x
image
worldsport.ge
უბრალოდ, კობი

image“ნაკრებში გატარებული თითოეული წამი ჩემთვის ბედნიერება იყო, ამიტომაც, მაინცდამაინც გამორჩევა არ მიყვარს და ვერც ხორვატიასთან გადამწყვეტ გოლსა და მოგებას გამოვარჩევ. ჩემთვის ყველა მატჩი დაუვიწყარია”;
“ნამდვილად ვერ მივალ და ვერ მოვითხოვ, ნაკრებში მათამაშეთ-მეთქი. თავად უნდა მიმხვდარიყვნენ”;
“ქართულ ფეხბურთში საქმიანობას ვაპირებ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე”;
“ჯერჯერობით, ვთამაშობ. 20 წლის ბიჭივით ვერ ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. რაიან გიგზივით 40 წლამდე - არა”;
ეს ამონარიდებია ლევან კობიაშვილის ინტერვიუდან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” აქვე შემოგთავაზებთ. არიან ფეხბურთელები, რომელთა გზას უკან გახედავ და მცირე პიროვნულ ხინჯსაც ვერ აღმოაჩენ. ნაკრებში მოთამაშეები მოდიოდნენ, რჩებოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ არავის არასოდეს ჰქონია მცირე გაუგებრობა ლევან კობიაშვილთან – ის ყველას უყვარს, პატივს სცემენ.
“კობი” 35 წლისაა და ბერლინის “ჰერტაში” შეუცვლელად თამაშობს, ნაკრებში კი, 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოუძახებიათ. ქართველი გულშემატკივარი ლევანის წერილს წაიკითხავდა, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა (http://www.worldsport.ge/ge/page/levan-kobiashvili-mivdivar-magram-davbrundebi).
კობიაშვილს გერმანიაში დავუკავშირდით:
-Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილით დავიწყოთ. რთულად გადასაწყვეტი იქნებოდა თქვენი მხრიდან.
- ურთულესი. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ნაკრებში თამაში ყოველთვის მეამაყებოდა და ახლაც ამაყი ვარ. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვთამაშობდი, თუმცა წლეულს დავიწყე და “ჰერტაში” სულ სასტარტოში ვარ. კარგა ხანია, ბავშვობის ასაკი გავიარე და ვგრძნობდი, რომ ნაკრებში აღარ გამომიძახებდნენ, მაგრამ მაინც მქონდა იმედი.
ჩემს განცხადებაში აქცენტი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე არ კეთდება. მწვრთნელის კომპეტენციაში ნამდვილად არასოდეს ჩავრეულვარ, სადაც არ უნდა მეთამაშა. უბრალოდ, დამოკიდებულებაა არასასურველი არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვა ფეხბურთელების მიმართ. აი, მაგალითად, რა მიმართვაც ფედერაციამ ადრე გააკეთა კახა კალაძის მიმართ, შემდეგ კი ჩემთან და ალექსანდრე იაშვილთან დამოკიდებულება. ხომ შეიძლება, ერთ რომელიმე მატჩზე მიიწვიო, თუნდაც, ნუ ათამაშებ. უბრალოდ, გულშემატკივარს შეეძლოს, რომ ფეხბურთელი გააცილოს ნაკრებიდან. დღეს გავიგე, ვიღაცას უთქვამს, თვითონ მოსულიყო კობიაშვილი და ეთქვა, რომ გამოსამშვიდობებელ მატჩში თამაში სურდაო. ჩემთვის დაუმსახურებლად 1 წუთიც კი არავის უჩუქებია მინდორზე. ნამდვილად ვერ მივალ და ვერ მოვითხოვ, ნაკრებში მათამაშეთ-მეთქი. თვითონ უნდა მიმხვდარიყვნენ. მითუმეტეს, ფედერაციაში მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები და უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
- თქვენი სანაკრებო კარიერა უცებ დასრულდა. ჯერ კიდევ წლინახევრის წინ. მაშინ იყო საუბარი, რომ ნაკრები მომდევნო ციკლში ასაკოვან ფეხბურთელებს შეელეოდა. თემურ ქეცბაიას პოზიცია როგორი იყო?
- საბერძნეთთან ჩავატარე ბოლო შეხვედრა. არ ვიცოდი, თუ ბოლო იქნებოდა. მატჩის შემდეგ ვუთხარი ქეცბაიას, ასეთი რამ გავიგე, რომ მომდევნო შესარჩევში ჩვენი გამოძახება არ იგეგმება და თქვენგან მოდის ეს ინიციატივა-მეთქი? არაო. მოგვიანებით ქეცბაიამ თქვა, რომ მისი სურვილი იყო, მე და იაშვილს თავად გვეთქვა ნაკრებიდან წასვლის შესახებ.
