კვირას გამართულ სტამბულურ დერბის, სადაც ერთმანეთს “ფენერბახჩე” და “გალათასარაი” დაუპირისპირდნენ, 20 წლის გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა. Sabah-ის ცნობით, “გალათასარაის” გულშემატკივართა გუნდის წევრმა ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი “ფენერბახჩეს” მაისურიანი პიროვნება დანის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა.
“ფენერბახჩემ” “გალათასარაის” უმასპინძლა და 2:1 სძლია, რამაც სტუმართა ქომაგები ძალზე გააღიზიანა. მათ ჯავრი ახალგაზრდა ქომაგზე იყარეს, რომელიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტობუსს ელოდა და “გალათასარაის” გულშემატკივრების პროვოცირება არც უცდია. მას შემდეგ, რაც “ფენერბახჩეს” ქომაგს თავს დაესხნენ, იქვე მყოფებმა სასწრაფოს უხმეს. სამედიცინო პერსონალმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
უახლოეს პერიოდში, ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
www.worldsport.ge