x
image
თორ ნიკე
ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები
ნევროლოგია - საინტერესო ფაქტები


ჩვენი სამყაროს 13.8-მილიარდიანწლიანმა, დედამიწური სიცოცხლის 4.1-მილიარდწლიანმა და ნეირონების 700-ათასწლიანმა ევოლუციამ (ცვალებადობამ დროში) წარმოშვა და ჩამოაყალიბა უდიდესი საოცრება - ადამიანის ტვინი.

დაახლოებით 800-600 მილიონი წლის წინ ყველა ცხოველის საერთო წინაპარმა წარმოშვა ორგანიზმები მარტივი ნერვული ქსელებით, უპირველესი ნეირონებით. ცენტრალური ნერვული სისტემა მოგვიანებით გაჩნდა, რაც მეტი კოორდინაციისა და უფრო რთული ქცევის საშუალებას იძლევა. პირველად თავის ტვინი ჩამოყალიბდა დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ. უძველესი განამარხებული თავის ტვინი მარტივ ცხოველებში დათარიღებულია 521 მილიონი წლის წინანდელი პერიოდით (Park TS, Kihm JH, Woo J, Lee WY, smith MP, et al. 2018). რაც შეეხება ზურგის ტვინს, ის პირველად დაახლოებით 520-500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.


ნეირონები უჯრედთა ყველა ტიპს შორის ყველაზე რთულად მოწყობილნი არიან და შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, გამოთვლების წარმოება და გადაწყვეტილებების მიღება-შესრულება. ეს განაპირობებს მათი კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობას, ინფორმაციის გადაცემას. ზრდასრული ადამიანის თავის ტვინი საშუალოდ შეიცავს 86 მილიარდამდე ნეირონს (ნერვულ უჯრედს) და 85 მილიარდამდე გლიურ უჯრედს. ადამიანის თავის ტვინის ნეირონებს შორის მრავალი ათეული ტრილიონი სინაფსია. სინაფსი ნერვულ უჯრედებს შორის კავშირია. თითოეული ნეირონი ჩვეულებრივ უკავშირდება 1000-დან 10, 000-მდე სხვა ნეირონს. ესეიგი თითო ტიპიურ ნეირონს აქვს საშუალოდ 1000-დან 10, 000-მდე სინაფსი.



სინაფსი - კავშირი ნერვულ უჯრედებს შორის ინფორმაციის გადასაცემად


ჯერჯერობით შეუძლებელია ადამიანის თავის ტვინში არსებულ ნეირონთა შორის სინაფსთა ზუსტი რიცხვის დადგენა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ სინაფსების რაოდენობა მრავალი ათეული ტრილიონით განისაზღვრება. ეს იწვევს სამყაროში ჩვენთვის ცნობილი ურთულესი სტრუქტურის წარმოქმნას, რომელსაც შეუძლია ფიქრის გენერაცია, იდეების დაბადება, პიროვნების ჩამოყალიბება, რაც ადამიანს აქცევს თვით სამყაროზე უფრო რთულ არსებად, ვინაიდან სამყაროს არ ახასიათებს პიროვნულობა და აზროვნების უნარი. რაც შეეხება პერიფერიულ ნერვულ სისტემას - ადამიანის ორგანიზმში თავის და ზურგის ტვინის გარდა ასობით ნერვი და მილიარდობით ნეირონია. მაგალითად 1 კვ. სმ-ის კანის ზედაპირზე გვხვდება 12-13 სიცივის, 1-2 სითბოს და 100-200 ტკივილის რეცეპტორი.


ახალშობილის თავის ტვინის წონა 380-400 გრამია. მისი წონა ორმაგდება 6 თვის ასაკში, 3 წლის ასაკში კი სამმაგდება. 3-დან 15 წლამდე კიდევ 100-150 გრამით მატულობს.


ახალშობილის ზურგის ტვინი იწონის 3-4 გრამს. 1 წლის ასაკში ეს წონა ორმაგდება. მომწიფების ასაკში 5-ჯერ დიდი ხდება ახალშობილის წონასთან შედარებით. როგორც მიჩიო კაკუმ დაწერა თავის წიგნში "გონების მომავალი", "მთელ ბუნებში ორი უდიდესი საიდუმლო არის ადამიანის გონება და თავად სამყარო". ნორმალური, ზრდასრული ადამიანის ტვინს შეუძლია წამში საშუალოდ 10 კვადრილიონი გამოთვლა გააკეთოს - ასეთი გამოთვლითი სიმძლავრის მისაღებად საჭირო იქნებოდა შეგვექმნა კომპიუტერი, რომელიც ქალაქ ნიუ იორკის ზომის იქნებოდა - და ამ დროს, ეს საოცრება ჩვენი მხრების ზევით ხდება.


