ქალი და მამაკაცი პატარა გოგო შემიყვარდა 2012, 23 ნოემბერი, 23:56 ერთ სოლიდურ ფირმაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა მიკავია. როგორც იტყვიან, მატერიალურად აბსოლიტურად უზრუნველყოფილი კაცი ვარ. მართალია, სოლიდური ასაკი მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამიყრია ფარ-ხმალი. არც წლები მეტყობა - საკმაოდ ახალგაზრდულად გამოვიყურები და შემიძლია ვთქვა, არც ქალების ყურადღების დეფიციტს განვიცდი. ცოლს დიდი ხნის წინ გავშორდი, შვილები დიდები არიან, თანაც ყურადღებას და დახმარებას არ ვაკლებ და, ჩემი აზრით, სრული უფლება მაქვს, პირად ცხოვრებაზეც ვიფიქრო. რაც ცოლს გავცილდი, "გულაობა" არ დამიკლია. ქალებს ლამის ყოველთვე ვიცვლიდი და ვერ წარმოვიდგენდი, ამ ასაკში თუ ვინმე შემიყვარდებოდა. ის კი არა, სასაცილოდ არ მყოფნიდა, როცა ჩემი ძმაკაცები სიყვარულზე ლაპარაკობდნენ ხოლმე. სხვებს დავცინოდი, ახლა კი თავად გავები სიყვარულის მახეში. ასეთ მდგომარეობაში ახალგაზრდობაშიც არ ვყოფილვარ. თათა ჩვენი ახალი ფიარ-მენეჯერი, პირველად რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა და მივხვდი, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვუმხელ გრძნობას, რადგან ასაკით შვილად შემეფერება და მეშინია, არ დავაფრთხო. ჯერჯერობით ვარჩიე, დავმეგობრებოდი. ეტყობა ეს ფანდი კარგად გამომივიდა, რადგან თვითონაც მომენდო და უჩემოდ ნაბიჯსაც აღარსად დგამს. იმდენად დარწმუნებულია ჩემს მეგობრულ გრძნობებში, რომ მესაიდუმლედ გამიხადა, ყველაფერს მიყვება თავისი თაყვანისმცემლების შესახებ და რჩევას მე მთხოვს ხოლმე. თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს, ბოლო ხანებში ეშმაკობას მივმართე: ვიცი, რომ ჩემი ყველაფერი სჯერა და ისეთ რჩევებს ვაძლევ, რომ ჩემს წისქვილზე დავასხა წყალი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ჩემი აზრით, მალე დადგება ის დღე, როცა თათას სიყვარულში გამოვუტყდები და ხელს ვთხოვ. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ მეტყვის. 2392 14-ს მოსწონს 1-ს არა
|