x
image
worldsport.ge
“ვარსკვლავთცვენა” “დინამო არენაზე”: მალდინი, შევჩენკო, ვიერი, ინძაგი, რუი კოშტა, კოსტაკურტა, ბობანი, ანჩელოტი

imageსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსკაპიტნის, თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს”, “მილანისა” და “ჯენოას” ყოფილი მცველის, კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩი 31 მაისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. მომავალი თამაშისადმი მიძღვნილი შოუ, რომელშიც მონაწილეობას მომღერალი ბერა ივანიშვილიც მიიღებს, 20:30 საათზე დაიწყება, ხოლო თამაში ცოტა მოგვიანებით შედგება.
ამის შესახებ “დინამო არენას” საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ჟურანლისტებს კალაძის გაცილების მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დავით მუჯირმა განუცხადა, რომელმაც პრესკონფერენცია უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად ჩაატარა.
გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ძალიან დაკავებულია, მან მომავალი თამაშის ორგანიზება თავისი მეგობრების ჯგუფს ანდო, რომელშიც მუჯირის გარდა, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ზაზა ზამთარაძე და გიორგი დემეტრაძე შედიან.
მუჯირის თქმით, გაცილების მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ “მილანი” და კალაძის მეგობრების მიერ დაკომპლექტებული გუნდი წარსდგებიან. “მილანის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მილანელთა შემადგენლობაში პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფილიპო ინძაგი, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, რუი კოშტა და ზვონიმირ ბობანი ითამაშებენ. მუჯირი მათ პირადად შეუთანხმდა. მისი ინფორმაციით, 15 მაისს თბილისში “მილანის” წარმომადგენელი ჩამოვა და იტალიური გუნდის სრული სია ამის შემდეგ გაირკვევა. შესაძლოა, მომავალ მატჩში ისეთმა ფეხბურთელებმაც ითამაშონ, რომლებსაც ივნისში იტალიის ეროვნული გუნდის შეკრებაზე არ უხმობენ.
თამაშზე დასასწრები ბილეთები 22 მაისიდან “დინამო არენაზე” გაიყიდება და მათი ფასი 5-დან 10 ლარამდე იქნება. ბილეთების სამი კატეგორიისაა, ხოლო მატჩიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
კალაძის მეგობრების გუნდს უშუალოდ საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი დააკომპლექტებს და მუჯირის განცხადებით, ამ ეტაპზე ოფიციალური მიწვევა არც მას მიუღია. ჯერ ცნობილი არაა, ვინ იქნება ხსენებული გუნდის მწვრთნელი. თუმცა, ის გარკვეულია, რომ გუნდი ინტერნაციონალურია და მასში ქართველი ფეხბურთელების გარდა, უცხოელებიც შევლენ. მუჯირმა აღნიშნა, რომ მართალია, მატჩი ამხანაგურია, მაგრამ მასპინძლები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ძლიერ მეტოქეს ღირსეულად დახვდნენ. კიდევ ერთი პრესკონფერენცია 17 მაისს გაიმართება, როცა ბევრი საკითხი უფრო კონკრეტულად გაირკვევა.
სტუმრების ძირითადი ჯგუფი 31 მაისს ჩამოვა და სასტუმრო “რედისონში” დაბინავდება, ხოლო კალაძის რამდენიმე მეგობარი თბილისს შესაძლოა ერთი დღით ადრე ეწვიოს. მატჩი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” I არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მომავალი შეხვედრის წარმომდგენია “საქართველოს ბანკი”, ხოლო გენერალური სპონსორი - ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ბილაინი”.
მუჯირი განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რეზო არველაძეს ესაუბრა და თუ მატჩის ორგანიზებაში სფფ-ის დახმარება დასჭირდებათ, აუცილებლად მიმართავენ. მისი თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელებს თამაშზე დაპატიჟებენ, მაგრამ ცნობილია, რომ იმ დროისთვის ისინი საქართველოში არ იქნებიან.
მომავალ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიც ვერ ითამაშებენ, რადგან 2 ივნისს თემურ ქეცბაიას შეგირდები გასვლაზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან, ხოლო 5 ივნისს - დანიისა.
რაც შეეხება მსაჯებს, ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება უცხოელ არბიტრებთან და მათი ვინაობა 17 მაისისთვის დაზუსტდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0