ადამიანის თავის ტვინი შედგება 3 მთავარი ნაწილისგან, ესენია:

1. დიდი ტვინი (Cerebrum) - ეს არის თავის ტვინის უდიდესი ნაწილი. დიდი ტვინი იწყებს და კოორდინაციას უწევს მოძრაობას და არეგულირებს ტემპერატურას. დიდი ტვინის სხვადასხვა არე აკონტროლებს მეტყველებას, განსჯას, აზროვნებას და მსჯელობას, პრობლემის გადაჭრას, ემოციებს და სწავლას. მისი სხვა ფუნქციები მოიცავს მხედველობას, სმენას, შეხებას და სხვა გრძნობებს.


2. ნათხემი (Cerebellum) - ნათხემი თავის ტვინის ნაწილია, რომელიც ეხმარება კორდინაციას და არეგულირებს ფუნქციების და პროცესების ფართო სპექტრს, როგორც თავის ტვინში, ასევე მთელ სხეულში. ნათხემი შეიცავს ნეირონების გამორჩეულად დიდ რაოდენობას.


3. ტვინის ღერო (Brainstem) - ის არის ჩვენი ტვინის ქვედა, ღეროს მსგავსი ნაწილი, რომელიც აკავშირებს თავის ტვინს ზურგის ტვინთან. ტვინის ღერო აგზავნის შეტყობინებებს სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ წონასწორობის, სუნთქვის, გულისცემის და სხვათა დასარეგულირებლად. უეცარმა დაზიანებებმა ან ტვინის ან გულის მდგომარეობამ შესაზლოა გავლენა მოახდინოს ტვინის ღეროს მუშაობაზე.

თავის ტვინის 3 მთავარი ნაწილი: დიდი ტვინი,  ნათხემი და ტვინის ღერო



დიდი ტვინი იყოფა შემდეგ წილებად: შუბლის, თხემის, კეფის და საფეთქლის წილები:


1. შუბლის წილი (Frontal lobe) - შუბლის წილები არის ყველაზე დიდი წილები ადამიანის ტვინში. ისინი ასევე არის ყველაზე ხშირად ტრავმირებადი რეგიონები - ამგვარად, ტვინის სხვა წილებთან ან სტრუქტურებთან შედარებით ისინი ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად ზიანდება. შუბლის წილები მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი მოძრაობის, ექსპრესიული მეტყველებისა და უფრო მაღალი დონის აღმასრულებელი ფუნქციების მართვისთვის. ექსპრესიული მეტყველება არის უნარი გამოვიყენოთ სიტყვები, წინადადებები, ჟესტები და წერა, რათა გადავცეთ ინფორმაცია სხვებს. ექსპრესიული მეტყველების უნარი მოიცავს გარემოში საგნების დასახელებას, მოქმედებების და მოვლენების აღწერას, სიტყვებით წინადადებების შექმნას, გრამატიკული წესების სწორად გამოყენებას, ამბის გადმოცემას, კითხვებზე პასუხს და მოკლე ამბის დაწერას.

შუბლის წილი (Frontal lobe)





2. თხემის წილი (Parietal lobe) - ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სენსორული აღქმისა და ინტეგრაციისთვის, მათ შორის გემოს შეგრძნების, სმენის, მხედველობის, შეხების და ყნოსვის მართვისთვის. თხემის წილში განთავსებულია თავის ტვინის პირველადი სომატური სენსორული ქერქი - რეგიონი, სადაც ტვინი ინტერპრეტაციას უკეთებს სხეულის სხვა უბნებიდან წამოსულ სიგნალებს.

თხემის წილი (Parietal lobe)





3. საფეთქლის წილი (Temporal lobe) - საფეთქლის წილები მდებარეობს ყურების უკან და სიდიდით მეორე წილია. ისინი ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სმენითი ინფორმაციის დამუშავებასთან და მეხსიერების დაშიფრვასთან.

