x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ფუტურისტი: “ადამიანები 7 წელიწადში უკვდავები გახდებიან”

ყველა კარგად ვხედავთ, რომ კაცობრიობა ყოველწლიურად გიგანტური ნახტომებით მიიწევს წინ ტექნოლოგიური განვითარების გზაზე. უკვე გაჩნდა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ავტომანქანას რამდენიმემილიონიან მეგაპოლისში უშეცდომოდ მართავს; ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი აფიქსირებს დღემდე უცნობ ვარსკვლავებს და მათ ირგვლივ მბრუნავ ეგზოპლანეტებს; “ნასა” მარსზე განსახორციელებელი მისიისთვის ემზადება; გარღვევა გვაქვს ნანოტექნოლოგიებსა და უჯრედების კვლევაში. მხოლოდ გასული 10-20 წლის მანძილზე თანდათანობით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა ის, რაც წინათ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა.


ეს ყოველივე ბევრ მეცნიერსა და მოაზროვნეს კიდევ უფრო დაუჯერებელ და ფანტასტიკურ აზრებს აღუძრავს. ზოგიერთი მათგანის შეხედულებით 2030 წლამდე კაცობრიობამ შესაძლოა უკვდავება მოიპოვოს.


ამგვარ პროგნოზს აკეთებს ფუტურისტი რეი კურცვაილი. მისი აზრით მომდევნო 7 წელიწადში ტექნოლოგიური პროგრესი იმხელა სიმაღლეებს დაიპყრობს, რომ ადამიანების სიცოცხლე უსასრულოდ გახანგრძლივდება. კურცვაილის აზრით ეს მიკროსკოპული (50-100 ნანომეტრის) სიდიდის ნანობოტების დამსახურებით გახდება შესაძლებელი, რომლებიც მალე ჩვენს სისხლძარღვებში იმოძრავებენ, ჩვენს ორგანიზმში დაზიანებულ და საფრთხის შემცველ არეალებს შეაკეთებენ და გენეტიკურ კოდში ცვლილებებს შეიტანენ.


კურცვაილის აზრით ნანობოტები მედიცინის მომავალია. სხვათა შორის, ანალოგიურ აზრზეა სხვა ბევრი სერიოზული სპეციალისტიც. ნანოთერაპია დღეს მედიცინაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება, თუმცა თანამედროვე პირობებში ეს დარგი იმგვარად დახვეწილი ვერ არის, რომ ნანობოტების მეშვეობით უჯრედულ დონეზე დაბერების პროცესის ბლოკირება მოვახერხოთ, რასაც კურცვაილი იმედოვნებს.



2016 წელს PBS News-თან ინტერვიუში კურცვაილმა განაცხადა: “ჩვენ ათასწლეულების მანძილზე ვზრდიდით ჩვენი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 1023 წელს ადამიანი საშუალოდ 19 წელიწადს ცოცხლობდა. 1800 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 37 წელიწადს მიაღწია. დღეს ჩვენ იმ გზაგასაყარზე ვიმყოფებით, როცა 10-15 წელიწადში მივაღწევთ წერტილს, როცა ჩვენს დარჩენილ წლებს იმაზე მეტი წლები დაემატება, ვიდრე დაგვაკლდება. ადამიანები დღეს საუბრობენ: “ოჰ, მე არ მსურს 90 წელზე უფრო დიდხანს ვიცოცხლო.” მაგრამ იცით, მე 90 წლის ადამიანებს ვესაუბრე და მათ სურთ 91 ან 100 წლის ასაკს მიაღწიონ. მომავალში ჩვენ შევძლებთ ყველა დაავადების დამარცხებას, დაბერების პროცესის შეჩერებას და ჩვენი სიცოცხლის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივებას.”


რეი კურცვაილმა სახელი იმით გაითქვა, რომ მისი პროგნოზები მართლდება. 1990 წელს მან იწინასწარმეტყველა, რომ 2000 წლისთვის კომპიუტერი ჭადრაკში ადამიანს დაამარცხებდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა ინტერნეტის სწრაფი ზრდა და კაცობრიობის გადასვლა უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებაზე. თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება მაინც სინგულარობას უკავშირდება. კურცვაილი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობა 2045 წელს სინგულარობას მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მანქანური ინტელექტი ადამიანურს გაუტოლდება და გაუსწრებს.


მაგრამ როგორც ყოველთვის, არსებობს ერთი ”მაგრამ.” ეს არის სწორედ ის ”მაგრამ, ” რაზეც ჯერ კიდევ ანრი ბერგსონი საუბრობდა: უფსკრული ადამიანის ტექნოლოგიურ პროგრესსა და მორალურ განვითარებას შორის; ნანოტექნოლოგია, რომელიც იმდენად დახვეწილი იქნება, რომ მისი მეშვეობით სიბერის და ყველა დაავადების დამარცხებას შევძლებთ, ბნელი ძალების ხელში ისეთ საზარელ იარაღად შეიძლება გადაიქცეს, რომელთან შედარებით ატომური ბომბი ბავშვურ გასართობად მოგვეჩვენება.


ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პლანეტის ყველაზე ნიჭიერმა ადამიანებმა ეს საფრთხე ვერ შეამჩნიონ და მსგავს ტექნოლოგიაზე განსაკუთრებული ენთუზიაზმით გადაწყვიტონ მუშაობა. შესაბამისად 2030 წლისთვის სიკვდილის დამარცხება ალბათ მაინც მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზია.


უკვდავება

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0