ახალი მთავრობა არჩევნებამდეც აკრიტიკებდა იმ დახარჯულ მილიონებს, რომლითაც ძველი მთავრობა კომფორტს იქმნიდა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტის რეზიდენცია სასტუმროდ გადაკეთდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია
"მაესტროსთან" საუბარში განაცხადა. "აბსოლუტურად შესაძლებელია, პრეზიდენტის ზოგიერთი რეზიდენცია რომელიმე კომპანიას გადაეცეს, რომელიც ინვესტირებას განახორციელებს და მას დანიშნულებას შეუცვლის. ამაზე ახლა კონკრეტული საუბარი ნაადრევია, თუმცა, არსებობს გარკვეული მოსაზრებები. უშუალოდ ავლაბრის რეზიდენციაში სრულიად შესაძლებელია სასტუმრო გაკეთდეს. ის საკმაოდ საინტერესო ადგილზეა - თბილისის ისტორიულ ცენტრში, იქიდან კარგი ხედებია. მთავარია, რომ ეს ხელს არ შეუშლის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას", - განაცხადა ხადურმა "მაესტროს" ეთერში. ამ ყველაფერს საზოგადოებაში განსხვავებული აზრი მოჰყვა. ზოგი ამბობს, რომ კარგი იქნება ეს თუ ასე მოხდება და ავლაბარში სააკაშვილის რეზიდენციის მაგივრად კარგ სასტუმროს იხილავენ. რაც შეეხება მეორე აზრს, მათი თქმით რატომ არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს რეზიდენცია? ზუსტადაც უნდა ჰქონდეს კიდევ უკეთესი რეზიდენცია. ასევე საზოგადოების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილმა გააუქმოს თავისი ბიზნეს ცენტრი და იმ ადგილზე დასასვენებელი ბაღი გააკეთონო.