საფეთქლის წილი (Temporal lobe)




4. კეფის წილი (Occipital lobe) - კეფის წილები თავის უკანა მხარეს მდებარეობს და პასუხისმგებელია ვიზუალურ აღქმაზე, მათ შორის ფერის, ფორმისა და მოძრაობის აღქმაზე. კეფის წილის დაზიანება შეიძლება მოიცავდეს გარემოში ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის სირთულეს.

კეფის წილი (Occipital lobe)


თავის ტვინის ჰემისფეროების წილები




თავის ტვინის სხვა ნაწილები:


5. ნათხემი (Cerebellum)

ნათხემი (Cerebelum)





ტვინის ღერო (Brainstem) კი იყოფა 3 წილად: შუა ტვინი, ხიდი და მოგრძო ტვინი.


6. შუა ტვინი ანუ მეზენცეფალონი (Midbrain / Mesencephalon) - შუა ტვინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის ქერქის ქვემოთ და ტვინის ღეროს ზედა ნაწილში. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრუქტურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ვიზუალური და სმენითი სიგნალების დამუშავებაში.


7. ხიდი (Pons) - ხიდი არის ტვინის ღეროს ნაწილი. სტრუქტურა, რომელიც აკავშირებს თავის ტვინს ზურგის ტვინთან. ხიდი მონაწილეობს არაცნობიერ პროცესებში და სამუშაოებში, როგორიცაა ძილ-ღვიძილის ციკლი და სუნთქვა. ის ასევე შეიცავს რამდენიმე შეერთების წერტილს ნერვებისთვის, რომლებიც აკონტროლებს კუნთებს და ატარებს მგრძნობელობით ინფორმაციას თავიდან და სახის არიდან.


8. მოგრძო ტვინი (Medulla Oblongata) - მოგრძო ტვინი არის ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის მაკავშირებელი სტრუქტურა, რომელიც ატარებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციურ ცენტრს. ის შედგება გულ-სისხლძარღვთა რესპიტორული რეგულირების სისტემისგან, დაღმავალი მოტორული გზების, აღმავალი სენსორული ტრაქტისგან და მისგან გამოდის თავის ტვინი შემდეგი წყვილი ნერვები: IX, X, XI და XII.

ტვინის ღერო (Brainstem) კი იყოფა 3 წილად: შუა ტვინი,  ხიდი და მოგრძო ტვინი.

ტვინის ღერო (Brainstem) კი იყოფა 3 წილად: შუა ტვინი,  ხიდი და მოგრძო ტვინი.

ტვინის ღერო (Brainstem) კი იყოფა 3 წილად: შუა ტვინი,  ხიდი და მოგრძო ტვინი.





თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები


ტვინის სიღრმეში არის მრავალი წარმონაქმნი, ესენია: ჰიპოფიზი (Hypophysis), ლიმბური სისტემა (Limbic system) და დინცეფალონი (Diencephalon).


ლიმბური სისტემა ევოლუციური თვალსაზრისით თავის ტვინის უძველეს ნაწილებს შორისაა - ის გვხვდება არა მხოლოდ ძუძუმწოვრებში და ფრინველებში, არამედ ქვეწარმავლებში, ამფიბიებში და თევზებში. ლიმბურ სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, ესენია: ამიგდალა (Amygdala), ჰიპოკამპი (Hippocampus), თალამუსი (Thalamus), ჰიპოთალამუსი (Hypothalamus) და ნერვული კვანძი ანუ ბაზალური განგლია (Basal ganglia).

ასევე ჩვენ გვაქვს დიენცეფალონი, რომელიც შეიცავს ასევე ლიმბური სისტემის ზოგიერთ ნაწილს და არის მაკავშირებელი ლიმბური სისტემისა ტვინის სხვა ნაწილებთან. დიენცეფალონი არის ტვინის ღრმა სტრუქტურა, რომლის ძირითადი რეგიონებია: თალამუსი და ჰიპოთალამუსი (რომლებიც ასევე ლიმბური სისტემის ნაწილია) და ასევე ეპითალამუსი (Epithalamus), რომელიც შეიცავს ეპიფიზს ანუ გირჩისებრ სხეულს და სუბთალამუსი (Subthalamus), რომელიც მოიცავს ნერვული ბირთვების ნაწილს.


