x
image
worldsport.ge
გია ისიანი: "გავერთიანდეთ და ყველაფერი კარგად იქნება"

image“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ ახლახან გორის “დილას” მენეჯერმა გია ისიანმა ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადინა, რომელსაც ჰქვია “სახელმწიფოს როლის გაძლიერება რეგიონებში ფეხბურთის ეფექტური განვითარებისთვის” (ამ პროექტის სრულ ვერსიას ქვემოთ გთავაზობთ).საკმაოდ ვრცელი პროექტია და ძირითადად საბიუჯეტო გუნდებს შეეხება (საქართველოში ასეთი ხუთია: გორის “დილა”, “ზუგდიდი”, ბოლნისის “სიონი”, ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო”). პროექტის მიხედვით, სახელმწიფომ 3 წლის განმავლობაში უნდა დააფინანსოს გუნდები, მაგრამ ეს დაფინანსება ძირითადად გრძელვადიან კონტრაქტებს, ინფრასტრუქტურის გამართვას, მწვრთნელთა გადამზადებას და ბავშვთა სკოლების შექმნას ითვალისწინებს. ანუ 3 წლის შემდეგ ეს კლუბები სპონსორებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის საინტერესონი უნდა გახდნენ და უკვე დამოუკიდებლად გააგრძელონ არსებობა. უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის სათანადო დაგეგმარებასა და სწორ მენეჯმენტს. დაფინანსების შემთხვევაში, სპეციალისტებისგან, კლუბების წარმომადგენლებისგან და ჟურნალისტებისგან უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ყოველი თეთრის ბედს. უნდა მოხდეს ქართული კლუბების კონსოლიდაცია, ისე, რომ საბიუჯეტო გუნდების გარდა გათვალისწინებული იყოს კერძო კლუბების ინტერესებიც საგადასახადო შეღავათების პერსპექტივით. უნდა მოწესრიგდეს ფეხბურთელების დაზღვევის პროცესიც. დაგვეთანხმებით, საინტერესო მიდგომაა, რომელმაც, ავტორების აზრით, დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს ქართულ ფეხბურთს. ცხადია, ბერი კითხვა იბადება და ეს ნორმალურია. ამიტომ, სპეციალისტებსა თუ უბრალოდ გულშემატკივრებს, ვთავაზობთ უფრო აქტიურად ჩაებან პოლემიკაში. თავისი აზრი გაგვიზიარონ კომენტარებსა თუ ელექტრონული ფოსტით.
ამასთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტის” რედაქციაში გია ისიანი გვეწვია, თუმცა სანამ უშუალოდ პროექტზე ვისუბრებდით, ბოლო დღეების ერთ ხმაურიან ფაქტზე ვთხოვეთ კომენტარი.
- ორიოდ დღის წინათ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა “ტოტალიზატორის პროგრამიდან მაინცდამაინც “დილას” მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადექვატური რეაგირება უნდა მოჰყვესო.” ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა “დილას” ვითომ გარიგებულ თამაშებში სდებენ ბრალს...
- გავეცანით ამ განცხადებას და ჩვენი კლუბის ვებგვერდზე ვუპასუხეთ კიდეც. ჯერ ერთი, ჩვენ ფეარ პლეის მომხრენი ვართ, რაც სამართლიანი თამაშის პრინციპს გულისხმობს. მეორე, თუ ვინმეს ეჭვი აქვს, ასეთ შემთხვევაში, არსებობს სფფ-ის ეთიკის კოდექსი, სადაც პუნქტების მიხედვითაა გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს მომჩივანი მხარე. არსებობს ეთიკის კომიტეტიც. არიან იურისტებიც. მიმართონ და გაარკვიონ. მანამდე “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ პროკურატურაშიც შეიტანა საჩივარი, მაგრამ რამე დაამტკიცა? ორი დღის წინათ, ქვეყნის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩებისას, ტოტალიზატორებმა პროგრამიდან “დინამო” – “გურიას” მატჩიც ამოიღეს, ახლა რა ვქნათ, ვიძახოთ ჩაწყობილი იყო და იმიტომო? ასეთი მიდგომა არასერიოზულია. ჩვენ თავის გასამარათლებელი არაფერი გვაქვს, ვიცით, რომ სუფთები ვართ. უფრო მეტიც, მომხრე ვარ რადიკალური ზომები გატარდეს თუ ვინმეს მსგავს მაიმუნობას შეამჩნევენ. რადიკალურობაში ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთას ვგულისხმობ.
- პროექტის შესახებ ვთქვათ. 3 წლიანი გარანტია რას ნიშნავს?
- პროექტი უკვე გავაცანი სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს. ორივემ თანადგომა აღმითქვა. ახლა ჩვენი, კლუბების კონსოლიდაციას ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურობს მედია. თქვენს კოლეგებს კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. უთქვენოდ არაფერი გამოვიდოდა.
