საბუნებისმეტყველო მხედველობის ნერვი - N. optici - თავის ტვინის II წყვილი ნერვი 2022, 25 დეკემბერი, 14:42 მხედველობის ნერვი - N. optici მგრძნობელობის ნერვია. ისევე, როგორც ყნოსვის ნერვი (I წყვილი), მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავდება თავის ტვინის სხვა ნერვებისგან. შეიძლება ითქვას, რომ მხედველობის და ყნოსვის ანალიზატორები წარმოადგენს თავის ტვინის რედუცირებულ წილებს. მხედველობის ნერვის საწყის ნაწილს (ოფთალმოსკოპიის დროს ჩანს ბადურა გარსზე) ეწოდება მხედველობის ნერვის დვრილი ანუ დისკი. ბადურა გარსი (retina) წარმოადგენს წინა ტვინის ემბრიონულ ჩანასახს, სადაც მოთავსებულია მხედველობის გზის სამი პერიფერიული ნეირონისგან წარმოქმნილი ჯაჭვი. პირველი ნეირონები წარმოდგენილია ჩხირებისა და კოლბების სახით (ჩხირები უზრუნველყოფს მხედველობას სუსტი განათების დროს, ხოლო კოლბები - საგნის დეტალების გარჩევას და ფერად მხედველობას). მეორე ნეირონებია ბიპოლარული უჯრედები, ხოლო მესამე ნეირონები - განგლიური უჯრედები. მესამე ნეირონების აქსონთან ერთობლიობა წარმოქმნის მხედველობის ნერვს, რომელიც მხედველობის ხვრელის (foramen opticum) საშუალებით შედის ქალას ღრუში, თავსდება ქალას ფუძეზე; თურქული კეხის წინ გადაჯვარედინდება და წარმოქმნის მხედველობის ნერვის ჯვარედინს (chiasma opticum). უნდა აღინიშნოს, რომ გადაჯვარედინდება მხოლოდ ბადურას ნაზალური (შიგნითა) ნაწილიდან დაწყებული ბოჭკოები. ბადურას ტემპორალური (გარეთა) ნაწილის ბოჭკოები ხიაზმას გადაუჯვარედინებლად გაივლის. ხიაზმის შემდეგ მხედველობის გზას ეწოდება მხედველობის ტრაქტი. აღნიშნული ანატომიური თავისებურების გამო, მხედველობის ტრაქტში გადის არა ერთი თვალიდან გამოსული ბოჭკოები (როგორც მხედველობის ნერვში), არამედ ორივე ბადურა გარსის თანამოსახელე ნახევრებიდან დაწყებული ბოჭკოები: მხედველობის მარცხენა ტრაქტში ორივე ბადურა გარსის მარცხენა ნახევრებიდან, მარჯვენაში კი - ორივე ბადურა გარსის მარჯვენა ნახევრებიდან. აღსანიშნავია კიდევ ერთი თავისებურება: მინისებურ სხეულს ორმხრივ ამოზნექილი ლინზის ფორმა აქვს, რის გამოც ხდება სინათლის სხივის გარდატეხა და ბადურა გარსზე საგნის შებრუნებული და შემცირებული გამოსახულების პროეცირება. შესაბამისად, მარცხენა მხედველობის ტრაქტი ატარებს გაღიზიანებას ორივე თვალის მხედველობის ველის მარჯვენა ნახევრებიდან, ხოლო მარჯვენა მხედველობის ტრაქტი - მხედველობის ველის მარცხენა ნახევრებიდან. ბადურას სხვადასხვა ნაწილიდან დაწყებულ ბოჭკოებს მხედველობის ტრაქტში განსაზღვრული მდებარეობა გააჩნია (ისევე, როგორც მხედველობის ნერვში): ბადურას ზედა ველებიდან გამოსული ბოჭკოები მოთავსებულია მხედველობის ნერვისა და ტრაქტის ზედა ნაწილებში. ბადურა გარსის ქვედა ველებიდან დაწყებული ბოჭკოები კი ქვედა ნაწილებში (ამ თავისებურებას დიდი მნიშვნელობა აქვს მხედველობის ტრაქტში ან ნერვში სიმსივნის ჩაზრდის ხარისხის დასადგენად). მხედველობის ტრაქტი (ხიაზმის შემდეგ) ქალას ფუძიდან თანდათან ზევით მიემართება, გარედან შემოუვლის ტვინის ფეხს და მთავრდება ე.