ჰიპოთალამუსი (Hypothalamus) - ჰიპოთალამუსი არის ტვინის ის უბანი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებენ: სხეულის ტემპერატურას, პულსს, შიმშილს, განწყობას. ჰიპოთალამუსი არის სტრუქტურა თავის ტვინში, რომელიც მოქმედებს როგორც მთელი სხეულის ჭკვიანი კონტროლის კოორდინაციის ცენტრი. მისი მთავარი ფუნქციაა სხეულის შენარჩუნება სტაბილურ მდგომარეობაში, რომელსაც ჰომეოსტაზი ეწოდება. ის თავის ამ ფუნქციას ასრულებს ორი გზით: ჰორმონების მართვით და პირდაპირი გავლენით ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე.

ჰიპოთალამუსი (Hypothalamus)ჰიპოთალამუსი (Hypothalamus)



თალამუსი (Thalamus) - თალამუსი არის სხეულის საინფორმაციო გადამცემი სადგური. მთელი ინფორმაცია ჩვენი სხეულის გრძნობებიდან (სუნის გარდა) უნდა დამუშავდეს თალამუსის მეშვეობით, სანამ გაიგზავნება ტვინის ცერებრალურ ქერქში ინტერპრეტაციისთვის. თალამუსი ასევე თამაშობს როლს ძილში, სიფხიზლეში, ცნობიერებაში, სწავლასა და მეხსიერებაში.

თალამუსი (Thalamus)




ბაზალური განგლია / ნერვული კვანძი (Basal Ganglia) - ბაზალური განგლიები არის ტვინის უჯრედებისა და ნერვების ქსელის ძირითადი ნაწილი, რომლებიც აკონტროლებს სხეულის ნებაყოფლობით მოძრაობებს. მათ შეუძლია დაამტკიცონ ან უარყონ მოძრაობითი სიგნალები, რომლებსაც ტვინი აგზავნის - ნერვული კვანძი ფილტრავს არასაჭირო ან არასწორ სიგნალებს.

ბაზალური განგლია / ნერვული კვანძი (Basal Ganglia)




ამიგდალა / ნუშისებრი ჯირკვალი (Amygdala) - ითვლება, რომ ნუშისებრი ჯირკვალი წარმოადგენს ნერვული სისტემის ბირთვს შიშის მომგვრელი და მუქარის სტიმულის დასამუშავებლად. მათ შორის საფრთხის გამოვლენისა და შიშთან დაკავშირებული შესაბამისი ქცევის გააქტიურების მუქარის ან საშიში სტიმულის საპასუხოდ.

ამიგდალა / ნუშისებრი ჯირკვალი (Amygdala)




ჰიპოკამპი (Hippocampus) - ჰიპოკამპი არის ტვინის რთული სტრუქტურა, რომელიც ღრმად არის ჩასმული საფეთქლის წილში. მას უდიდესი როლი აქვს სწავლასა და მეხსიერებაში. ეს არის პლასტიკური და დაუცველი სტრუქტურა, რომელიც ზიანდება სხვადასხვა სტიმულით. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე გავლენას ახდენს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ აშლილობაზე.

ჰიპოკამპი (Hippocampus)ჰიპოკამპი (Hippocampus)



ეპითალამუსი (Epithalamus) - ეპითალამუსის ფუნქციაა ლიმბური სისტემის დაკავშირება ტვინის სხვა ნაწილებთან. მისი კომპონენტების ზოგიერთი ფუნქცია მოიცავს მელატონინის სეკრეციას გირჩისებრი ჯირკვლის მიერ (ჩართულია ცირკადულ რიტმებში). ეპითალამუსი ასევე ახდენს მოტორული გზებისა და ემოციების რეგულირებას.

ეპითალამუსი (Epithalamus)




სუბთალამუსი (Subthalamus) - სუბთალამუსი არის თავის ტვინის დიენცეფალონის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თალამუსსა და ჰიპოთალამუსს შორის. იგი შეიცავს სუბთალამურ ბირთვს და ბაზალურ განგლიასთან და შავ სუბსტანციასთან ერთად მონაწილეობს ჩონჩხის კუნთების მიერ კონტროლირებადი მოძრაობების რეგულირებაში.

სუბთალამუსი (Subthalamus)




ზურგის ტვინის სიგრძე საშუალოდ 42-46 სმ-ია. იწყება კისრის I მალის ზედა კიდიდან და მთავრდება წელის II მალის ზედა კიდის დონეზე. ზურგის ტვინის განივი განაკვეთის დიამეტრი საშუალოდ 1 სმ-ის ტოლია. ზურგის ტვინი შედგება 31-32 სეგმენტისგან, ესენია:


1. კისრის 8 სეგმენტი (pars cervicalis)

2. გულმკერდის 12 სეგმენტი (pars thoracica seu dorsalis)

3. წელის 5 სეგმენტი (pars lumbalis)

4. გავის 5 სეგმენტი (pars sacralis)

5. კუდუსუნის 1-2 სეგმენტი (pars coccygeus)


ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წინა ფესვი და 31 უკანა ფესვი (სეგმენტების რაოდენობის შესაბამისად).