- ქეცბაიამ მაშინ თქვა, კობიაშვილს ვურეკავ და ვერ ვუკავშირდებიო.
- შესაძლოა, ვერ ვუპასუხე, მაგრამ შემდეგ მე დავურეკე და მათ შორის, ბელარუსთან მოგება მივულოცე. ასეთი თემა, ვფიქრობ, ტელეფონით არ უნდა გვარდებოდეს. პირისპირ შეხვედრას არაფერი უდგას წინ. წლეულს იანვარში ქეცბაია თურქეთში, ბელეკში იყო ფეხბურთელების თამაშის სანახავად. მისგან 50 მეტრში ცხოვრობდა “ბოხუმი” და ქეცბაიას იმის სურვილიც არ ჰქონია, გადასულიყო და ენახა იაშვილი.
კიდევ ვიტყვი: აქ აქცენტი ქეცბაიას გადაწყვეტილებაზე არ მაქვს. მწვრთნელია და ნაკრებში გამოძახება-არგამოძახების საკითხში მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
- დღეს გულშემატკივართა ჯგუფმა მოითხოვა, რომ საქართველო-საფრანგეთის მატჩზე გაგაცილონ.
- დიახ, გავიგე და მადლობა ყველას, თუმცა წეღანაც ვთქვი, მე ნამდვილად ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, მათამაშეთ-მეთქი. აქ გაცილებაზეა ლაპარაკი: ხომ ვნახეთ, რაგბის კავშირმა ირაკლი აბუსერიძე როგორ ღირსეულად გააცილა? ფეხბურთში რატომ არ უნდა ხდებოდეს ასე?
- ისე, თავად თუ აპირებთ გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებას?
- ალბათ, იქნება ეს მატჩი.
- ისევ ისეთ ფორმაში ხართ, როგორც დისკვალიფიკაციამდე იყავით? რაც უნდა იყოს, საკმაო დრო გაგიცდათ.
- რომ გითხრათ, 20 წლის ბიჭივით ვარ-მეთქი, ტყუილი გამომივა. თუმცა ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია. ფაქტია, “ჰერტაში” მენდობიან და მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებ. დისკვალიფიკაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდი მჭირდებოდა რიტმში ჩასადგომად. მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად იმოქმედა: სანამ II ბუნდესლიგა განახლდებოდა, ამხანაგურ მატჩებში ვთამაშობდი ხან ერთ ტაიმს, ხან 90 წუთს და ეს ძალიან დამეხმარა.
- ურთულესი პერიოდი გქონდათ. თქვენს ასაკში ბევრი თავს დაანებებდა თამაშს. ვინ გედგათ გვერდში ყველაზე მეტად?
- კარიერაში მძიმე ტრავმა არასოდეს მქონია, ამდენად, დიდი დრო არასოდეს გამცდენია. და უცებ 7-თვიანი დისკვალიფიკაცია... ძალიან გამიჭირდა. მიფიქრია: “რატომ მივდივარ ვარჯიშზე? რისთვის? მაინც ვერ ვითამაშებ შაბათს...” იყვნენ ადამიანები, რომლებიც მამხნევებდნენ – გერმანიაშიც და უფრო მეტად, საქართველოდან. ოჯახი, მეგობრები. იცით, მე თვითონ მივიჩნევდი, რომ არ ვიმსახურებდი კარიერის ასე დასრულებას.
- როდემდე აპირებთ თამაშს?
- ჯერჯერობით, ვთამაშობ. ამ სეზონში კარგად მიგვდის საქმე და მერე ვნახოთ. ახალი სეზონიდან კი, იმედია, ბუნდესლიგაში ვიქნებით. რაიან გიგზივით 40 წლამდე არ ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით, ვთამაშობ და ვგრძნობ, რომ სარგებლის მოტანა შემიძლია.
- ფაქტობრივად, გადასულები ხართ ბუნდესლიგაში. 7 ტური დარჩა და მესამეადგილოსანს 13 ქულით უსწრებთ.
- ზუსტად არ ვიცი, რამდენი ქულა გვაკლია მიზნამდე, მაგრამ ახლოს ვართ. ლიდერები ვართ და მომდევნო ტურში მეორეადგილოსან “ბრაუნშვაიგს” ვეთამაშებით. მესამე და მეოთხეზე მყოფი გუნდებიც ერთმანეთს ხვდებიან.
- ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს უყურებთ და საინტერესოა ლევან კობიაშვილის აზრი – რა სიახლეებს ხედავთ ნაკრების ბოლოდროინდელ მატჩებში?
- რამდენჯერ დამწყვეტია გული, ნეტავ მეც ვიყო ნაკრებში-მეთქი. ძალიან მტკიოდა ნაკრების გარეშე ყოფნა. ბოლო მატჩზე ვიტყვი, რომელიც საფრანგეთთან 1:3 წავაგეთ. კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ საფრანგეთთან 1:3 წაგების გამო მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნა არასწორია. რეალისტები უნდა ვიყოთ, საფრანგეთთან 1:3 წაგება ჩვენთვის ტრაგედია არაა. აქ ვუყურებ, როგორ თამაშობს ფრანკ რიბერი და ვიცი, რას ნიშნავს მის წინააღმდეგ თამაში. საქართველოს ნაკრებს კი არა, საუკეთესო გუნდებს უჭირთ მისი შეჩერება. რა თქმა უნდა, იყო სხვა ნიუანსები, რომლის გამო შეიძლება მწვრთნელის გაკრიტიკება, თუმცა გადადგომაზე საუბარი ასეთი მატჩის შემდეგ არასწორია. მაგალითად, გამიკვირდა, რატომ არ ითამაშა თავიდანვე ლევან ყენიამ – ვუყურებ მის თამაშებს “კარპატიში” და მშვენიერ ფორმაშია.
- მიიჩნევთ, რომ ნაკრებმა უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს? რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, როცა მეტოქე ესპანეთი ან საფრანგეთია.
- ჩემი მხრიდან არასწორი იქნება მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა. უბრალოდ, ჩემი აზრია, რომ წინა ხაზში დღეს უფრო არიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ უფრო შემტევი შეიძლება გახდეს თამაში. ჩამოვთვლი ფეხბურთელებს: ოქრიაშვილი, ყენია, თარგამაძე, კობახიძე – მათ თამაშის პრაქტიკაც აქვთ და გამწვავების უნარიც შესწევთ. თუმცა, როგორც ვთქვი, ქეცბაიას გადასაწყვეტია: კონტრაქტი და შემოსავალი იმიტომ აქვს, რომ ნაკრებისთვის საუკეთესო თამაშის გზები ეძებოს - ის გზა, რომელიც შედეგს მოიტანს.
- აქვე, ერთი საინტერესო საკითხი: გუშინ-გუშინწინ არ დაწყებულა საუბარი, რომ ლევან კობიაშვილმა, შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში იყაროს კენჭი. რას იტყვით?
- ასე ვიტყვი: ქართულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილი მაქვს. ვფიქრობ, გერმანიაში წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა ქართულ ფეხბურთს უნდა მოვახმარო და ეს შემიძლია. დავბრუნდები, მაგრამ მაინცდამაინც ფედერაციის პრეზიდენტად მეთქი, ამას ვერ ვიტყვი და ასე არც დგას საკითხი.
დღეს ხშირად საუბრობენ ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და მე სხვაგვარად ვფიქრობ. სულაც არაა აუცილებელი. სიჭინავას დელეგატებმა დაუჭირეს მხარი და კი ბატონო, იმუშაოს. რას აკეთებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, მუშაობს. თუ პასუხია მოსათხოვი, მაშინ იმ დელეგატებს მოსთხოვონ, ვინც მას ხმა მისცა. ზოგჯერ ხდება, რიგგარეშე არჩევნების საკითხი წამოიწევა და ხალხი, რომელიც მანამდე სულ ჩუმადაა, უცებ გადაეფარებიან ხოლმე სიჭინავას. არაა საჭირო. მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფეხბურთშიც უნდა შეიცვალოს მთავრობა? თუმცა, კარგი იქნება, თუ ფედერაცია ფეხბურთელებს პატივისცემით მოეპყრობა.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე ყველა მოვლენას თვალყურს ადევნებთ. ეროვნულ ჩემპიონატსაც უყურებთ?
- რა თქმა უნდა. თუ ამის საშუალება არის, აუცილებლად. სხვაგვარად ჩემთვის წარმოუდგენელია.
- გასაგებია. თქვენი დისკვალიფიკაცია მსაჯ ვოლფგანგ შტარკის “დამსახურებაა”. მას შემდეგ შემთხვევით მაინც თუ შეხვედრიხართ?
