საბუნებისმეტყველო გამოსხივება, სიცივე, ბაქტერიები: როგორი საცხოვრებელი სახლების აგებას გეგმავენ არქიტექტორები მთვარეზე? 2023, 11 თებერვალი, 20:58 ჯერ კიდევ ამ ათწლეულის ბოლომდე შესაძლოა ადამიანები მთვარეზე დასახლდნენ. დაგეგმილია ასევე საცხოვრებელი მოდულების აგება მარსზეც. მაგრამ დედამიწის მიღმა სახლების მშენებლობა სპეციალისტებს რიგი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელთა შესახებ დაფიქრება ნამდვილად ღირს.
NASA-ს გეგმის მიხედვით საცხოვრებელი მოდულები მთვარეზე 3D ტექნოლოგიის გამოყენებით უნდა აშენდეს. ამ საქმეს რობოტები გაართმევენ თავს. სწორედ მათი მისია იქნება საწყის ეტაპზე რეგოლიტისგან (მთვარეზე ფართოდ გავრცელებული ქვა) საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობა 3D ტექნოლოგიის გამოყენებით. უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მთვარეს არ აქვს არც მაგნიტური ველი და არც ატმოსფერო, რაც ახალმოსახლეებს კოსმოსური რადიაციისგან სრულიად დაუცველებს ხდის. გარდა ამისა, მთვარის ზედაპირზე დღის განმავლობაში ტემპერატურა 100 გრადუსამდე ადის, ხოლო ღამით მინუს 150 გრადუსამდე ეცემა. მთვარის ზედაპირზე არ მოიპოვება არც ჟანგბადი და არც წყალი. ყველა ეს პრობლემა კი სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. მეცნიერები საცხოვრებელ ბლოკებში მცენარეების მოშენებას აპირებენ, რაც უჟანგბადობის პრობლემის დასაძლევადაც მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია მთვარეზე მცხოვრები ადამიანების სულიერი განწყობის ასამაღლებლადაც. ყველაზე ოპტიმალური არქიტექტურა მთვარის ზედაპირისთვის იქნება ლოკოკინის ნიჟარის მსგავსი სახლები, რომლებიც გამოდგება როგორც მცენარეების მოსაშენებლად, ასევე საცხოვრებლადაც. გადამწყვეტია ასევე ფერიც. მთვარის ნაგებობები თეთრი ფერის უნდა იყოს, რათა მაცხოვრებლებმა უსწრაფესად შეძლონ სოკოების აღმოჩენა მათ ზედაპირზე. გარდა ამისა, შენობათა კუთხეების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან კუთხეებში ბაქტერიები მრავლდებიან, რაც უაღრესად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. მთვარეზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა პრობლემა მოგვარებადია. ხოლო როცა ეს პრობლემები მოგვარდება და მკვლევართა პირველი ჯგუფი საცხოვრებლად მთვარეზე გადავა, მათ იქ ახალი გამოწვევები დახვდებათ. აღნიშნულ გამოწვევათა მოგვარების შემდეგ მთვარეზე საცხოვრებლად გადასვლის პროცესი შეუქცევად ხასიათს შეიძენს. ბოლოსდაბოლოს, მთვარე ფლობს რიგ რესურსებს (მაგალითად ჰელიუმ 3–ს), რაც არ მოიძებნება დედამიწაზე და რასაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და უმძლავრესი ენერგიით შეუძლია ახალმოშენეთა ათასობით თაობის უზრუნველყოფა, ეს კი სამომავლოდ პატარა მნიშვნელობის ამბავი არ არის. 206 შეფასება არ არის
|