ზურგის ტვინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ყველაზე პრიმიტიული და ფილოგენეტიკურად ყველაზე ძველი ორგანო. ფილოგენეზური ხანდაზმულობის მიხედვით თავის ტვინში განირჩევა არსებითად განსხვავებული 2 ნაწილი: ტვინის ღერო და ქერქი (ღართი). აქედან ქერქი ევოლუციის პროცესში თანდათან დაეშენა სეგმენტურ აპარატს და ამიტომ ეწოდება - ნეოენცეფალონი (neoencephalon).

თავის ტვინის ამ ორ ნაწილს შორის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ანატომიური მახასიათებელი ისაა, რომ ტვინის ღერო (ისევე, როგორც ზურგის ტვინი) უშუალოდ უკავშირდება რეცეპტრორებსა და შემსრულებელ ორგანოებს. ხოლო რაც შეეხება თავის ტვინის ქერქს, ასეთი უშუალო კავშირი პერიფერიასთან არ აქვს.


1. ტვინის წილები (შუბლი, თხემი, საფეთქელი, კეფა) ერთმანეთს უკავშირდება ასოციაციური ბოჭკოებით.

2. ორივე ჰემისფეროს თანამოსახელე წილები ერთმანეთს უკავშირდება კომისურული ბოჭკოები (დაახლოებით 3 მილიონი ასეთი ბოჭკოა).

3. ქერქი და ტვინის ღერო (და ზურგის ტვინი) ერთმანეთს უკავშირდება პროექციული ბოჭოებით.


ადამიანის ემბრიობს პირველი რეფლექსური რეაქციები ეწყება 3 თვის ასაკში. 3-დან 6 თვემდე უკვე სხეულის ნებისმიერი უბნის გაღიზიანება იწვევს ზოგად მოძრაობას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ეტაპზე ცნს-ში აგზნების პროცესები ფართოდაა გავრცელებული, რასაც ირადიაცია ეწოდება. ამავე პერიოდში პარალელურად ფორმირდება რეფლექსური მოქმედების შეკავების პროცესებიც. ნერვული იმპულსების ირადიაციის შეკავება ემთხვევა ონტოგენეზში ნერვული ბოჭკოების გარშემო მიელინის გაჩენას, რომელიც მე-4 თვიდან იწყება და მთავრდება დაბადებიდან 2 წლის თავზე. ეს არის ნერვული სისტემის განვითარების დამამთავრებელი ეტაპი.


რეფლექსები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: თანდაყოლილი ანუ უპირობო და შეძენილი ანუ პირობითი რეფლექსები.

უპირობო რეფლექსები 2 სახისაა:

1. მარტივი უპირობო რეფლექსები, რომელიც ხორციელდება ზურგის ტვინით.

2. რთული უპირობო რეფლექსები, რომელიც ხორციელდება ტვინის ღეროთი.


უმაღლეს ცხოველებში პირობითი რეფლექსების წარმოქმნის აუცილებელი პირობაა დიდი ტვინის ჰემისფეროების ქერქი. ამავე დროს პირობითი რეფლექსები აღმოცენდება უპირობო რეფლექსების საფუძველზე.


პირობითი რეფლექსების დიდი რაოდენობა არსებობს და ჯგუფდება ამგვარად:


1. სტრუქტურის გათვალისწინებით (ე.ი. რა მორფოლოგიური სუბსტრატი უდევს საფუძვლად):

- სპინური

- ღეროს

- ნათხემის

- ქერქქვეშა

- ქერქული


2. საპასუხო რეაქციის ხასიათის მიხედვით: მამოძრავებელი და ვეგეტატიური.

- მამოძრავებელი (განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის მონაწილეობით).

- ვეგეტატიური (სეკრეტორული, ტროფიკული, ვაზომოტორული და სხვ.).


3. გაღიზიანების ლოკაციის (რეცეპტორის მდებარეობის) მიხედვით:

- ექსტეროცეპტული (ზერელე - კანის და ლორწოვანი გარსის რეფლექსები).

