x
image
დავითი ჩუთლაშვილი
შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა? - ნახეთ, რა თქვა ამერიკელმა მეცნიერმა

დროში მოგზაურობა შესაძლებელია. სწორედ ასე ფიქრობს ბრაიან გრინი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკის პროფესორია. მან World Science Festival-ზე ნათლად ჩამოაყალიბა, თუ რანაირად არის შესაძლებელი ამ პერსპექტივის განხორციელება. მეცნიერმა ძირითადად მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, თუ რანაირად უნდა მოხერხდეს ეს.


გრინის განმარტებით, არსებობს ორი შესაძლებლობა, რათა მომავალში ვიმოგზაუროთ. ორივე მათგანი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მომავალში მოგზაურობაზე ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინი საუბრობდა 100 წლის წინათ. აინშტაინის მიხედვით (რასაც გრინიც ეთანხმება და იმეორებს) პიროვნება, ვისაც დროში მოგზაურობა სურს, უნდა გავიდეს კოსმოსში და იქ სინათლის სიჩქარესთან მოახლოებული სიჩქარე უნდა განავითაროს. ამის შემდეგ მას შეუძლია უკან, დედამიწაზე დაბრუნდეს და აღმოაჩენს, რომ სრულიად სხვა დროში მოხვდა.


მეორე მეთოდი დროში სამოგზაუროდ უმძლავრესი გრავიტაციის მქონე ობიექტის (მაგ. შავი ხვრელის) ახლოს ყოფნაა. თუ შავი ხვრელის კიდეს მიუახლოვდებით, თქვენთვის დრო ძალიან შენელდება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თვითონ ამას ვერ იგრძნობთ. ამის შემდეგ დედამიწაზე თუ დაბრუნდებით, დაინახავთ, რომ დროში იმოგზაურეთ.


მომავალში მოგზაურობა შესაძლებელია და ამ საკითხზე ყველა ფიზიკოსი თანხმდება, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით წარსულში მოგზაურობის პერსპექტივაზე. წარსულში მოგზაურობას რაც შეეხება, აქ ფიზიკოსების აზრი ორად იყოფა. მეცნიერების ერთი ნაწილი სრულად გამორიცხავს წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობას. მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ წარსულში მოგზაურობა ჭიახვრელების მეშვეობით არის შესაძლებელი. ჭიახვრელი არის გვირაბი სივრცისა და დროის ჰიპოთეტურ გამრუდებაში. სივრცე და დრო კოლოსალური გრავიტაციის მეშვეობით “იკეცება” და ამ ნაკეცში ჩნდება ღრმული. სწორედ ეს არის ჭიახვრელი. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია სამყაროს ერთი მონაკვეთიდან მეორესკენ უსწრაფესი მოგზაურობა. მეორე ნაწილის აზრით კი წარსულში მოგზაურობაა შესაძლებელი. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჭიახვრელების არსებობა ამჟამად დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ არც ვიცით, მისი მეშვეობით გადაადგილებას თუ მოვახერხებთ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ჭიახვრელში მოხვედრის შემდეგ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი მომენტალურად განადგურდება და მისი ისეთივე სპაგეტიფიკაცია მოხდება, როგორც შავ ხვრელში მოხვედრის შემთხვევაში.



აქედან გამომდინარე, წარსულში მოგზაურობა არც ისე მიმზიდველი პერსპექტივა შეიძლება იყოს. ხოლო მომავალში მოგზაურობას რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა იმისათვის, რათა ის განვახორციელოთ, ხოლო მისი შედეგები საგრძნობი გახდეს, კაცობრიობას კიდევ მრავალი საუკუნე და გულმოდგინე შრომა დასჭირდება.


დრო

0
205
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0