საბუნებისმეტყველო თავის ტვინის დაზიანების ტოპიკური დიაგნოსტიკა 2022, 27 ნოემბერი, 3:50 წინა ცენტრალური ხვეული (gyrus precentralis) - ამ არეში არსებული პათოლოგიური კერა ხასიათდება ორი ძირითადი სიმპტომით: კიდურის ცენტრალური დამბლა ან პარეზი (პროცესის მოპირდაპირე მხარეს) და ჯექსონის ტიპის ეპილეფსიური კრუნჩხვითი განტვირთვები. კლინიკური სურათის მიხედვით შესაძლებელია წინა ცენტრალური ხვეულის დაზიანებული მონაკვეთის მინიშნება: ქვედა მონოპლეგია მიუთითებს ხვეულის ზედა მესამედის დაზიანებაზე, ხელის დამბლა - შუა მესამედის, ხოლო სახის კუნთების პარეზი კი - წინა ცენტრალური ხვეულის ქვედა მესამედის დაზიანების შედეგია. შესაძლებელია უფრო ზუსტი ლოკალური დიაგნოსტიკაც - ტერფის, მტევნის, ხელის თითების ქერქული წარმომადგენლობის დაზიანების განსაზღვრა. ქერქის ირიტაციის შემთხვევაში ვლინდება მხოლოდ კრუნჩხვები (გონების დაკარგვის გარეშე): ქვედა კიდურში (ფეხში) - წინა ცენტრალური ხვეულის ზედა მესამედის გაღიზიანების დროს, ზედა კიდურში (ხელში) - შუა მესამედის გაღიზიანების შემთხვევაში, ხოლო სახის კუნთებში - წინა ცენტრალური ხვეულის ქვედა მესამედის გაღიზიანების შემთხვევაში. ჯექსონის ტიპის ეპილეფსიური კრუნჩხვები შეიძლება დაიწყოს სხეულის ან კიდურის რომელიმე ნაწილში და გავრცელდეს ქერქის ირიტაციის შესაბამისად, რასაც "ჯექსონის მარში" ეწოდება. როდესაც აღინიშნება ორივე სიმპტომი (როგორც ქერქის დაზიანების, ასევე გაღიზიანების) - კრუნჩხვები ვლინდება პარეზულ (ან დადამბლავებულ) კიდურში. ზოგჯერ ქერქის ირიტაცია მეტად არის გამოხატული, ვიდრე ბეცის უჯრედების დესტრუქცია. ამ შემთხვევაში, კიდურში, რომელშიც კრუნჩხვები ვლინდება, მომატებულია მყეს-ძვალთა რეფლექსები და მხოლოდ მოგვიანებით ვითარდება პარეზი (არასრული დამბლა) ან დამბლა. შესაძლებელია ჯექსონის ტიპის პარციალური განტვირთვის გენერალიზაცია. უკანა ცენტრალური ხვეული (gyrus postcentralis) - თავის ტვინის ამ ნაწილში არსებული პათოლოგიური კერა ხასიათდება ორი ძირითადი სიმპტომით: მონოჰიპესთეზიით (ან მონოანესთეზიით) და პარესთეზიის შეტევებით (ე.წ. "სენსორული ჯექსონი") - (ჰიპესთეზია არის სხეულის ნაწილის მგრძნობელობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა - ამ დროს პაციენტმა შეიძლება სხეულის საწილში ვეღარ იგრძნოს ტკივილი, ტემპერატურა და ვიბრაცია). ვინაიდან უკანა ცენტრალურ ხვეულში, მგრძნობელობის ქერქულ ცენტრებს გააჩნია სომატოტოპიკური წარმომადგენლობა - ანესთეზია (ან ჰიპესთეზია) ვლინდება სხეულის ან კიდურის შესაბამის ნაწილში. იგივე შეიძლება ითქვას პარესთეზიების გავრცელების მიმართ - "სენსორული ჯექსონი" ვლინდება ქერქის ირიტაციის შესაბამისად (პარესთეზია არის წვის შეგრძნება რომელიც ჩვეულებრივ იგრძნობა ხელებში, მკლავებში, ფეხებში, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს სხეულის სხვა ნაწილებშიც. პარესთეზია ჩვეულებრივ უმტკივნეულოა და პაციენტის მიერვე აღიწერება ხოლმე, როგორც ჩხვლეტა ან