წ. მხედველობის პირველად, ანუ ქერქქვეშა ცენტრებში. მხედველობის ქერქქვეშა ანალიზატორს მიეკუთვნება: მხედველობის ბორცვის ბალიში (pulvinar), გარეთა დამუხლული სხეული (corpus geniculatum laterale thalami optici) და ოთხგორაკის წინა ორგორაკი (გუგის სინათლეზე რეაქციის რეფლექსური ცენტრი). მხედველობის ანალიზატორის მეოთხე ნეირონი მხოლოდ გარეთა დამუხლულ სხეულშია მოთავსებული. მათი აქსონები გაივლის შიგნითა კაფსულის უკანა ფეხის უკანა მესამედში და კეფის წილის ქერქში წარმოქმნის გრაციოლეს კონას - radiatio optica, რომელიც მთავრდება მხედველობის მეორად ცენტრში - კეფის წილის მედიალურ ზედაპირზე, დეზის ნაპრალის (sulcus calcarinus) ზედა და ქვედა კიდეები (ბროდმანის ველი 17). ზედა ნაწილს მიეკუთვნება სოლი (cuneus), ქვედას კი ენის ხვეული (gyrus lingualis). ბადურას ზედა ნახევრის (ზედა კვადრანტების) გამტარები მთავრდება cuneus-ში, ხოლო ქვედა კვადრანტების (კვადრანტი არის მხედველობის ველის 1/4) - gyrus lingualis-ში. ოთხგორაკის წინა ორგორაკში მთავრდება მხედველობის ნერვის ე.წ. პუპილარული ბოჭკოები, რომლებიც წარმოადგენენ გუგის სინათლეზე რეაქციის რეფლექსური რკალის პირველ რგოლს. ისინი ამყარებენ კავშირს წინა ორგორაკში მოთავსებულ ჩართულ ნეირონებთან (II ნეირონები); მათი აქსონები მიემართება იაკუბოვიჩ-ედინგერ- ვესტფალის ბირთვებისკენ (თავის ტვინის III წყვილი ნერვების წვრილუჯრედოვანი წყვილი ბირთვი), როგორც თავისავე, ასევე მოპირდაპირე მხარეს. ამით აიხსნება ორივე გუგის შეთანხმებული რეაქცია სინათლეზე, ერთი თვალის განათების დროს. იაკუბოვიჩის ბირთვებიდან ბოჭკოები მიემართება წამწამოვანი კვანძისკენ (ganglion ciliare), თვალის მამოძრავებელი ნერვის (oculomotorius - III წყვილი) შემადგენლობაში საბოლოო ნეირონის აქსონი წამწამოვანი კვანძიდან აღწევს გუგის სფინქტერს (m. sphincter pupillae). რაც შეეხება მხედველობის ტრაქტის იმ ბოჭკოებს, რომლებიც მხედველობის ბორცვის ბალიშში მთავრდება, ისინი კავშირს ამყარებენ შუამდებარე და შუა ტვინთან (სომატური და ვისცერალური რეფლექსები). მხედველობის ნერვში იმპულსის გატარების სრული შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება სიბრმავე (amaurosis) და სინათლეზე გუგის პირდაპირი რეაქციის მოსპობა შესაბამის თვალში (ბრმა თვალის გუგა ვიწროვდება მხოლოდ ჯანმრთელი თვალის სინათლით გაღიზიანების დროს - გუგების შეთანხმებული რეაქციის გამო). მხედველობის დაქვეითებას ამბლიოპია ეწოდება (ბერძ. amblys - სუსტი, opos - თვალი). მხედველობის ანალიზატორის პათოლოგიის დროს შესაძლებელია განვითარდეს: 1. ჰემიანოფსია - მხედველობის ველების ნახევრის გამოვარდნა. 2. კვადრანტული ჰემიანოფსია - მხედველობის ველის 1/4-ის გამოვარდნა. 3. სკოტომა - მხედველობის ველის დეფექტი კუნძულის სახით. 