- არა. მოედანზე ვერ შევხვდებით, რადგან “ჰერტას” თამაშების მსაჯობა აკრძალული აქვს. ასევე აუკრძალეს “დორტმუნდის” მატჩების მსაჯობა – შემოდგომაზე მათ რაც გაუკეთა “ვოლფსბურგთან”, დიდხანს იყო სალაპარაკო თემა. სხვაგან სად უნდა შევხვდე: სტუმრად მე არ მივალ მასთან და ის არ მოვა ჩემთან. არც მე მაქვს ამის სურვილი და არა მგონია, მას ჰქონდეს.
- თქვენ ინტერვიუში თქვით, ფელიქს მაგათი ძლიერი სპეციალისტიაო. ცნობილია, რომ მასზე ნაწყენი იყავით.
- არც მაგათთან მაქვს კავშირი. ძლიერ სპეციალისტად ნამდვილად მივიჩნევ და მისგან ბევრი ვისწავლე, მაგრამ როგორც პიროვნება, მაგათი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ბევრ ფეხბურთელთან შეეშალა და მათ შორის, ჩემთან. თუნდაც ის, რაც მაგათმა ყენიასთან მიმართებაში გააკეთა...
- თავად არ გიფიქრიათ მწვრთნელობაზე?
- არა. ჯერჯერობით არა და შემდეგ ვნახოთ. არიან ფეხბურთელები, რომლებიც 25 წლის ასაკში უკვე დარწმუნებულნი არიან, რომ მწვრთნელად იმუშავებენ. მე - არა.
- რატომ? ნერვები?
- არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, არ მიზიდავს მწვრთნელობა. “ჰერტასთან” კონტრაქტში მიწერია, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბში შემიძლია მუშაობა. ჯერჯერობით, კონკრეტულად არ მაქვს მოფიქრებული. ალბათ, მენეჯმენტში იქნება სამსახური.
- გერმანულ გრანდებზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, “ბაიერნსა” და “დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი რამდენად აქვთ?
- შანსი აქვთ. ვნახოთ, თუ გაუწევენ კონკურენციას “ბარსელონასა” და “რეალს”. წილისყრის შედეგები მესიამოვნა, ნაადრევი ფინალი და ასეთები აგვცდა. ვფიქრობ, “დორტმუნდს” “ბაიერნზე” ოდნავ მეტი შანსი აქვს, რადგან ჩემპიონატი ვერ მოიგო, თასზეც გავარდა და მთელი გონებით ლიგაზეა.
- “დორტმუნდი” ძლიერი კლუბია და ნეიტრალური მაყურებლის სიმპათიასაც იმსახურებს, მაგრამ გამოუცდელი ხომ არაა იმ თამაშებისთვის, რასაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი სტადია ჰქვია?
- ერთის მხრივ, შესაძლოა, გამოუცდელობის მომენტმა იმოქმედოს, მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდია. სასიამოვნო ფეხბურთსაც თამაშობენ. “რეალს” შინ მოუგეს, სტუმრად ფრედ ითამაშეს. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.
- და ბოლოს, კარიერის განმავლობაში ლევან კობიაშვილის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელი იყო?
- ყოველთვის ვამბობ - ნეტავ, საქართველოს ნაკრებმა ისეთი მატჩები ჩაატაროს, რომ ხორვატიასთან მოგება საერთოდ არ გაგვახსენდეს. ნაკრებში გატარებული თითოეული წამი ჩემთვის ბედნიერება იყო, ამიტომაც, მაინცდამაინც გამორჩევა არ მიყვარს და ვერც ხორვატიასთან გადამწყვეტ გოლსა და მოგებას გამოვარჩევ. ჩემთვის ყველა მატჩი დაუვიწყარია. პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან ჩავატარე, ოსლოში ამხანაგური 0:1 წავაგეთ. გოლი გავუშვით პენალტიდან, რომელიც ჩემი შეცდომის გამო დაინიშნა.
- თუმცა, გვახსოვს ის მატჩი და საკმაოდ კარგად ითამაშეთ.
- ასე იყო, მაგრამ მაინც. მესმის, უფრო ხშირად ვაგებდით და შესაბამისად, ტკივილიც მეტია, მაგრამ საქართველოს სახელით გამოსვლა სულ სხვა იყო. ბოლო პერიოდშიც ისე ბავშვივით ველოდებოდი ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სიას, როგორც პირველი მატჩისას.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
89
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0