხულს კლუბის შეცვლის შესაძლებლობას, ლევანი ჯერ ვერაფერს ამბობს:
"კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ვერ გეტყვით, რა მოხდება. ისე კი, მენეჯერები დაიწყებენ მუშაობას. ამ მომენტში კონკრეტული არაფერია. დასავლეთ ევროპაში გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი. მაგალითად, ბუნდესლიგაში დაბრუნება მშვენიერი იქნებოდა".
საქართველოს ნაკრებზეც: როგორც იცით, 2 ივნისს ირლანდიაში, 5-ში კი დანიასთანაა თამაში. ლევანმა ნაკრებში ბოლო გოლი სწორედ ირლანდიას გაუტანა - 2008 წლის სექტემბერში, გერმანიის ქალაქ მაინცში. ის შეხვედრა ნაკრებმა 1:2 წააგო.
"კარგი პერიოდი იყო ჩემთვის, სანამ ტრავმები დამეწყებოდა... ის მატჩი და გოლიც კარგად მახსოვს. იმედია, კიდევ არაერთხელ გავიტან. ვნახოთ".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0