საქართველო როგორ ამოვიცნოთ პოპულისტი პოლიტიკოსი? 2020, 23 ივლისი, 11:08 არჩევნები თანდათან ახლოვდება, ბევრ ადამიანს კი უჭირს არჩევანის გაკეთება. ბევრი იმდენად დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ არც კი მიდის საარჩევნო ურნასთან და საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირებას სრული პასიურობა ურჩევნია. ეს სწორი საქციელი არ არის, თუმცა გასაგებია, თუ რატომ აკეთებენ ადამიანები ამას. მაგრამ ეს მაინც სხვა თემაა. ამ ბლოგში კი მსურს, იმაზე გესაუბროთ, თუ როგორ ამოიცნოთ ფარისეველი, მატყუარა, ყალბი, არაფრის მაქნისი და ხალხის და ქვეყნის პოტენციური მოღალატე, რომელსაც თქვენი ხმის მიღება სურს, რათა თქვენს ხარჯზე ცხოვრება მოიწყოს. არსებობს რამდენიმე უტყუარი ნიშან-თვისება, რომელთა მიხედვითაც ასეთ პოლიტიკოსს ამოიცნობთ. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. რელიგია
პოპულისტი პოლიტიკოსი გამუდმებით ახდენს იმის აფიშირებას, რომ სწამს და უყვარს ღმერთი. ის პოზირებს ხატების, სანთლების და ათასგვარი რელიგიური ატრიბუტის ფონზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მან იცის, თუ რამდენად დიდია რელიგიური მოსახლეობის წილი საზოგადოებაში და ცდილობს, მრევლს თავი მოაწონოს. 2. ჰომოფობია პოპულისტი პოლიტიკოსი ჰომოფობია. ოპონენტებზე საუბრისას გამუდმებით იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ როგორ აქტიურად უჭერენ ისინი ლგბტ თემს მხარს. როცა ვინმე პოპულისტ პოლიტიკოსს იმის გამო აკრიტიკებს, რომ უმაქნისი და უნიჭოა, ეს უკანასკნელი ცდილობს, ადამიანები დაარწმუნოს, რომ შეთქმულებას უწყობენ, რისი ერთადერთი მიზეზიც ისაა, რომ ლგბტ თემს ებრძვის. ხოლო თუ ვინმე იმის გამო აკრიტიკებს, რომ მაგალითად მისი ხელისუფლების პირობებში სასამართლო თავისუფალი არაა ან პრესა და ბიზნესი იზღუდება, პოპულისტი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას გეი ქორწინებების მხარდაჭერას აიძულებენ და რადგან ამაზე უარი მიიღეს, ამის გამო ებრძვიან. 3. პოპულისტი პოლიტიკოსი ანტივაქსერი და 5G ინტერნეტის მტერია ეს იმდენად უნივერსალური ვერ არის, როგორც წინა ორი კრიტერიუმი, თუმცა მაინც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ვაქცინების მიმართ უნდობლობა და ტექნოლოგიების მიმართ მტრული დამოკიდებულება უდავოდ ახასიათებთ პოპულისტებს. 4. ევროსკეპტიციზმი და ნატოს მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ეს კრიტერიუმი უფრო ისეთ ქვეყნებშია ფეხმოკიდებული, სადაც ნატოსა და ევროკავშირის მიმართ საზოგადოებაში მეტნაკლებად თანაბარი რაოდენობის მომხრე და მოწინააღმდეგე არსებობს. საქართველოში პოპულისტებს არანაკლებ სძულთ ევროკავშირი და ნატო, მაგრამ უფრო შეფარულად მოქმედებენ, რადგან საზოგადოების განაწყენება არ სურთ, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს. 5. კლიმატის ცვლილების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება პოპულისტს არ სწამს, რომ გლობალური დათბობა რეალურია. ამიტომ ის კლიმატის ცვლილების აღმოსაფხვრელი ზომების მიღების მოწინააღმდეგეთა რიგებშია. თუ ზემოთჩამოთვლილთაგან ერთი კრიტერიუმი მაინც სახეზეა, ფრთხილად იყავით: თქვენს წინაშე პოპულისტი და მატყუარა პოლიტიკოსია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და სკამი აღელვებს. ნუ მისცემთ მას ხმას. იცოდეთ, რომ ის არაფერში გამოგადგებათ და გაგიუარესებთ ცხოვრებას. ხოლო იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია პოპულისტ პოლიტიკოსს, შეცვალოს თქვენი ყოფა, 1945 წლის ბერლინის ის ფოტო გამოგადგებათ, რომელიც ამ სტატიას ერთვის თან. 35 შეფასება არ არის
|