საქართველო არგუმენტები: რატომ არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისთვის? 2023, 13 მარტი, 10:10 8 მარტს, მრავალათასიანი საერთო-სახალხო პროტესტის შემდგომ ირაკლი კობახიძემ, რომელიც მმართველი პრორუსული პარტია “ქართული ოცნების” ფორმალურ ლიდერს წარმოადგენს, შემდგომი ხასიათის განცხადება გააკეთა:
“ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ!” წინა სტატიაში მე უკვე ვისაუბრე, რომ მსგავსი განცხადებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ვლადიმერ პუტინის განცხადებებს. ეს განსაკუთრებით ეხება 2000-იანი წლების დასაწყისს, ანუ იმ პერიოდს, როცა პუტინის დეკლარირებული მიზანი ევროკავშირსა და ნატოში რუსეთის ინტეგრაცია გახლდათ. სწორედ იმ პერიოდში ევროკავშირთან მიმართებით პუტინს აბსოლუტურად იდენტური გამოსვლები ჰქონდა მანამ, სანამ დაინახავდა, რომ მისი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის შეწყვეტას არ მოჰყვა რუსულ საზოგადოებაში სათანადო სიმძაფრის პროტესტი. სწორედ სერიოზული პროტესტის არარსებობის ფონზე ჩამოყალიბდა რუსეთი დიქტატურად და იმგვარ მარგინალურ სახელმწიფოდ, რომელიც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ინტეგრაციისკენ აღარ მიისწრაფვის. რომ არა ქართველი ხალხის მიერ ამ დღეებში მოწყობილი მრავალათასიანი აქციები, აქაც ზუსტად იგივე სიტუაცია გვექნებოდა; საქართველოს ხელისუფლება თანდათან დაიწყებდა “სუვერენიტეტის” იდეის დაჟინებულ დაცვას, რაც ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ რუსეთის სატელიტ ქვეყნად გადააქცევდა. მაგრამ ქართული საზოგადოების უმწვავესი რეაქციის ფონზე რუსეთის აგენტების ხელისუფლებამ, რომელიც “ქართულ ოცნებად” იწოდება, უკან დაიხია და დღეს მხოლოდ შეფარულად გამოთქვამს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ გზავნილებს, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია, ოღონდ მხოლოდ “ღირსებით, ” “სუვერენიტეტით” და “ქრისტიანობით.” მაგრამ მართლა არის თუ არა ევროკავშირი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის? ნამდვილად ხომ არ გვემუქრება დამოუკიდებლობის დაკარგვა ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ? მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაკარგვა შეიძლება დაემუქროს, იმდენად უაზრო და აბსურდულია, რომ ამაზე ყურადღებასაც კი არ შევაჩერებდი, რომ არა სახელისუფლებო პროპაგანდისტების ისტერიული საუბრები იმ “საფრთხეებზე, ” რაც ჩვენს ქვეყანასთან და მის სახელმწიფოებრიობასთან მიმართებით ამ მხრივ არსებობს. რეალურად კი ჩვენ ევროკავშირის წევრად გახდომის შემდეგ არათუ დაგვემუქრება სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე, არამედ საქართველო პირველად უკანასკნელი 800 წლის მანძილზე ლოკალური და უმნიშვნელო გავლენის მქონე ქვეყნიდან გლობალური პოლიტიკის სერიოზული განმსაზღვრელი გახდება; ჩვენ მართალია საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა გადავცეთ ევროკავშირს, მაგრამ სუვერენიტეტის ეს წილი არსად არ იკარგება. პირიქით, ის ძლიერდება და იზრდება და სწორედ ასე გაძლიერებული და გაზრდილი გვიბრუნდება უკან, რადგან ჩვენი სუვერენიტეტის ის ნაწილი, რაც ევროკავშირს უნდა გადავცეთ, ერწყმება სხვა წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტებს, რომლებიც მათ ანალოგიურად გადასცეს ევროკავშირს და საბოლოოდ გლობალურ პოლიტიკაზე დიდ გავლენად ყალიბდება. ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ჩვენ გვექნება ევროპის პარლამენტში დეპუტატების წარგზავნის უფლება, გვექნება საკუთარი ადგილი ევროპულ საბჭოში, პერიოდულად გავხდებით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ქართველი მინისტრები კი ვეტოს დაადებენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც არ არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ეს სრულიად წარმოუდგენელი და ფანტასტიკური პერსპექტივებია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ამ ფონზე სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეებზე მხოლოდ საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შეიძლება ისაუბროს. პირიქით, ჩვენ ევროკავშირი მოგვცემს წარმოუდგენელი სიმძლავრის პოლიტიკურ ბერკეტებს, რათა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავიბრუნოთ, რადგან გამუდმებით შევძლებთ, მივაყენოთ მრავალმილიარდიანი ზარალი რუსეთის ფედერაციას, სანამ ეს უკანასკნელი თავის ჯარებს არ გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამრიგად, ევროკავშირი საფრთხე არის არა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, არამედ რუსეთისთვის, რომელიც ჩვენს დაჩაგვრას მარტივად ვეღარ შეძლებს. ის ასევე არის საფრთხე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდიტური ხელისუფლებისთვის, რომლის ერთადერთი მიზანი ქვეყნის გაყვლეფა და ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მეტი სიმდიდრეების წართმევაა. ამიტომ ივანიშვილი აუცილებლად ეცდება რევანშს. სწორედ ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც გასული დღეების აქციებში ვმონაწილეობდით, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ბრძოლა გრძელდება და ის მხოლოდ ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებით უნდა დასრულდეს. 79 შეფასება არ არის
|