x
image
დავითი ჩუთლაშვილი
5 გასაოცარი ფაქტი ფუტკრების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე
ფუტკარი საოცარი მწერია. მის მიერ დამზადებული თაფლი ბუნების ნამდვილი სასწაული და ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ ფუტკარი მხოლოდ იმიტომ არ არის საოცარი მწერი, რომ თაფლს და დინდგელს ამზადებს. მას უკავშირდება კიდევ სხვა მრავალი საოცრება, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი:


1. ფუტკრებს ასაფეთქებელი ნივთიერების გამოვლენა შეუძლიათ


ფუტკრებს ყნოსვის დაახლოებით 60 ათასი რეცეპტორი აქვთ. მათი მეშვეობით ამ უნიკალურ მწერებს სუნის უმცირესი მოლეკულების შეგრძნება შეუძლიათ. როგორც ნიუ-მექსიკოს და ხორვატიის მკვლევარებმა დაადგინეს, ფუტკრებს შეუძლიათ ასაფეთქებელი ნივთიერებების სუნის შეყნოსვაც.


ეს იმდენად გასაოცარი თვისებაა, რომ ამჟამად სერიოზული მსჯელობაა დაწყებული ფუტკრების გამოსაყენებლად ნაღმების აღმოჩენის და განეიტრალების მიზნით.



2. სპილოებს ფუტკრების ეშინიათ


დაუჯერებელია, მაგრამ ისეთ უზარმაზარ ცხოველებს, როგორებიც სპილოები არიან, ფუტკრების მართლა ეშინიათ! საკმარისია სპილომ ფუტკრების ნაყრის ზუზუნი გაიგონოს, რომ დაფეთებული გარბის. სწორედ სპილოების ეს შიში გამოიყენა Northeast Frontier Railway-მ სპილოების დასაფრთხობად. იმისათვის, რათა სარკინიგზო კომპანიას მატარებლების და ველური სპილოების შეჯახება თავიდან აეცილებინა, მან რელსების მახლობლად რუპორები დაამონტაჟა. მატარებლის მიახლოებასთან ერთად რუპორებში ფუტკრების ზუზუნი ისმის, რის შედეგადაც მატარებელთან შეჯახებისგან რამდენიმე სპილოს გადარჩენა მართლა წარმატებით მოხერხდა.


3. ფუტკრებს დათრობა შეუძლიათ


ესეც სრულიად ფანტასტიკური ამბავია. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ფუტკარი მხოლოდ ღალის შესაგროვებლად კი არ აკითხავს ყვავილებს, არამედ… დასათრობადაც.


დიახ, სწორად წაიკითხეთ!


თურმე ცხელ ზაფხულში შესაძლებელია ყვავილთა ნექტარში ალკოჰოლი წარმოიქმნას. ფუტკარი, რომელსაც ასეთ ნექტართან უწევს შეხება, თვრება. ასეთ დროს ამ უსაყვარლესი პატარა მწერის ქცევა მთვრალი ადამიანის ქცევას ჰგავს: მას ფეხი ერევა და ბარბაცებს.


ალბათ ფიქრობთ, რომ მთვრალი ფუტკარი სკაში მიფრინავს, არა? მაგრამ ნურას უკაცრავად! მას სკის მცველები შიგნით არ უშვებენ. ამიტომ მწერი იძულებულია, რომელიმე ყვავილის ბუტკოში გამოიძინოს, გამოფხიზლდეს და მხოლოდ ამის შემდეგ რთავენ მას ნებას, მშობლიურ სკას დაუბრუნდეს.


4. ფუტკრები კოსმოსში


1995 წელს კოსმოსურ ხომალდ “ჩელენჯერის” ბორტზე უჩვეულო ტვირთი იყო მოთავსებული: მეცნიერებმა ხომალდით კოსმოსში ფუტკრები გაგზავნეს. მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ როგორ ააგებდნენ მწერები უწონადობაში ფიჭის გასაოცარ გეომეტრიულ სტრუქტურებს. ცდის უკეთ ჩასატარებლად ახლად გამოჩეკილი ფუტკრები დანარჩენებისგან გამოაცალკევეს და მათ მიერ ფიჭის დამზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ.


5. ერთი ჭიქა თაფლის დასამზადებლად ფუტკრები 100 ათას კილომეტრს გადიან


წარმოუდგენელია, მაგრამ იმისათვის, რათა 500 გრამი თაფლი დაამზადოს, ფუტკარმა დედამიწას 2, 5-ჯერ უნდა შემოუფრინოს. სწორედ ამხელა მანძილს გადის ეს არაჩვეულებრივი მწერი სულ რაღაც ერთი ჭიქა თაფლის დასამზადებლად.


დასასრულისთვის დავამატებ, რომ ფუტკრების მიერ განხორციელებული საკვირველებები ამით არ მთავრდება და ამიტომ გასაოცარ ფაქტებს ფუტკრების შესახებ მომავალშიც შემოგთავაზებთ.


ფუტკარი



1
811
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
811
  
2023, 26 იანვარი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1