ჩაცმა-დახურვის თემა ხომ ნებისმიერი ქალისთვის საკრალური თემაა და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ამაზე, მე მგონი არასოდეს მოგვბეზრდება. ამჯერადაც ორიგინალური იდეებით მოვედი თქვენთან. ინტერნეტში ქექვისას ძალიან საინტერესო ლუქები აღმოვაჩინე, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ. წლევანდელი წელი რომ "ერთი ზომით დიდი" სამოსის წელია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, ამიტომ თამამად მოირგეთ განიერი ნაქსოვი ჯემპრები, ფართხუნა პალტოები, გალიფე შარვლები.. უფრო მეტიც, ერთი ორი ჯინსის შარვალი რომ ქმარს ან შეყვარებულს "წაართვათ" არც ეგ იქნება საუკუნის დანაშაული, რადგან "ბოიფრენდ ჯინსები" ამ სეზონზეც აქტუალურ ტრენდად რჩება. არანაკლები ყურადღება მიაქცეთ ფერებს და პრინტს, რაც უფრო ორიგინალურად "მოხატულ" ან მოქარგულ სამოსს ჩაიცმევთ, მით უფრო მოდური იქნება თქვენი იმიჯი.