ქალი და მამაკაცი შეყვარებულის დაბრუნების ორიგინალური მეთოდი 2012, 9 ნოემბერი, 21:14 27 წლის ბიჭი ვარ, ცისფერი თვალებით, სწორი ცხვირით, თეთრი სახის კანით, გრძელი წამწამებით. არ იფიქროთ, რომ ტრანსსექსუალური გადახრები მაწუხებს ან პარტნიორის შოვნა გამიჭირდა და თქვენი დახმარება მჭირდება, უბრალოდ ისტორია მინდა მოგიყვეთ, რისთვისაც ჩემი გარეგნობის აღწერა აუცილებელია. მოკლედ, ქალივით დახვეწილი სახის ნაკვთები მაქვს, რაც ზოგ მამაკაცს ხშირად აღიზიანებს, მათ შორის მეც, თუმცა ეს "ნაკლი" ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში დამეხმარა. მყავდა ულამაზესი შეყვარებული. თითქმის წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრები, ერთ დღეს კი ვიგრძენი, რომ გაცივდა. ჩემ გვერდით იყო, მაგრამ სხვაზე ფიქრობდა. მიზეზით დავინტერესდი, ის ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელი იყო, არც ამჯერად უცდია ჩემი მოტყუება. მითხრა, ერთი ადამიანი გავიცანი, მასზე ფიქრმა ძალიან გამიტაცა, დრო მჭირდება საკუთარ გრძნობებში გავერკვეო. სხვა რა გზა მქონდა, დავპირდი ერთი კვირა აღარ დაგირეკავ, როცა მოგენატრები თავად დამირეკე მეთქი. ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი, სახლამდე მივაცილე და ერთმანეთს დავშორდით. როცა შინ დავბრუნდი, ბოღმისგან ლამის გული გამხეთქოდა. უდავო იყო, ასე მორჩილად მის დაკარგვას ვერ შევეგუეოდი. გადავწყვიტე მისთვის მეთვალთვალა. მეორე დღიდან ქეთის კორპუსის წინ ვათენ-ვაღამებდი. ერთ საღამოს ის ვაჟბატონიც გამოჩნდა. ჯიპით მობრძანდა, მანქანა კორპუსის წინ გააჩერა, თვითონ გადმოვიდა და როცა ქეთი ეზოში გამოვიდა, ხელზე აკოცა, მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომაშიც დაეხმარა. როცა ჯიპი ადგილიდან დაიძრა, მეც მანქანით გავყევი. იმ ბიჭმა დიღომში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შეიყვანა ქეთი და კუპეშიც განმარტოვდნენ. მათ გამოსვლას ორი საათი ველოდი. ქეთი შესანიშნავ ხასიათზე იყო. სწორედ ისეთივე ალერსითა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა, როგორც მე ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში. ეს უკვე მეტისმეტი იყო, მოქმედების უფრო აქტიური სტრატეგია უნდა ამერჩია. ქეთის მეგობრისგან გავიგე, რომ იმ ტიპს მეორე დღეს რესტორან "ძველ სახლში" ხვდებოდა, დანიშნულ ადგილზე ქეთი თავად უნდა მისულიყო მეგობრის თანხლებით. შეხვედრა 9 საათისთვის იყო დანიშნული. დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, რომ შეყვარებული "რომეო" ცოტა ადრე მივიდოდა, მეც ამ წუთებით უნდა მესარგებლა. თუმცა რესტორანში მისასვლელად დიდი სამზადისი დამჭირდა. პირველ რიგში ძმაკაცს დავურეკე და ჩემს სახლში დავიბარე. კარი რომ შემოაღო, მე უკვე აბაზანაში ვიყავი და ფეხებს ვიპარსავდი, იქვე ქალის ხუჭუჭთმიანი ქალის პარიკი იყო ჩამოკიდებული. ჩემმა მეგობარმა ჯერ ეჭვით შემომხედა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, შემდეგ კი სიცილი აუვარდა. ცოტა ხანში სააბაზანო პროცედურას მოვრჩი და სარკეს მივუჯექი. ჯერ წარბები დავიგლიჯე, შემდეგ ტონალური კრემი წავისვი და სუფთად გაპარსულ სახეზე დედაჩემის კოსმეტიკა წავისვი. მინდოდა ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩამეცვა, მაგრამ მივხვდი რომ ამდენს ვერ გავქაჩავდი და ჩემი დის მოკლე კაბა ჩავიცვი, ფეხზე კი შავი წინდები და ბოტასები. როცა პარიკიც გავიკეთე და სარკეში ჩავიხედე, ისეთი გოგო ვიყავი, ლამის საკუთარი თავი შემიყვარდა. სახლიდან მე და ჩემი მეგობარი ჩუმად გავედით, რომ მეზობლებს არ შევემჩნიეთ. ქეთის მოსვლას 15 წუთი აკლდა, როცა რესტორანთან იმ ბიჭის ჯიპი გაჩერდა. ქეთის ახალი შეყვარებული თავდაჯერებული ნაბიჯით შევიდა დარბაზში, ოფიციანტს მენიუ შეუკვეთა და მაგიდას მიუჯდა. უკვე მოქმედების დრო იყო. თმა შევისწორე და გრაციოზული მოძრაობით შევედი დარბაზში. დამსწრე საზოგადოების პირველმა რეაქცია ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სხვადასხვა სუფრასთან მჯდომი ყველა მამაკაცის მზერა ჩემკენ იყო მომართული. თვალი გადავავლე ჩემით მოხიბლულ ყველა მამაკაცს და ქეთის რჩეულს მივაშტერდი, ის კიდევ უფრო მეტი ინტერესით დამაკვირდა, მე კი გავუღიმე და მის გვერდით თავისუფალ მაგიდასთან მოვკალათდი. "რომეომ" რამდენიმე წუთი გაუძლო ცდუნებას, შემდეგ კი მომიახლოვდა და მაგიდაზე პატარა ბარათი დამიდო, რომელზეც მისი მობილურის ნომერი ეწერა. სწორედ ამ დროს შევნიშნე, რომ დარბაზში ქეთი შემოვიდა, ხელი შემოვხვიე ჩემკენ დახრილ მამაკაცს და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წამი წინააღმდეგობა არ გაუწევია. როცა უხერხულობა იგრძნო, წამოიწია და დარბაზს მოავლო თვალი - მის უკან ფერდაკარგული ქეთი იდგა. ამ ამბის შემდეგ მე და ჩემი შეყვარებული შევრიგდით, ქეთის რესტორნის ეპიზოდი არც უხსენებია, არც მიზეზი აუხსნია, რატომ დაშორდა იმ მამაკაცს. 1300 12-ს მოსწონს 1-ს არა
|