4. ფოტოფსია - მხედველობის ველში ათინათის, ლაქების, წერტილების გამოჩენა. როგორც აღვნიშნეთ, ჰემიანოფსია არის მხედველობის ველების დეფექტი, რომელიც მხედველობის ველების მხოლოდ ერთ ნახევარში ვლინდება; იყოფა ორ ჯგუფად: ჰეტერონიმური (არა თანამოსახელე) და ჰომონიმური (თანამოსახელე) ჰემიანოფსიები. ჰეტერონიმური ჰემიანოფსიის დროს მხედველობის ველის დეფექტი ერთ თვალში აღინიშნება მხედველობის ველის მარჯვენა ნახევარში, ხოლო მეორე თვალში - მხედველობის ველის მარცხენა ნახევარში. ჰომონიმური ჰემიანოფსიის დროს კი მხედველობის ველის დეფექტი ვლინდება თითოეული თვალის მხედველობის ველის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრებში. შესაბამისად არჩევენ მარჯვენამხრივ და მარცხენამხრივ ჰომონიმურ ჰემიანოფსიას. ჰემიანოფსიის განსაკუთრებულ ფორმას მიეკუთვნება მხედველობის ველის ჰემიანოფსიური დეფექტი ცალ თვალზე, მეორე თვალის ნორმალური მხედველობის ველის ფონზე. მხედველობის ველის დეფექტის ზომის მიხედვით, ჰემიანოფსია შეიძლება იყოს: მთლიანი, ნაწილობრივი და ჰემიანოფსიური სკოტომის სახით. მთლიანი ჰემიანოფსიის დროს გამოვარდნილია მხედველობის ველის ზუსტად ერთი ნახევარი; ნაწილობრივი ჰემიანოფსიის დროს აღინიშნება მხედველობის ველის ნახევრის შევიწროება (მაგალითად კვადრანტული ჰემიანოფსიის შემთხვევაში გამოვარდნილია მხედველობის ველის ზედა ან ქვედა ერთი მეოთხედი); ჰემიანოფსიური სკოტომის დროს კი მხედველობის ველის დეფექტი "კუნძულის" სახით აღინიშნება მხედველობის ველების ნახევრებში. ზემოთ ჩამოთვლილი მხედველობის ველების ყველა დეფექტი ე.წ. ცალმხრივ ჰემიანოფსიებს მიეკუთვნება. აღწერილია, აგრეთვე ორმხრივი ჰემიანოფსიები, როდესაც მხედველობის დეფექტები აღინიშნება მხედველობის ველის ორივე ნახევარში (ანუ ორივე თვალზე და თითოეულ თვალში მხედველობის დეფექტი ვლინდება მხედველობის ველის როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ნახევრებში). ორმხრივი ჰემიანოფსია შეიძლება იყოს ქვედა და ზედა; მხედველობის დეფექტის ზომის მიხედვით კი მთლიანი, ნაწილობრივი ან ჰემიანოფსიური სკოტომა. მხედველობის გზების სხვადასხვა დონეზე დაზიანებას შეესაბამება გარკვეული კლინიკური სიმპტომატიკა, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია (ანუ დავსვათ ტოპიკური დიაგნოზი). ბადურა გარსის პათოლოგიის დროს გამოხატულია ფოტოფსიები, სკოტომა, შესაძლებელია ამბლიოპიისა და ამავროზის განვითარება. მხედველობის ნერვის ინტრაოკულარული ნაწილის დაზიანება ვლინდება ოფთალმოსკოპით გამოკვლევისას. მხედველობის ნერვის რეტრობულბური ნაწილის დაზიანების დროს გამოხატულია ამავროზი და სინათლეზე გუგის პირდაპირი რეაქციის მოსპობა შესაბამის თვალში ან ამბლიოპია (ნერვის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში). ამავე დროს, ბადურაზე აღინიშნება რეტრობულბური პროცესისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ვენების გაფართოება, დვრილის ჰიპერემია საზღვრების წაშლით და ა.