- პროპრიოცეპტული (ღრმა - მყესთა, ძვალთა, საკუთრივ კუნთოვანი).

- - ინტეროცეპტული (შინაგანი ორგანოები).

- ტონური (პოსტურალური ანუ მდებარეობის) რეფლექსები.

- ზურგის ტვინის ავტომატიზმის და პათოლოგიური რეფლექსები.

- კანის ვეგეტატიური რეფლექსები.


პირამიდული სისტემის დაზიანების ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს დაცვითი რეფლექსებიც. დაცვითი რეფლექსები განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება ზურგის ტვინის განივი დაზიანების დროს. ზურგის ტვინის ქვემდებარე სეგმენტებსა და თავის ტვინის ქერქს შორის კავშირების გაწყვეტისას.


პირამიდული სისტემა - ნეირონების და მათი აქსონების კომპლექსი, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კავშირი თავის ტვინის ქერქსა და სეგმენტურ აპარატს შორის.


ნებისყოფითი მოძრაობის მოშლას კუნთთა ამა თუ იმ ჯგუფში იწვევს კორტიკომუსკულური გზის მთლიანობის დარღვევა. ნებისმიერ მონაკვეთში ნებისყოფითი მოძრაობის სრულ მოშლას დამბლა ეწოდება, შეზღუდვას კი - პარეზი.


არსებობს ორი სახის დამბლა:

1. სპაზმური ანუ ცენტრალური დამბლა და

2. დუნე ანუ პერიფერიული დამბლა.


ცენტრალური ნეირონის დაზიანების დროს მოძრაობის მოშლის მიუხედავად კუნთთა ატროფია არ ვითარდება.


თავის ტვინის ქერქის დაზიანება იწვევს სპაზმური ტიპის დამბლას, რომელიც მეტწილად ვითარდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (cerebri media-ს ტოტების) სიმსივნის ან ენცეფალიტის შედეგად.


corona radiata-ს დაზიანების შედეგად განვითარებულ ჰემიპლეგიას ან ჰემიპარეზს ახასიათებს რომელიმე კიდურის დისტალური ნაწილის მოძრაობის ფუნქციის უპირატესი მოშლა.


დამბლის ტიპები განაწილების მიხედვით:

1.მონოპლეგია - 1 კიდურის დამბლა.

2. პარაპლეგია - ორივე ზედა ან ორივე ქვედა კიდურის დამბლა (paraplegia superior et inferior).

3. ჰემიპლეგია - სხეულის ერთი ნახევრის კუნთების დამბლა (hemi - ნახევარი, plege - დაზიანება).

4. ტეტრაპლეგია - ოთხივე კიდურის დამბლა.

5. ტრიპლეგია - ორი ზედა და ერთი ქვედა, ან ერთი ზედა და ორი ქვედა კიდურის დამბლა.


ალტერნაციული დამბლა - როცა დაზიანების მხარეს აღინიშნება თავის ტვინის ნერვის პერიფერიული დამბლა, ხოლო კონტრალატერალურ მხარეზე კი სპაზმური ჰემიპლეგია (ლათ. alternus - გადაჯვარედინებული).


პირამიდული გზის ჯვარედინის დაზიანებისას ვითარდება ტეტრაპლეგია ან ტრიპლეგია. ან ჯვარედინი დამბლა - ერთ მხარეზე ხელის და მეორე მხარეზე ფეხის დამბლა.


თავის ტვინიდან გამოდის და მთელი სხეულის სხვადასხვა ნაწილისკენ მიემართება 12 წყვილი ნერვი, ესენია:


თავის ტვინის ნერვები - 12 წყვილი ნერვი



თავის ტვინის ნერვები - 12 წყვილი ნერვი


თავის ტვინის ნერვები - 12 წყვილი ნერვი




1. ყნოსვის ნერვი (nervus olfactorius / Olfactory nerve) - თავის ტვინის I წყვილი ნერვი. ეს ნერვი ააქტიურებს ყნოსვის სისტემას და ყნოსვის შეგრძნებას. ის ყველაზე მოკლე სენსორული ნერვია - იწყება თავის ტვინიდან და მთავრდება ცხვირის ზედა, შიგნითა ნაწილში.

