x
image
worldsport.ge
კობახიძემ რამოსს გოლი აჩვენა, "დიორი" უნგრეთის ჩემპიონი გახდა

imageსანდრო კობახიძემ, რომელსაც "დნიპროს" ესპანელი მწვრთნელი ხუანდე რამოსი იშვიათად ათამაშებს, "კარპატის" ლამაზი გოლი გაუტანა. ლვოვში გამართული მატჩი "დნიპრომ" 4:2 მოიგო და მე-4 ადგილზეა, ხოლო ლვოველები ისევ მე-13 პოზიციაზე არიან, მაგრამ თითქმის დარჩნენ პრემიერლიგაში. მხოლოდ 2 ტურია სათამაშო და "კარპატი" 5 ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან კლუბს.
ლვოველთაგან ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ლევან ყენია კი 59-ე წუთზე შეცვალეს.
"დნიპროდან" ჯაბა კანკავამ სრულად ჩაატარა მატჩი და მეორე ნახევარში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ძელს მოარტყა ბურთი. ჯაბამ მე-80 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო დაუშვილის წაქცევისთვის.
რაც შეეხება კობახიძეს, ის 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე და გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა. სანდრომ ფლანგიდან საჯარიმოში გააკეთა პასი, საიდანაც ისევ მას დაუბრუნდა ბურთი და ქართველმაც მარჯვენა ფეხით, დაახლოებით 13-14 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. ეს კობახიძის მე-3 გოლია მიმდინარე პრემიერლიგაში, თუმცა აქედან 2 კიევის "არსენალში" აქვს გატანილი.
მთლიანობაში, ამ მატჩში ოთხივე ქართველმა კარგად ითამაშა.
უნგრეთში ჩემპიონობა გაინაღდა რატი ალექსიძისა და გიორგი ქვილითაიას "დიორმა" - თანაც, 3 ტურით ადრე. დიორელებმა შინ 1:0 აჯობეს "ფერენცვაროშს" და 10-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. ქართველებს არ უთამაშიათ და განაცხადშიც არ ყოფილან (ქვილითაიას ტრავმა აქვს).
ალექსიძემ ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, ქვილითაიამ კი - 1.
"დიორი" ისტორიაში მეოთხედ გახდა უნგრეთის ჩემპიონი. 1983 წლის შემდეგ, პირველად. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ბევრი მატჩი არ ჩაუტარებიათ, ჩემპიონობა ჩემპიონობაა და ვულოცავთ რატისა და გიორგის.
ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
130
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0