x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სათბური გაზების და გლობალური დათბობის დონემ რეკორდულ ზღვარს მიაღწია. ცოტა დრო რჩება
ნახშირორჟანგის დონემ პლანეტის ატმოსფეროში უკვე 54 მილიარდ ტონას მიაღწია, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი და ძალიან საგანგაშო მაჩვენებელი გახლავთ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ ადამიანმა დედამიწის საშუალო ტემპერატურის 1, 14 °C-ით მატება გამოიწვია. მაგრამ დღეს ეს მაჩვენებელი ყოველ ათწლეულში უკვე უპრეცედენტო 0, 2 °C-ით იზრდება.


ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს არის დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატება, ხოლო ხმელეთზე გაზომვად საშუალო ტემპერატურას რაც შეეხება, ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო სწრაფადაც კი იზრდება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმელეთი — სწორედ ის სივრცე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველწლიურად საშუალოდ 0, 04 °C-ით თბება.


ეს არის უახლესი მონაცემები, რაც მთელი მსოფლიოს 50-მა კლიმატოლოგისგან შემდგარმა გუნდმა ბოლო ხანებში გამოაქვეყნა.


ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრძელვადიან 1, 5 °C-იან მიჯნას, რითაც გლობალური ტემპერატურის მატება უნდა შემოიფარგლებოდეს, ჩვენ ძალიან მალე მივუახლოვდებით. მკვლევარების აზრით, 50 %-იანი შანსი იმის, რომ ეს საბედისწერო მიჯნა დაირღვევა, უკვე არსებობს.



ბოლო წლებში სათბური გაზების გამოყოფა მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის დაბინძურება შემცირდა. დღეს ხმელეთის საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის მიწურულის ხმელეთის დაშუალო ტემპერატურას უკვე 1, 74 °C-ით აღემატება.


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 1, 74 გრადუსი არ არის მაინცდამაინც საგანგაშო მაჩვენებელი, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ აქ საუბარია მთელი ხმელეთის საშუალო ტემპერატურაზე, რაც მის ცალკეულ არეალებში წინანდელზე გაცილებით უფრო მაღალ სიცხეს და დარღვეულ ეკოლოგიურ ბალანსს ნიშნავს. ეს ნიშნავს სულ მცირე, რამდენიმე გრადუსით ტემპერატურის მატებას მის ცალკეულ არეალებში, რასაც ფლორასა და ფაუნაზე გამანადგურებელი ზეგავლენა და ჯაჭვური რეაქცია შეიძლება მოჰყვეს.


ამრიგად, გლობალური დათბობა ისევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად. უკრაინის ომის ფონზე მისმა აქტუალობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ძველებური მნიშვნელობა მას ამით მაინც არ დაუკარგავს: ის ისევე ემუქრება კაცობრიობის არსებობას ამ პლანეტაზე, როგორც ყოველთვის, ბოლო ათწლეულების მანძილზე.


დათბობა

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0