საბუნებისმეტყველო ამერიკელი მეცნიერი: “უცხოპლანეტელებთან კონტაქტმა შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლე დაასრულოს” 2023, 25 იანვარი, 19:54 პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ს ყოფილი რედაქტორი, მარკ ბუხენენი ამტკიცებს, რომ კაცობრიობამ თავისი განვითარების მოცემულ ეტაპზე არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტის ძიებას თავი უნდა დაანებოს. Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარკი სიხარულს ვერ მალავს, რომ ადამიანთა მოდგმამ რომელიმე განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტი ჯერ კიდევ ვერ დაამყარა.
“დედამიწისგარეშე ცივილიზაციასთან კავშირის დამყარების მცდელობა შესაძლოა უკიდურესად სახიფათო აღმოჩნდეს, ” - ამტკიცებს მეცნიერი. ბუხენენის აზრით, კონტაქტის დამყარების მცდელობებისას კაცობრიობას უკიდურესი სიფრთხილე მართებს და დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ ღირს დაფიქრება პირველი კონტაქტის მცდელობების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ვინაიდან დედამიწა კოსმოსური მასშტაბების მიხედვით ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ადვილი შესაძლებელია, რომ კოსმოსში არსებული სხვა ცივილიზაციები მილიონობით წლით ჩვენზე წინ არიან წასულები როგორც სამეცნიერო, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რომელიმე ჩვენზე ბევრად წინ წასულ ცივილიზაციას კეთილი განზრახვები ექნება ჩვენთან მიმართებით. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სტივენ ჰოუკინგიც ანალოგიურად ფიქრობდა განვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ. 2017 წელს ჰოუკინგმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმ დაჟინებული მცდელობების თაობაზე, რითაც კაცობრიობა დედამიწისგარეშე ცივილიზაციებთან კონტაქტს ეძებს. გარდაცვლილი ავტორიტეტული მეცნიერი ფიქრობდა, რომ დედამიწელების და განვითარებული უცხო ცივილიზაციის კონტაქტი ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკელ ინდიელებთან შეხვედრის მსგავსი შეიძლება აღმოჩენილიყო, რაც კატასტროფით დასრულდა ახალი სამყაროს მკვიდრი ბინადრებისთვის. მართლაც, განა კაცობრიობის მთელი ისტორია გენოციდების და სისხლიანი შუღლის ისტორია არ არის? წარმოიდგინეთ, როგორი სასტიკი ომი მიმდინარეობს დღეს უკრაინაში თითქმის ერთნაირი წარმომავლობის ორ სლავ ერს შორის და როგორ სძულთ რუსებს უკრაინელები. ამ ფონზე რა გარანტია გვაქვს, რომ სრულიად უცხო პლანეტაზე წარმოშობილი ცოცხალი არსებები, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტი არასოდეს ჰქონიათ, შეგვიყვარებენ და ჩვენთან ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებენ? 418 შეფასება არ არის
|