შ. ხიაზმის დაზიანების შემთხვევაში, მხედველობის ველის ცვლილებები წარმოდგენილია საწყისი სიმპტომების და დასრულებული სინდრომების სახით. ხიაზმის დაზიანების დასრულებულ სინდრომებს მიეკუთვნება: სრული ბიტემპორალური ჰემიანოფსია, სრული ბინაზალური ჰემიანოფსია, სიბრმავე ცალ თვალზე, ტემპორალური ჰემიანოფსიით მეორე თვალზე. ხიაზმის დაზიანების საწყისი სიმპტომები განპირობებულია პათოლოგიური კერის ზეწოლით მხედველობის გზების ჯვარედინზე. ისინი პროგრესირებენ დაავადების გავრცელების პარალელურად. ხიაზმაზე ქვემოდან ზეწოლა იწვევს ნაწილობრივ ბიტემპორალურ ჰემიანოფსიას, მხედველობის ველის საფეთქლის ზედა კვადრანტების დავიწროებით ან გამოვარდნით. ამგვარი სიმპტომატიკა ახასიათებს ინტრასელარულ სიმსივნეებს, მათ შორის ჰიპოფიზის ადენომებს. სიმსივნის ზემოთ ზრდის შემთხვევაში, მხედველობის ველის დეფექტებსი ვლინდება მერკულოვის კანონის შესაბამისად: პირველ რიგში გამოვარდება საფეთქლის ზედა კვადრანტები, შემდეგ საფეთქლის ქვედა და ცხვირის ქვედა კვადრანტები დას სულ ბოლოს კი ცხვირის ზედა კვადრანტები - ორივე თვალზე. მხედველობის ანალიზატორის დაზიანება მხედველობის ჯვარედინის ზევით იწვევს თანამოსახელე, ანუ ჰომონიმური ჰემიანოფსიის განვითარებას, ვინაიდან დაწყებული მხედველობის ტრაქტიდან, მხედველობის გზებსა და ცენტრებში იმპულსები ტარდება ორივე ბადურას თანამოსახელე ნაწილებიდან (მარჯვენაში - ორივე ბადურას მარჯვენა ნაწილებიდან, მარცხენაში - ორივე ბადურას მარცხენა ნაწილებიდან). მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგიერთი ნიშანი, რაც საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ მხედველობის ტრაქტის, მხედველობის პირველადი ცენტრის, გრაციოლეს კონის და დეზის ნაპრალის დაზიანებით განპირობებული ჰემიანოფსია. მხედველობის ტრაქტის დაზიანების დროს აღინიშნება: - მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია. - კონტრლატერალური ჰომონიმური ჰემიანოფსია (ხშირად, მხედველობის ველის დეფექტი ასიმეტრიულია); - მოსპობილია გუგების რეაქცია სინათლეზე, ნაპრალოვანი ლამპით ბადურას "ბრმა" ნახევრების განათების დროს; - დადებითი სკოტომა (ავადმყოფი აღიქვამს მხედველობის დეფექტს შავი ლაქის სახით). გარეთა დამუხლული სხეულის დაზიანების დროს უპირატესად ვითარდება კვადრანტული ჰემიანოფსია (ვინაიდან პათოლოგიური კერა მოიცავს corpus geniculatum laterale-ს მხოლოდ გარკვეულ უბანს). გრაციოლეს კონის დაზიანების შემთხვევაში: - მხედველობის ნერვის ატროფია არ არის გამოხატული; - აღინიშნება კონტრლატერალური ჰომონიმური ჰემიანოფსია (მხედველობის ველის დეფექტი, როგორც წესი, სიმეტრიულია); - გუგები რეაგირებს სინათლეზე ბადურას ორივე ნახევრის გაღიზიანებისას; - გამოხატულია უარყოფითი სკოტომა (ავადმყოფი ვერ აღიქვამს მხედველობის ველის დეფექტს). მხედველობის ანალიზატორის ქერქული ცენტრის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ვითარდება კვადრანტული ჰემიანოფსია. მაგალითად, მარცხენა cuneus-ის დაზიანების დროს "ბრმა" აღმოჩნდება მხოლოდ ბადურის მარცხენა ზედა კვადრანტი; შესაბამისად, მხედველობა გამოვარდნილი იქნება მარჯვენა ქვედა კვადრანტში. მხედველობის ანალიზატორის