საქართველო ივანიშვილის და სააკაშვილის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ 2012, 9 ოქტომბერი, 15:56 პრეზიდენტის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა და მომავალმა პრემიერ მინისტრმა განცხადებები გააკეთეს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მათი შეხვედრა, ეს იყო გაგრძელება ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მან და მისმა გუნდმა შემოიტანა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში და მათ მოახერხეს შეექმნათ პრეცენდენტი ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლისა და ყველა უღირს ქცევას ოპონენტების მხრიდან ღირსეულად პასუხობდნენ და სწორედ ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზეზი. ასევე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი თავის ოპონენტებს მოექცევიან ისე, როგორც იმსახურებს ამას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი და ჩვენი კულტურაო. მან აღნიშნა, რომ მათ საუბარი ჰქონდათ საგარეო პოლიტიკაზე, მათი შეხედულებები საგარეო პოლიტიკის შესახებ თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან, ევროპა და ევრო-ატლანტიკური სივრცე მათი სტრატეგიაცაა და გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების სტრატეგიისა, მათი სწრაფვა იქნება ის, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს იყო ისტორიული პროცესი, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ მათ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ და ეროვნულ საკითხებზე. იგი როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველყოფს რომ მთავრობის გადასვლა მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია და მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოში და ქართველ ხალხს უნდა შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა მათ მოახერხეს ამ პროცესის კონსტიტუციურად წარმართვა. მან ხალხს უსურვა წარმატება და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ექნება კარგი მომავალი და ისინი, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, იქნებიან ამ მომავლის ნაწილი. ორივე ლიდერი თვლის, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. 124 6-ს მოსწონს
|