დაბუჟება, კანზე მწერის ცოცვის შეგრძნება ან კანის ქავილი). სხივისებური გვირგვინი (Corona radiata) - პათოლოგიური პროცესი ჰემისფეროების სიღრმეში ხასიათდება ჰემიპარეზის ან ჰემიანესთეზიის განვითარებით, მაგრამ მგრძნობელობის და მოძრაობის მოშლა დაზიანებულ კიდურებში არათანაბრადაა გადანაწილებული. სხივისებურ გვირგვინში შეიძლება მეტად დაზიანდეს კისრის სეგმენტებისკენ მიმავალი ბოჭკოები, ვიდრე ზურგის ტვინის წელის შემსხვილებისკენ და პირიქით. შიგნითა კაფსულა (capsula interior) - შიგნითა კაფსულა არის ორმხრივი ტრაქტი ინფორმაციის გადასაცემად თავის ტვინის ქერქიდან პერიფერიისკენ და პირიქით, პერიფერიიდან ცერებრული ქერქისკენ. ის მდებარეობს თავის ტვინის თითოეული ნახევარსფეროს ქვედა შუა ნაწილში. თავის ტვინის განივ მონაკვეთებზე შიდა კაფსულა არის V-ფორმის სტრუქტურა, რომლის მწვერვალი მიმართულია მედიალურად. ყველაზე ხშირად ზიანდება შიგნითა კაფსულის მუხლი და უკანა ფეხი. პროცესის მოპირდაპირე მხარეს ე.წ. "კაფსულარულ" ჰემიპლეგიას თან ახლავს ჰემიანესთეზია. კაფსულარული ჰემიპლეგია ვლინდება კიდურების ცენტრალური დამბლით, ჰემიანესთეზიით და სახის ნერვისა (VII წყვილი) და ენისქვეშა ნერვის (XII წყვილი) ცენტრალური პარეზით. ზოგჯერ კაფსულარულ ჰემიპლეგიას და ჰემიანესთეზიას ემატება თანამოსახელე ჰომონიმური ჰემიანოფსია (უკანა ფეხის მახლობლად გრაციოლეს კონის დაზიანების ხარჯზე). მხედველობის ბორცვი - მხედველობის ბორცვები არის იგივე თალამუსი. თალამუსი შუამდებარე ტვინის ყველაზე ახალგაზრდა და ცენტრალური ნაწილია, რომლის განვითარებაც მჭიდროდაა დაკავშირებული ნახევარსფეროების ქერქის ფორმირებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსების განხორციელებას. ასევე წარმოადგენს ქერქისკენ მიმავალი სენსორული ინფორმაციის გადამცემ მიდამოს. მხედველობის ბორცვის დაზიანების შედეგად ჩამოყალიბებულ სიმპტომოკომპლექსს მიეკუთვნება დეჟერინის თალამური სინდრომი: ჰიპერპათია (მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ინტენსიური მყარი ტკივილის შეგრძნებით ტკივილის გამომწვევი ერთმანეთის მომდევნო გაღიზიანებისას), ჰემიანესთეზია (ყველაზე ტლანქად მოშლილია კუნთ-სახსროვანი მგრძნობელობა), იოლი ჰემიპარეზი, უნებლიე სიცილი და ტირილი, ზოგჯერ ჰემიანოფსია (მხედველობის არის ერთი ნახევრის გამოვარდნა), "თალამური ხელი" (ხელისგული იღებს ფინჯნის ფორმას) და ჰიპერკინეზი-ქორეოათეტოზის სახით (პროცესში ზოლიანი სხეულის ჩართვის შემთხვევაში). ჰიპერკინეზი სიტყვასიტყვით ჭარბ მოძრაობას ნიშნავს. ეს არის უნებლიე, სწრაფი, არარეგულარული მოძრაობები, რომელიც არ ემორჩილება ნება-სურვილს. ადამიანი ამ დროს შეიძლება ამოძრავებდეს რომელიმე კიდურს, სახეზე ეხატებოდეს უცნაური გრიმასა. ქორეა ასეთი ჰიპერკინეზის ერთ-ერთი სახეა. თავად სიტყვა ქორეა ნიშნავს ცეკვას და წარმოადგენს ნერვულ დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია კიდურებისა და სახის კუნთების უნებლიე და უწესრიგო მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ძილში წყდება. რაც შეეხება ქორეოათეტოზს, ეს არის ქორეული ჰიპერკინეზის შერწყმა ათეტოზთან. ათეტოზი ჰიპერკინეზიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ახასიათებს თითების და ტანის უნებლიე ჭიისებრი მოძრაობები (კრუნჩხვები). ათეტოზი უფრო ხშირად ვითარდება თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვების (უფრო ხშირად ზოლიანი სხეულის) დაზიანების შედეგად. შუბლის წილი (Frontal lobe) - ეს არის დიდი ტვინის უბანი და ტვინის წილებს შორის ყველაზე დიდი წილი, რომელიც გვერდითი ნაპრალის ზემოთ და ცენტრალური ღარის წინაა მოთავსებული. მონაწილეობს მოტორულ კონტროლსა (მოძრაობის კონტროლსა) და კოგნიტურ (ცნობიერ) ქმედებებში. შუბლის წილი ყველაზე მოშორებული უბანია შემავალი სენსორული სტიმულაციისგან და მისი ფუნქციები ყველაზე რთულად მოსახელთებელია. ეს არის აღმასრულებელი უბანი, რომელიც ტვინის იმ სისტემის მოქმედებას წარმართავს და აკონტროლებს, რომლებიც კოგნიტურ ფუნქციონირებას უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზნების დასახვა. შუბლის წილის დაზიანება ადამიანის ინდივიდუალურობის, პიროვნულობის ცვლილებას იწვევს. შუბლის წილის დაზიანებას (როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ჰემისფეროში) ახასიათებს ე.წ. "შუბლის სიმპტომატიკა": ფსიქიკის მოშლა, ცერებრული ატაქსია (სხეულის მოძრაობების კოორდინაციის მოშლა), "ტაცების" ფენომენი და სხვ. ამ დროს აღინიშნება აპათია (უგრძნობელობა, ყველაფრისადმი გულგრილობა), ყურადღების მოდუნება, მეხსიერების და თვითკრიტიკის დაქვეითება, უკბილო და ბილწი ხუმრობა, უსუფთაობა და მოუწესრიგებლობა (შარდავს იატაკზე, საწოლში და ა.შ, ) - ამ ყველაფერს ეწოდება "შუბლის ფსიქიკა". მძიმე დაზიანებისასას ცერებრული ატაქსია ვლინდება ვერტიკალური პოზის (ფეხზე დგომის) შენარჩუნებისა და სიარულის შეუძლებლობით (ასტაზია-აბაზია - დგომისა და სიარულის შეუძლებლობა დამბლის გარეშე). მსუბუქ შემთხვევაში ინკოორდინაცია აღინიშნება მხოლოდ სიარულის პროცესში შემოტრიალებისას და მკვეთრი მოძრაობის დროს, როდესაც ისახება დაცემის ტენდენცია დაზიანებული ჰემისფეროს საპირისპირო მხარეს. გამოხატულია "ტაცების" ფენომენი - ავადმყოფი ავტომატურად, გაუცნობიერებლად იტაცებს ნებისმიერი საგანს, რომელიც ეხება მის ხელისგულს. "შუბლის სიმპტომატიკას" ასევე მიეკუთვნება აკინეტიკური (შუბლისმიერი) აპრაქსია (მიზანდასახული მოქმედების შესრულების უნარის დაკარგვა). შუბლის წილის დაზიანების დროს (მამოძრავებელი ანალიზატორის და ეფერენტული სისტემების ზონა) ირღვევა რთული მოძრაობების პროგრამა, რაც იწვევს სპონტანურობის და მიზანდასახულობის მოშლას. მაგალითად, ავადმყოფი დგება საწოლიდან მოსაშარდად, მიდის საპირფარეშოსკენ, მაგრამ სწორად ვერ ასრულებს დასახულ ამოცანას - შარდავს შარვალში ან იატაკზე. მარცხენა ჰემისფეროში, შუბლის მესამე ხვეულის უკანა ნაწილის დაზიანების შემთხვევაში (ბროკას ცენტრი; Broca's area) აღინიშნება