x
image
worldsport.ge
“დილას” დღეები ნათელი ვერაა

image“რატომ გახდა ასეთი აქტუალური “დილას” ამბები? ხელფასები ჯერ არაა, მაგრამ დარიგდება. ყველაფერი კარგად იქნება”, – უთხრა “დილას” დირექტორმა ზვიად შერმადინმა “მსოფლიო სპორტს”.
კი, ბატონო, ეს ვის არ გაუხარდება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ კლუბში გაუგებარი სიტუაციაა? სხვაგვარად, დავით კვირკველია არ გვეტყოდა, 2 თვეა ხელფასი არ აგვიღია და მომავალში რა მოხდება, არ ვიციო. მალე 3 თვეც გახდება. ლიტველი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასიც იძახის, სად არ მიმუშავია, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავსო.
დღეს უკვე რეალურია “დილას” ძლიერი შემადგენლობის დაშლის საფრთხე. სპონსორი ვერ მოიძებნა. არჩევნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლოდინისამებრ თქვა, რომ გუნდს არ დააფინანსებდა და “დილა” მუნიციპალიტეტისა გახდა. “დილა” ის კლუბი აღარაა, ცხრილის შუაში, ან გასავადნ ზონაში რომ იყო.
გუნდის სიძლიერეს კარგი ფეხბურთელები განაპირობებენ, ფეხბურთელებს კი ხელფასი სჭირდებათ. თუმცა, აქ ძვირიანზე და იაფიანზე არაა საუბარი, რადგან გასამრჯელოს საერთოდ ვერ იღებენ.
შერმადინის პასუხები კითხვებზე:
- ანუ, ხელფასები დარიგდება?
- აუცილებლად. და გუნდიც ჩვეულებრივ გააგრძელებს ბრძოლას. სხვა ქვეყნებშიც დაგვიანებულა ხელფასები. “დილაში” არავის არაფერი დაეკარგება.
- ვინ იქნება კლუბის დამფინანსებელი?
- მუნიციპალიტეტი.
- ფეხბურთელთა ბირთვი შენარჩუნდება?
- რა თქმა უნდა. აბა, დუბლებით ხომ არ ვითამაშებთ ევროპაში და ხომ არ შევრცხვებით?!
რა თქმა უნდა, კლუბის დირექტორს კვლავაც დავუკავშირდებით გარკვეული პერიოდის შემდეგ – გვაინტერესებს, გამოსწორდება თუ არა ფინანსური სიტუაცია.
ამავე დროს, “დილას” მენეჯერ გია ისიანის საინტერესო პროექტიც ჯერ ვერ ხორციელდება. პროექტი, რომელიც არაერთხელ დაწერილა ჩვენს საიტზე და გავიმეორებთ:
“სახელმწიფოსგან 3-წლიანი გარანტირებული საბიუჯეტო დაფინანსება კარგი იქნებოდა. ეს, თავისთავად, საწყისი გახდებოდა და მივიღებთ გამართულ კლუბებს, ანუ აღარ იქნება ერთწლიანი კლუბები, რომლებსაც პერსპექტივა არ გააჩნიათ. ეს დაფინანსება, ძირითადად, გრძელვადიან კონტრაქტებს, ინფრასტრუქტურის გამართვას, მწვრთნელთა გადამზადებას და ბავშვთა სკოლების შექმნას ითვალისწინებს. ანუ, სამი წის შემდეგ, ეს კლუბები სპონსორებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის საინტერესონი უნდა გახდნენ და უკვე დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის სათანადო დაგეგმარებასა და სწორ მენეჯმენტს”.
იმედია, განხორციელდება, თუმცა მანამდე, აქტუალური საკითხია – შენარჩუნდება თუ არა “დილა”, როგორც ანგარიშგასაწევი გუნდი. ახლა, კონკრეტულად სადღეისოდ, ვითარება ცუდია და იმ ფეხბურთელებსაც ვერავინ გაამტყუნებს, რომლებიც სხვა კლუბებში გადასვლას ცდილობენ.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0