x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ
საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ


ეპოქას, როცა ჩვენი სამყაროს გაჩენის პირველ მილიწამებში ის უსწრაფესად გაფართოვდა, ინფლაცია ეწოდება. ინფლაციური ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი სამყაროს წარმოქმნიდან 1 წამიც კი არ იყო გასული. ამ დროს კოსმოსი უსაშველოდ და ძალიან სწრაფად გაფართოვდა. ინფლაციის შემდეგ სამყარომ გაფართოება კვლავაც განაგრძო, თუმცა პირვანდელთან შედარებით, უფრო ნელი ტემპით. ის დღეს აჩქარებულად ფართოვდება. ეს 1998 წელს Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებზე დაკვირვებით გახდა ცნობილი. სამყაროს წარმოშობიდან 13.8 მილიარდზე მეტი წლის გასვლის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით ის ისევ ფართოვდება და რაც უფრო შორსაა რომელიმე გალაქტიკა ჩვენგან, მით უფრო სწრაფად გვშორდება. რაც უფრო დიდი მანძილია ობიექტებს შორის, სამყაროს გაფართოებისას ეს მანძილი უფრო მეტად იზრდება დროს თითოეულ მონაკვეთში. სინათლე, რომელიც სამყაროს გაფართოების პროცესში ჩვენგან დაშორებული ობიექტებიდან ჩვენამდე მოდის, სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის. ამ დროს სინათლე იწელება ანუ სინათლის ტალღების სიხშირე და ფოტონების ენერგია მცირდება, სიგრძე კი იზრდება. სამყაროს გაფართოების სიჩქარეს ჰაბლის მუდმივა ეწოდება, ვინაიდან მას ჰაბლის კანონი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც გალაქტიკების სპექტრთა წითელი წანაცვლება ამ ობიექტებამდე მანძილის სიდიდის პირდაპირპროპორციულია. ჩვენი სამყაროს გაფართოების სიჩქარე ცვალებადია დროში - 21-ე საუკუნეში ეს სიჩქარე არის 73 კმ/წმ მეგაპარსეკზე. პარსეკი კოსმოსური მასსთაბების მანძილთა გასაზომად გამოიყენება და 3.26 სინათლის წელს უდრის (ამგვარად 1 მეგაპარსეკი = 3.26 მილიონი სინათლის წელი). ვარსკვლავებს, რომელზე დაკვირვებამაც მიგვიყვანა დასკვნამდე რომ სამყარო ფართოვდება, ეწოდება ცეფეიდები. ცეფეიდებს კოსმოსურ ნიშნულებს უწოდებენ რომლებიც გალაქტიკური და გარეგალაქტიკური მანძილების გაზომვაში გვეხმარება. მათი სიკაშკაშე და ნათების პერიოდულობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ ერთი მაჩვენებლით მეორის განსაზღვრა და სინათლის წყარომდე არსებული დისტანციის დადგენაა შესაძლებელი. სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას ხელს უწყობს და განაპირობებს ბნელი ენერგია, რომელიც დიდ მასშტაბებზე მოქმედი უცხო ენერგიაა. რომ არა ეს ენერგია, სამყაროს გაფართოება დროთა განმავლობაში შენელდებოდა. თუ მომავალში ეს ენერგია შემცირდება, სამყაროს გაფართოების სიჩქარეც პირდაპირპროპორციულად შემცირდება. 21-ე საუკუნეში დამზერადი სამყარო ვრცელდება 93 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კონკრეტული სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა, ის ფართოვდება და იზრდება იმდენად, რომ ჩვენი სამყაროს საერთო ზომასთან შედარებით ჩვენ მიერ დამზერადი სამყარო უმცირესი წერტილია. ჩვენი სამყაროს ზომა შესაძლოა არა მხოლოდ ტრილიონობით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ მიერ დამზერადი სამყარო, არამედ უსასრულოდ დიდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, სამყაროს გაფართოების პარალელურად, დამზერადი კოსმოსის ჰორიზონტიც ფართოვდება. თუ მომავალში შემცირდება ე.წ. "ბნელი ენერგია", მაშინ დამზერადი კოსმოსის ჰორიზონტი გაგვეზრდება და უფრო და უფრო მეტ მანძილზე დავინახავთ თუ რა ხდება. მაგრამ თუ ბნელი ენერგია გაიზრდება ან იგივე დარჩება, მაშინ დამზერადი კოსმოსის ჰორიზონტი (ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყარო) ჩაიკეტება, იგივე ზომის დარჩება და ვეღარასოდეს დავინახავთ თუ რა ხდება მის მიღმა. ქართველი ფიზიკოსის, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორის, გია დვალის აზრით, დროთა განმავლობაში ბნელი ენერგია დაიშლება, შესაბამისად შემცირდება სამყაროს გაფართოების სიჩქარე და შესაბამისად, უფრო და უფრო გაიზრდება ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს ჰორიზონტი უსასრულოდ.



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II


3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0