მოტორული აფაზია. მემარცხენეებში მოტორული აფაზია ვლინდება მარჯვენა ჰემისფეროს პათოლოგიის დროს. მოტორული აფაზია არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც ხასიათდება უპირატესად ექსპრესიული მეტყველების მოშლით. შეუძლებელია სიტყვების წარმოთქმა, თუმცა მეტყველების პერიფერიული აპარატის ორგანული დაზიანების ნიშნები არ არის. მეტყველებისთვის ამ დროს დამახასიათებელია აგრამატიზმი (ტელეგრაფული სტილი). პარაფაზიები სიტყვის სტრუქტურის დარღვევით და კონტამინაციები. აღინიშნება დომინანტური ჰემისფეროს ქვედა ხვეულის უკანა მესამედის (ბროკას ცენტრის) დაზიანების დროს. შუბლის შუა (მეორე) ხვეულის უკანა ნაწილის დაზიანებისას მარცხენა ჰემისფეროში აღინიშნება აგრაფია (წერის უნარის დაკარგვა). ამავე დროს, ის უპრობლემოდ მეტყველებს და შეუძლია დაწერილის აღქმა. პათოლოგიური პროცესი მარჯვენა ჰემისფეროს შუბლის წილში, რომელიც მდებარეობს წინა ცენტრალური ხვეულის წინ (მემარჯვენეებში) გამოკვეთილი სიმპტომატიკის გარეშე მიმდინარეობს. შუბლის მეორე ხვეულის ქერქის გაღიზიანება კი იწვევს ჰიპერკინეზს (ზედმეტ, უნებლიე მოძრაობებს), რაც გამოიხატება თავისა და თვალების ნაძალადევი შეტრიალებით პათოლოგიური პროცესის საპირისპირო მხარეს - deviation conjuguee; ამ მიდამოს დაზიანების შემთხვევაში - შეუძლებელია თავისა და თვალების ერთდროული შეტრიალება დაზიანებული ჰემისფეროს საპირისპირო მხარეს (ხშირად თვალები "უყურებს" პათოლოგიურ კერას). თხემის წილი (Parietal lobe) - ტვინის ეს უბანი შუბლის წილის უკან და ლატერალური ნაპრალის ზემოთაა. შეიცავს სომატოსენსორულ ქერქს. მოთავსებულია უშუალოდ ცენტრალური ღარის უკან. თხემის წილი აკონტროლებს ისეთ შეგრძნებებს, როგორიცაა შეხება, ტკივილი და ტემპერატურა. თხემის წილების დაზიანებისას ძირითადად ჟღერს მგრძნობელობის მოშლა. უკანა ცენტრალური ხვეულისა და მის უკან მდებარე ქერქის დაზიანება იწვევს ასტერეოგნოზიის განვითარებას: ავადმყოფი, მხედველობის კონტროლის გარეშე, ხელის შეხებით ვერ ცნობს მიწოდებულ საგანს და ვერ ახასიათებს მას; მაგრამ თუ უკანა ცენტრალური ხვეული ხელშეუხებელია და დაზიანებულია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორია, პროცესის მოპირდაპირე ზედა კიდურით (ხელით) ავადმყოფს შეუძლია ამოიცნოს მიწოდებული საგნის ფორმა, წონა ან მასალა, თუმცა თვით საგანს ის მაინც ვერ ასახელებს. ასტერეოგნოზიის იშვიათი ფორმებია აუტოტოპოაგნოზია, ფსევდომელია და ანოზოგნოზია. აუტოტოპოაგნოზიის დროს ავადმყოფი ვერ განასხვავებს სხეულის მარჯვენა ნახევარს მარცხენისგან და პირიქით. მას აღენიშნება გაუკუღმართებული წარმოდგენა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის მიმართ: მესამე ხელის ან ფეხის შეგრძნება, წარმოდგენა, რომ მტევანი მხრის გაგრძელებაა და არა წინამხრის და სხვ. ზედმეტი კიდურების შეგრძნება ფსევდომელიის სახელწოდებას ატარებს. ამგვარი მოშლილობების განვითარება sulci interparietalis-ის და თხემისა და კეფის წილების კავშირების