ქერქული ცენტრის გაღიზიანების დროს აღმოცენდება მხედველობითი ჰალუცინაციები კონტრლატერალურ მხედველობის ველში - მარტივი ფოტოფსიების სახით, რაც ზოგჯერ გენერალიზებული კრუნჩხვითი განტვირთვის აურას წარმოადგენს. კეფის წილების გაღიზიანებისას მხედველობითი ჰალუცინაციები უფრო რთული ხასიათისაა: ფიგურების, სახეების, კინოფილმის კადრების სახით. ნევროლოგიურ კლინიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვალის ფსკერის, მხედველობის ველის და სიმახვილის გამოკვლევას. მხედველობის სიმახვილეს საზღვრავენ სპეციალური ცხრილის საშუალებით (სხვადასხვა ზომის ასოების და სიმბოლოების ამოცნობა). მხედველობის ველს იკვლევენ სპეციალურ აპარატზე - პერიმეტრზე. მხედველობის ველის პათოლოგია შეიძლება გამოვავლინოთ სპეციალური აპარატურის არარსებობის შემთხვევაშიც: ავადმყოფს ვთხოვთ შუაზე გაყოს პირსახოცი, რომელიც მთელ სიგრძეზე არის გაშლილი მკვლევარის მიერ. ჰემიანოფსიის არსებობისას ამ ამოცანის სწორი შესრულება შეუძლებელია, ვინაიდან ავადმყოფი შუაზე ყოფს პირსახოცის მხოლოდ იმ ნახევარს, რომელსაც ხედავს. თვალის ფსკერის გამოკვლევას აწარმოებენ ოფთალმოსკოპის და ნაპრალოვანი ლამპის საშუალებით. ნორმალური თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიური სურათი ასეთია: წითელ ფონზე, რასაც ქმნის სისხლძარღვოვანი გარსის გამოსხივება, მხედველობის დვრილი მოჩანს მრგვალი დისკოს სახით, რომლის ცენტრი თეთრი ფერისაა და შუაში ჩაღრმავებულია. თვალის ფსკერზე მხედველობის ნერვთან ერთად შედის ბადურას ცენტრალური არტერია და გამოდის ამავე სახელწოდების ვენები. მხედველობის დვრილიდან 3-4 მმ-ის დაშორებით, მუქი წითელი ფერის წარმონაქმნია - ყვითელი ხალი (macula lutea). მხედველობის ნერვის დვრილის პათოლოგიური ცვლილებებიდან აღსანიშნავია: 1. მხედველობის ნერვის ანთება (neuritis n. optici); 2. მხედველობის ნერვის ატროფია (atrophia n. optici); 3. მხედველობის ნერვის ანთების დვრილის შეშუპება (oedema papillae n. optici). მხედველობის ნერვის ანთების დროს დვრილები ძლიერ ჰიპერემიულია, შემღვრეული, საზღვრები წაშლილია, არტერიები და ვენები გაგანიერებულია; გამოხატულია სისხლჩაქცევები. მხედველობის ნერვის ანთებას იწვევს მრავალი ინფექცია და ინტოქსიკაცია; ნევრიტი ყოველთვის მეორადი ხასიათისაა, დამახასიათებელია მხედველობის ნაადრევი დაქვეითება. მხედველობის ნერვის ატროფიის დროს თვალის ფსკერზე გამოხატულია დვრილის ზომაში შემცირება, მისი გაფერმკრთალება ან გარუხება, საზღვრების წაშლა, არტერიებისა და ვენების შევიწროება. არჩევენ მხედველობის ნერვის პირველად ატროფიას, რომელსაც ახასიათებს დვრილის გაფერმკრთალება და მხედველობის ნერვის მეორად ატროფიას, როდესაც ნერვული უჯრედების დაღუპვის და გლიით ჩანაცვლების გამო, დვრილი იღებს რუხ შფერილობას (რუხი ატროფია). მხედველობის ნერვის ატროფია პირველადია, თუ ბადურაზე ცვლილებები თავიდანვე ატროფიული პროცესით იწყება (ტაბესი, ჰიპოფიზის სიმსივნე, მხედველობის ნერვის დვრილის ტემპორალური