x
image
დავითი ჩუთლაშვილი
არქტიკაში აღმოჩენილი 400 წლის ზვიგენი შესაძლოა დედამიწაზე ყველაზე ასაკოვანი ხერხემლიანი ცხოველი იყოს
ეს არსებები ძალიან ნელა მოძრაობენ. ისინი მხოლოდ 150 წლის ასაკში აღწევენ სქესობრივი სიმწიფის ასაკს. ისინი გრენლანდიური ზვიგენები, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველები არიან. ამ სახეობის ერთ-ერთი ეგზემპლარი უკვე მე-17 საუკუნის დასაწყისიდან დაცურავს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ის მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. 392 წელი - ასეთია მკვლევარების დასკვნით ახლად აღმოჩენილი ხანდაზმული გრენლანდიური ზვიგენის ასაკი.


1630 წელს, როცა ეს უცნაური ცხოველი დაიბადა, საქართველო სამეფო-სამთავროებად იყო დაშლილ-დანაწევრებული. მარტყოფის და მარაბდის ბრძოლები ჩვენს ერს ხუთი წლის გადატანილი ჰქონდა. ქართლში თეიმურაზ I მეფობდა, ხოლო ირანში შაჰ აბას I ერთი წლის წინ იყო მკვდარი.


დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ პერიოდში დაბადებულმა ხერხემლიანმა ცხოველმა ჩვენამდე მოაღწია.


მაგრამ ამ ცოცხალი არსების საოცრებები ამით არ მთავრდება. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ გრენლანდიური ზვიგენების სხეულის ტემპერატურა სულ რაღაც ერთ გრადუსს აღწევს და მათ 2200 მეტრის სიღრმეში შეუძლიათ ნადირობა.



ახლახანს ნაპოვნი 4 საუკუნის ასაკის ზვიგენი სიგრძით 5, 5 მეტრია და 1 ტონას იწონის. ის უხნესია იმ 28 გრენლანდიურ ზვიგენებს შორის, რომლებსაც მეცნიერები აკვირდებიან.


მკვლევარებმა არ იციან, თუ რატომ ცოცხლობენ გრენლანდიური ზვიგენები ასე დიდხანს. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად ეს მათი გენების დამსახურებაა. მეორე მოსაზრება იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ამ არსებათა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო სიცივე და ნივთიერებათა ნელი ცვლაა.


ეს უაღრესად საინტერესო ცხოველები წითელ წიგნში არიან შეტანილები, რადგან მათ გადაშენება ემუქრებათ. ისინი ძალიან ნელა მრავლდებიან და ამიტომ მათი სახეობა ძალიან მოწყვლადია. ამიტომ მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ თაობებს გრენლანდიურ ზვიგენებს შემოვუნახავთ თუ არა.


ზვიგენი

1
606
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
606
  
2022, 20 დეკემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1