დაზიანების შედეგია (აუტოტოპოაგნოზია შეიძლება განვითარდეს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა თხემის წილის დაზიანების შემთხვევაში). აუტოტოპოაგნოზიას ხშირად ახლავს თან ანოზოგნოზია - დამბლიანი ავადმყოფი ვერ აღიქვამს მოძრაობის მოშლას. ანოზოგნოზია ვითარდება მხოლოდ მემარჯვენეებში მარჯვენა თხემის წილის დაზიანებისას და მას თან ახლავს მარცხენამხრივი ჰემიპლეგია. მარცხენა ჰემისფეროს თხემის წილის განაპირა ხვეულის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება იდეატორული აპრაქსია (მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების უუნარობა). იდეატორული აპრაქსიის დროს დარღვეულია ცალკეული მოძრაობის თანმიმდევრობა (მაგალითად, ავადმყოფს სთხოვენ მოუკიდოს სიგარეტს. ის სიგარეტს ჩამოკრავს ასანთის კოლოფს, შემდეგ იღებს ასანთს და მიაქვს პირთან). ავადმყოფს არ შეუძლია ექიმის დავალების, განსაკუთრებით სიმბოლური ტესტების (თითის დაქნევა, სამხედრო სალამის მიცემა და სხვ.) შესრულება, მაგრამ შეუძლია ექიმის მიერ შესრულებული მოტორული აქტების განმეორება. ამ დროს აპრაქსია ვლინდება ორივე ხელში, მაგრამ თუ პროცესი ვრცელდება წინა ცენტრალურ ხვეულზე, მაშინ მარცხენა ხელში აღინიშნება იდეატორული აპრაქსია, მარჯვნივ კი - ცენტრალური ჰემიპლეგია (დამბლა სხეულის ერთ ნახევარში). მარცხენა ჰემისფეროს თხემის წილის განაპირა ხვეულის დაზიანების შემთხვევაში, მემარჯვენეებში (ან მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების დროს ცაციებში) შეიძლება გამოვლინდეს ალექსია (კითხვის უნარის დაკარგვა). ავადმყოფს ამ დროს არ შეუძლია ნაწერის გაგება და ამავე დროს მოშლილი აქვს წერის უნარი, მაგრამ არ აღინიშნება აგრაფია (წერის უნარის დაკარგვა), შუბლის მეორე ხვეულის დაზიანებისგან განსხვავებით. საფეთქლის წილი (Temporal lobe) - ეს არის ტვინის უბანი, რომელიც ლატერალური ნაპრალის ქვემოთაა მოთავსებული. საფეთქლის წილის გარე ზედაპირი ასოციაციური არეა, რომელსაც საფეთქის ზედა, შუათანა და ქვედა ხვეულები ქმნის. ლატერალური ნაპრალის საზღვართან საფეთქლის ორივე განივი ხვეული ტვინის პირველად აუდიალურ (ხმის აღმქმელ) ზონას ქმნის. სმენის შეგრძნება აქ ტონოტოპიურად არის წარმოდგენილი ანუ სხვადასხვა სიხშირე ხვადასხვა ნაწილში აისახება. განივ ხვეულზე ნაკლებად დახვეწილი მეორადი აუდიალური ზონაა გარს შემორტყმული. მედიალური ანუ შიდა შვერილი საფეთქლის წილის ვენტრალური ზედაპირის სიახლოვეს, რომელსაც უნკუსს (კაუჭისებრ წანაზარდს), ყნოსვის პირველი ზონის უდიდეს ნაწილს ქმნის. საფეთქლის წილის დაზიანება (ვერნიკეს ცენტრი, Wernicke's area - საფეთქლის ზედა ხვეულში) ვლინდება სენსორული აფაზიით. სენსორული აფაზიის (აფაზია - მეტყველების მოშლა) დროს ავადმყოფს უძნელდება სხვისი მეტყველების გაგება და საკუთარი მეტყველების სმენითი კონტროლი. გამოხატულია ლიტერალური და ვერბალური პარაფაზია (შეცდომები ასოების და სიტყვების წარმოთქმის დროს). ავადმყოფი ვერ ამჩნევს ამ შეცდომებს და ბრაზდება მოსაუბრეზე, რომელიც ვერ იგებს მის ნათქვამს. მკაფიოდ გამოხატული სენსორული აფაზიის დროს ავადმყოფი ბევრს ლაპარაკობს (ლოგორეა), მაგრამ მისი საუბარი გაუგებარია ირგვლივმყოფთათვის ("სიტყვიერი სალათი"). საფეთქლის, თხემის და კეფის წილების საზღვრის არეში პათოლოგიური კერის არსებობისას შეიძლება განვითარდეს სენსორული აფაზიის ერთ-ერთი ვარიანტი, ე.