ყნოსვის ნერვი (nervus olfactorius / olfactory nerve) - თავის ტვინის I წყვილი ნერვი





2. მხედველობის ნერვი (nervi optici / Optic nerve) - თავის ტვინის II წყვილი ნერვი. ის გადამწყვეტია ხედვის უნარისთვის. ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის გაგრძელება, რომელიც მოიცავს თავის ტვინს და ხერხემალს. მხედველობის ნერვი გადასცემს ელექტრულ იმპულსებს თვალებიდან თავის ტვინში. ტვინი გადაამუშავებს ამ სენსორულ ინფორმაციას ისე, რომ ადამიანმა დაინახოს გარესამყარო.

მხედველობის ნერვი (N. optici / Optic nerve) - თავის ტვინის II წყვილი ნერვი





3. თვალის მამოძრავებელი ნერვი (nervus oculomotorius / Oculomotor nerve) - თავის ტვინის III წყვილი ნერვი. თვალის მამოძრავებელი ნერვი საშუალებას აძლევს თვალის კუნთებს რომ იმოძრაონ. ასევე იწვევს გუგის შეკუმშვას, თვალების ფოკუსირებას და გავლენას ახდენს ზედა ქუთუთოს პოზიციზე. ის მუშაობს თავის ტვინის სხვა ნერვებთან ერთად თვალის მოძრაობის გასაკონტროლებლად და თვალის სენსორული ფუნქციონირების მხარდასაჭერად.

 თვალის მამოძრავებელი ნერვი (nervus oculomotorius / Oculomotor nerve) - თავის ტვინის III წყვილი ნერვ






4. ჭაღისებრი ნერვი (nervus trochlearis / Trochlear nerve) - თავის ტვინის IV წყვილი ნერვი. ის არის თვალის ერთ-ერთი მოტორული ნერვი, რომელიც აკონტროლებს თვალის მოძრაობას. ჭაღისებრი ნერვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პატარაა თავის ტვინის ნერვებს შორის, გააჩნია ყველაზე გრძელი ინტრაკრანიალური (შიდატვინოვანი) კურსი, რადგან ის არის ერთადერთი ნერვი, რომელსაც აქვს ზურგისკენ გასასვლელი ტვინის ღეროდან.

 ჭაღისებრი ნერვი (nervus trochlearis / Trochlear nerve) - თავის ტვინის IV წყვილი ნერვი.





5. სამწვერა ნერვი (nervus trigeminus / Trigeminal nerve) - თავის ტვინის V წყვილი ნერვი. სამწვერა ნერვი ყველაზე დიდია კრანიალურ ნერვებს შორის. მისი ძირითადი ფუნქციაა სახის სენსორული ინერვაციის უზრუნველყოფა და დაყოფილია სამ მთავარ ტოტად. ეს ტოტებია ოფთალმური (V1), ყბის (V2) და ქვედა ყბის (V3) ნერვები.

 სამწვერა ნერვი (nervus trigeminus / Trigeminal nerve) - თავის ტვინის V წყვილი ნერვი.




6. განმზიდველი ნერვი (nervus abducens / Abducens nerve) - თავის ტვინის VI წყვილი ნერვი. განმზიდველი ნერვი თვალის მამოძრავებელ ნერვთან (III) და ჭაღისებრ ნერვთან (IV) ერთად არის პასუხისმგებელი თვალის ექსტრაოკულარულ მოტორულ ფუნქციებზე. მას აქვს წმინდა სომატური მოტორული ფუნქცია.

განმზიდველი ნერვი (nervus abducens / Abducens nerve) - თავის ტვინის VI წყვილი ნერვი.



7. სახის ნერვი (nervus facialis / Facial nerve) - თავის ტვინის VII წყვილი ნერვი. სახის ნერვი ატარებს ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც აკონტროლებს სახის მოძრაობას და ემოციების გამოხატვას მიმიკური კუნთების საშუალებით. სახის ნერვი ატარებს ასევე ნერვებს, რომელიც მონაწილეობენ გემოვნების აღქმაში ენის წინა 2/3-ში და წარმოქმნიან ცრემლებს საცრემლე ჯირკვლების ინერვაციის მეშვეობით.

 სახის ნერვი (nervus facialis / Facial nerve) - თავის ტვინის VII წყვილი ნერვი.





8. კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი / ვესტიბულო-კოხლეარული ნერვი (nervus vestibulocochlearis / Auditory-vestibular nerve) - თავის ტვინის VIII წყვილი ნერვი. კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი, რომელიც გადასცემს ხმას და წონასწორობის (ბალანსის) ინფორმაციას შიდა ყურიდან თავის ტვინში, კერძოდ საფეთქლის წილში.

 კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი / ვესტიბულო-კოხლეარული ნერვი (nervus vestibulocochlearis / Auditory-vestibu





9. ენა-ხახის ნერვი (nervus glossopharingeus / Glossopharyngeal nerve) - თავის ტვინის IX წყვილის ნერვი. ენა-ხახის ნერვი არის ოთხი კრანიალური ნერვიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს სენსორული, მოტორული და პარასიმპათიკური ფუქნციები. ის სათავეს იღებს მოგრძო ტვინიდან და მთავრდება ხახაში.

ენა-ხახის ნერვი (nervus glossopharingeus / Glossopharyngeal nerve) - თავის ტვინის IX წყვილის ნერვი.





10. ცდომილი ნერვი (nervus vagus / Vagus nerve) - თავის ტვინის X წყვილის ნერვი. ცდომილი ნერვი არის ჩვენი პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარი წყვილი ნერვი. ეს სისტემა აკონტროლებს სხეულის სპეციფიკურ ფუნქციებს, როგორიცაა საჭმლის მონელება, გულისცემა და იმუნური სისტემა. ეს ფუქნციები უნებლიეა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება მათ შეგნებულად ვერ აკონტროლებს.

ცთომილი ნერვი (nervus vagus / Vagus nerve) - თავის ტვინის X წყვილის ნერვი.





11. დამატებითი ნერვი (nervus accessorius / Accessory nerve) - თავის ტვინის XI წყვილი ნერვი. დამატებითი ნერვი აუცილებელია კისრისა და მხრების მოძრაობისთვის, ხორხის შინაგანი კუნთებისთვის და ტრაპეციის და სტერნოკლეიდომასტოიდული კუნთების აფერენტული სენსიბილიზაციისთვის.

 დამატებითი ნერვი (nervus accessorius / Accessory nerve) - თავის ტვინის XI წყვილი ნერვი.





12. ენისქვეშა ნერვი (nervus hypoglossus / Hypoglossal nerve) - თავის ტვინის XII წყვილი ნერვი. ენისქვეშა ნერვი ძირითადად ეფერენტული ნერვია ენის კუნთებისთვის. ნერვი სათავეს იღებს მოგრძო ტვინიდან და მიემართება კაუდალურად და დორსალურად ენამდე.

 ენისქვეშა ნერვი (nervus hypoglossus / Hypoglossal nerve) - თავის ტვინის XII წყვილი ნერვი.



ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;

11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია;

12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა;

13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა;

14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
112
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
112
  
კრანიალური თვალის მამოძრავებელი ნერვების აღდგენა ან რაიმე სახის ოპერაცია შესაძლებელია ? როცა მიზეზი ვერ დადგინდა და შესაძლუა რაღაც ვირუსის ან ინფექციისგან იყოს დატოვებული ?
12 მარტი, 4:24
ნერვული სისტემის ინტეგრაციული მოქმედების განმაპირობებელი მექანიზმების სირთულესა და სინატიფეზე შემდეგი მარტივი ფაქტები მეტყველებს: ნათხემის 10 მილიონი პურკინიეს უჯრედიდან თითოეულს გააჩნია დაახლოებით, საშუალოდ 300 000 სინაფსური დაბოლოება. დაღმავალი პირამიდული გზა დაახლოებით მილიონ ბოჭკოს შეიცავს. მაგრამ ექსპერიმენტული კვლევებით ნაჩვენებია, რომ მარტივი მოძრაობის აქტის განსახორციელებლად ტვინის ქერქიდან დაღმავალი მოდულაციური ზემოქმედება 20-ჯერ მეტი რაოდენობის ნეირონით ხორციელდება. ადამიანის გენების 35% ნერვულ სისტემაში ვლინდება. მისი აქსონებისა და დენდრიტების სიგრძივი განფენილობა რამდენიმე ათეულ ათას კილომეტრს აღემატება.
2023, 23 თებერვალი, 17:51
თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებში გამომრჩა:
ეპიფიზი (გირჩისებრი სხეული; Pineal gland) - ის ჩნდება დაახლოებით 405 მილიონი წლის წინ. ეპიფიზი შუამდებარე ტვინშია მოთავსებული, არეგულირებს სასქესო ჯირკვლების განვითარებას და მათ მიერ ჰორმონების სეკრეციას. ასევე ეპიფიზი აკონტროლებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას. ეპიზი ასევე გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას მელატონინს.
0 1 3