3 წლიანი გარანტია არ ნიშნავს, რომ ამ 3 წლის თანხა აუცილებლად კლუბის ანგარიშზე დავდოთ. აქ საუბარია გარანტიაზე რომლითაც კლუბი მრავალწლიანი პროგრამით იმუშავებს და მერე ინვესტორისთვის უფრო ადვილი იქნება შეთავაზება. თანაც არა 1 ლარად, არამედ უკვე იმ თანხად, რაც დაიხარჯა მაინც. და კიდევ, ასეთი გარანტიის არსებობის პირობებში გამოირიცხება ის მანკიერი ფენომენი, რასაც რომელიმე რაიონის გამგებლის ახირებები ჰქვია.
- ოპონენტები ამბობენ, რომ ნამუშევარი საინტერესოა, მაგრამ ახალი მასში არაფერია...
- რატომ? თუნდაც ფეხბურთელების სადაზღვევო სისტემა ავიღოთ, რომელიც დღეს საქართველოში არ არსებობს. ქუთაისელი გიორგი ონიანი “სიონთან” სათასო მატჩის მიწურულს მძიმედ დაშავდა და ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს. საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უამრავი ხალხი იყო მისული საავადმყოფოსთან. მეც იქ გახლდით და თქვენი საიტის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა გიორგის ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. მაგრამ არ არსებობს სისტემა, რომელიც ფეხბურთელებს ასეთ სიტუაციაში დაიცავს. ტრავმა საქართველოში არ იზღვევა და მეტ-ნაკლებად აქაც კლუბის ხელმძვანელის კეთილ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რაც არასწორია. უკვე ვესაუბრე რამდენიმე სერიოზული სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელს და აღმოვაჩინე, რომ ტრავმიანობის შესახებ მართებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. მივაწვდი სტატისტიკურ მონაცემებს და დავანახვებ, რომ არ უნდა ეშინოდეთ, არც ისეთ ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი, რასაც ფიქრობენ. ახალი კიდევ ის არის, რომ გადამზადების შემდეგ რეგიონებში ადგილობრივი მწვრთნელები დასაქმდებიან და თბილისიდან მათი ჩაყვანა აღარ იქნება საჭირო.Aგუნდებში ადგილობრივი ფეხბურთელები მომრავლდებიან და მაყურებელი უფრო ხალისით მივა სტადიონზე. საერთოდ, ხშირად ახალი ველოსიპედის გამოგონებას ვცდილობთ ხოლმე საქართველოში, მაგრამ რაც გვაქვს ისიც რომ არ კეთდება? განა ახალია ის, რომ თუ კლუბებს გარანტირებული ბიუჯეტი ექნებათ, უფრო წარმატებით იმუშავებენ? რეალურად მუშაობის დაწყებაც ახალი არ იქნება?
- სად არის გარანტია, რომ 3 წლის შემდეგ კლუბს მეპატრონე გამოუჩნდება?
- ამის გარანტიას სწორი მუშაობა მოგვცემს. დღეს გუნდის შეძენის სურვილი არავის აქვს, მაგრამ როცა სტრუქტურა დაიხვეწება, ლამაზად შეიფუთება, მსურველი აუცილებლად გამოჩნდება. სხვა მხრივ, სად არის გარანტია რომ კლუბის კერძო მფლობელი არ გაკოტრდება?
- ოპონენტები ამბობენ: რა გამოდის, ჩემი გადახდილი გადასახადიდან მოწინააღმდეგე უნდა დავაფინანსოო?
- რატომ მისი გადასახადებიდან? ეს არის სახელმწიფოს ბიუჯეტში შესული თანხა და სახელმწიფო თავად საზღვრავს პრიორიტეტებს. მისი გადასაწყვტია ფეხბურთში ჩადებს, კალათბუთში, ჭიდაობაში თუ სხვა სფეროში. მაშინ, რა ვუყოთ როცა ჩვენი გადასახადებიდან კერძო კლუბების უეფას თამაშებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყიდულობს, საშინაო მატჩების სატელევიზიო შემოსავალი კი კლუბის ანგარიშზე ირიცხება, ისევე როგორც ფეხბურთელების სატრანსფერო შემოსავლები. ისიც კერძო კლუბებს რჩებათ, თანაც ტრანსფერი არ იბეგრება. ჩვენს შემთხვევაში სატრანსფერო თუ სატელევიზიო თანხები ბიუჯეტს უბრუნდბა და ისევ ფეხბურთის განვითარებას ხმარდება.
მოკლედ, სერიოზული, თანმიმდევრული მიდგომაა საჭირო და თუ გავერთიანდებით, ყველასთვის სასარგებლო და მომგებიანი იქნება. ახლა საბიუჯეტო 5 გუნდია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი ლიგიდან დიდი ალბათობით, ასევე მუნიციპალური კლუბები - ცხინვალის “სპარტაკი” და ლანჩხურთის “გურია” გადმოვლენ.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0