x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არის ძალიან ცუდი ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს?
დღეს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ შემდეგი ხასიათის განცხადება გააკეთა:


“პარლამენტში შესვლა არ არის მხოლოდ პარლამენტში შესვლა. ეს არის რეალურად “ქართულ ოცნებაში” შესვლა”.


ჩვენ გვახსოვს საქართველო, სადაც ასაკით მოწიფული და სერიოზულობაზე პრეტენზიის მქონე მამაკაცები პომიდორს არ ჭამდნენ, რადგან პომიდორი წითელი ფერის არის, ხოლო წითელი ფერი “ქურდული სამყაროს” გაგებით “ბოზური” ფერია. ქართველებს ზოგადად გვახასიათებს რადიკალიზმი, მაქსიმალიზმი და ფანატიზმი. სწორედ ამიტომ ჟურნალ ეკონომისტის “დემოკრატიის ინდექსში” პოლიტიკური კულტურის მონაკვეთში სულ რაღაც 4, 38 ქულა გვიწერია და ამ მხრივ ვიეტნამი და კამბოჯაც კი გვისწრებენ. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო არ გვიღებენ ნატოს კარს - მთელი ამ რადიკალიზმის და ფანატიზმის გამო. ჩვენ ხომ მუდმივად მზად ვართ, ნაწლავები დავაყრევინოთ საკუთარ ახლობლებს და თანამემამულეებს, მტერზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩვენ გამუდმებით ერთმანეთი გვძულს და გამუდმებით ერთმანეთის სისხლი გვწყურია. საკუთარ თავებს ქრისტიანებს ვუწოდებთ, არადა, მუდმივად გვავიწყდება ქრისტეს მიერ თქმული შეგონება იმის შესახებ, რომ მტერიც კი უნდა გვიყვარდეს.


რა თქმა უნდა, ქართული საარჩევნო გარემო იდეალურისგან შორს არის, მაგრამ იმავე “ეკონომისტის” მიერ გამოქვეყნებულ “დემოკრატიის ინდექსში” ყველაზე მაღალი, 7, 83 ქულა სწორედ ამ ნაწილში გვიწერია, რაც საშუალოზე მაღალი მაჩვენებელია. ამრიგად, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით საქართველოში სრულიად შესაძლებელია. ეს უფრო რთულია, ვიდრე ნორვეგიაში, ლუქსემბურგში ან ბელგიაში, მაგრამ საქართველო ამ მხრივ არც აზერბაიჯანია, არც რუსეთი და არც ჩინეთი. ამიტომ ოპოზიციის საუბრები “არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე” რა თქმა უნდა მითი, ზღაპარი და ფარსია.



რასაკვირველია, ოპოზიციის მოვალეობაა, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას. ზუსტად იგივე ევალება მედიას და არასამთავრობო სექტორსაც. ოპოზიციის, მედიის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან განხორციელებული მუდმივი კონტროლის და წნეხის გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია სისულელეების და სიგიჟეების ჩასადენად. მაგრამ ერთია კრიტიკა, კონტროლი და დისკომფორტი, ხოლო მეორე - პროცესის პოლარიზაცია, ფანატიზმი და უკიდურესი რადიკალიზმის გამოვლენა, რითაც ქართული ოპოზიცია დღეს არის დაკავებული.


მე ამასწინათ წავიკითხე “ამერიკის ხმის” ვებგვერდზე განთავსებული დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, მხარი დაუჭიროს ევროპული და ამერიკული საზოგადოებების პოლარიზაციას. რუს ტროლებს დიდად არ აინტერესებთ, თუ რა შინაარსისაა ესა თუ ის თემა. მათთვის მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ რაღაც კონკრეტული თემების ირგვლივ. რუსი ტროლებისთვის მთავარია, ხიდები იმდენად ჩატყდეს, რომ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მივიდეს. ისინი ამას დაჟინებით ცდილობენ, ხოლო ჩვენ, ჩვენი უმწიფრობით, ჩვენი ინფანტილიზმით და იმით, რომ ვერანაირად ვერ ჩამოვყალიბდით სრულფასოვან საზოგადოებად, მარიონეტებივით მათ დაკრულზე ვცეკვავთ. ჩვენ რადიკალები და ფანატიკოსები ვიყავით 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ერთმანეთს ყუმბარები დავუშინეთ და ენითუთქმელ სიღატაკეში გადავჩეხეთ ქვეყანა და რადიკალები და ფანატიკოსები ვართ დღემდე, როცა იმავეს კეთებას ვცდილობთ.


პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების უკიდურესი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია დასავლეთს. სწორედ ამიტომ განაცხადა NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩვენს რეგიონში, რომ ალიანსს არ ჰყავს წევრი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. წარმოიდგინეთ, რამდენად დამაზიანებელი და კატასტროფული უნდა იყოს ოპოზიციის საქციელი, რომ ამას სპეციალურად ეხმაურება თვით ჯეიმს აპატურაი.


გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. “ქართული ოცნება” წავიდა მნიშვნელოვან დათმობებზე. ოპოზიციას შეეძლო, სახე და პრესტიჟი შეენარჩუნებინა, მაგრამ მან რადიკალიზაცია ამჯობინა. ის არ დათანხმდა “ქართული ოცნების” არცერთ წინადადებას. ამიტომ თუ ჩვენ დაბრკოლებები შეგვექმნა ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით სავალ გზაზე, ეს ახლა უკვე იქნება ძირითადად ოპოზიციის ბრალი და არა ხელისუფლების.


დასასრულს, მინდა, ვთქვა, რომ არც ოპოზიციის მხარდამჭერი ვარ და არც “ქართული ოცნების”, თუმცა ვიცი, რომ კოლექტიური გუგავა მეც ბიძინა ივანიშვილის ფანად გამომაცხადებს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მთელი საზოგადოება გუგავა არ არის. ასევე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც მოეგება გონს და პარლამენტში შევა. ეს იმედი მე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.


დემოკრატია

1
70
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
70
  
2020, 13 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1