ნაწილის გაფერმკრთალება გაფანტული სკლეროზის დროს); მხედველობის ნერვის ატროფია მეორადია, თუ ატროფიული პროცესი მხედველობის ნერვის ანთების, ან დვილის შეშუპების შემდეგ ვითარდება. შეშუპებული დვრილები გვხვდება თავის ქალას ღრუში მოცულობითი პროცესის არსებობისას (სიმსივნე, აბსცესი და სხვ.). ქალასშიდა წნევის მომატების გამო. არჩევენ მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპების ხუთ სტადიას: შეშუპებული დვრილის საწყისი მდგომარეობა, გამოხატული შეშუპებული დვრილი; მკვეთრად გამოხატული შეშუპებული დვრილი; შეშუპებული დვრილი ატროფიის სტადიაში და მხედველობის ნერვის მეორადი (შეშუპების შემდგომი) ატროფია. თავისებური ცვლილებები ვითარდება თვალის ფსკერზე სხვადასხვა დაავადების დროს. ბადურაზე სისხლჩაქცევები გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონული დაავადების, ნეიროვასკულიტის დროს. ჰიპერტონული დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში თვალის ფსკერზე ვითარდება salus I და salus II, რეტინოპათია და სხვ. შუბლის წილის ფუძის სიმსივნის დროს აღინიშნება ფოსტერ კენედის სინდრომი: პათოლოგიური პროცესის მხარეზე მხედველობის ნერვის დვრილის პირველადი ატროფია (მხედველობის ნერვის კომპრესიის გამო), ხოლო მეორე თვალზე დვრილის შეშუპება (ქალასშიდა წნევის მომატების გამო). უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ორი საკუნის მანძილზე ოფთალმოსკოპია იყო ერთადერთი გამოკვლევა, როდესაც ექიმს შეეძლო უშუალოდ (ქირურგიული ჩარევის გარეშე), adoculos, დაეთალიერებინა დიდი ნერვული ღერო - n. opticus თავის ქალაში შესვლამდე. ამ მეთოდს დღესაც სათანადო ადგილი უჭირავს ნერვულ სნეულებათა პარაკლინიკურ გამოკვლევებს შორის. წყარო: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 80-88. ნევროლოგია:1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები; 2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები; 3. ნათხემი; 4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი; 5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი; 6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი; 7. დიენცეფალონი; 8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები; 9. ნევროლოგიური დაავადებები (სია); 10. ხერხემალი და ზურგის ტვინი; 11. ტვინში ფუნქციების ლოკალიზაციის კონცეფცია; 12. თავის ტვინის დაზიანების ტიპიკური დიაგნოსტიკა; 13. ზურგის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა და დაზიანების დონის დადგენა; 14. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა; კრებულები:1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. სხვადასხვა - ნაწილი I 6. სხვადასხვა - ნაწილი II 7. ქართული მითოლოგია 8. რელიგია 9. საქართველო - ნაწილი I 10. საქართველო - ნაწილი II 11. ქართული სახელმწიფოები 12 პროტოქართველები 13. კავკასიური კულტურები 14. პარანორმალი 15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე224 1-ს მოსწონს
|