წ. "სემანტიკური აფაზია". ამ შემთხვევაში ავადმყოფი სწორად იგებს ცალკეულ სიტყვას, მაგრამ დარღვეულია სიტყვებს შორის გრამატიკული და სემანტიკური კავშირების აღქმის უნარი (ასეთ ავადმყოფს არ შეუძლია განასხვაოს გამოთქმები "მამის ძმა" და "ძმის მამა", ე.ი. ვერ აღიქვამს ნათქვამის აზრს). მრავალი ავტორი გამოყოფს აფაზიის კიდევ ერთ სახეს - ამნეზიურ აფაზიას, როდესაც ავადმყოფს არ შეუძლია დაასახელოს ნაჩვენები საგნის სახელწოდება (თითქოს დაავიწყდა), თუმცა აღნიშნავს მიცემული საგნის დანიშნულებას და სპონტანური მეტყველების დროს შეუძლია გამოიყენოს ეს ტერმინი. ჩვეულებრივ, საგნის სახელწოდების პირველი მარცვლის კარნახის შემდეგ, ავადმყოფი ასახელებს ნაჩვენებ საგანს. მეტყველების ამნეზიური მოშლა გვხვდება აფაზიის სხვადასხვა ფორმის დროს, მაგრამ იზოლირებულად საფეთქლის წილის ან თხემ-კეფის წილის საზღვრის დაზიანების შემთხვევაში. ამნეზიური აფაზია უნდა განვასხვავოთ ფართოდ გავრცელებული ცნების - ამნეზიისგან, რომელიც ხშირად გვხვდება საფეთქლის და შუბლის წილების მედიო-ბაზალური ნაწილების დაზიანების დროს (ამნეზიას ახასიათებს ადრე, ცხოვრების მანძილზე შეძენილი ცოდნისა და წარმოდგენების მეხსიერებიდან წაშლა). მარჯვენა საფეთქლის წილის დაზიანება (მემარჯვენეებში) მიმდინარეობს უმნიშვნელო კლინიკური სიმპტომატიკის აღმოცენებით, რასაც ვერ ვიტყვით მარცხენა საფეთქლის წილის დაზიანებაზე - ამ დროს ვლინდება ცერებრული ატაქსია (tr. occipito-temporo-ponto-cerebellar-ის დაზიანების შედეგად) პროცესის მოპირდაპირე მხარეზე: გაძნელებულია ვერტიკალური პოზის შენარჩუნება და სიარული. ხშირად აღინიშნება სისტემური თავბრუსხვევის შეტევები, ვინაიდან საფეთქლის წილის ქერქში განთავსებულია ვესტიბულური აპარატის წარმომადგენლობა. პერიოდულად ეს შეტევები იწყება სმენითი ჰალუცინაციებით. ზოგჯერ სმენითი, ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ეპილეფსიური გულყრის წინამორბედს წარმოადგენს და შესაბამისი ანალიზატორების ქერქის ირიტაციის (გაღიზიანების) შედეგია. საფეთქლის წილში ამ ზონების ცალმხრივი დესტრუქცია სმენის, ყნოსვის და გემოვნების მოშლას არ იწვევს, ვინაიდან ამ ანალიზატორების პერიფერიას დუბლირებული (ორმხრივი) ინერვაცია გააჩნია. საფეთქლის წილის დაზიანების ერთ-ერთ ნაადრევ სიმპტომს მიეკუთვნება მხედველობის ველის ცვლილებები. დასაწყისში აღინიშნება კვადრანტული ჰომონიმური ჰემიანოფსია (radiatio optici-ს ანუ გრაციოლეს კონის ბოჭკოების დაზიანების გამო), რომელიც თანდათანობით იცვლება მთლიანი ბინაზალური ჰომონიმური ჰემიანოფსიით. კეფის წილი (Occipital lobe) - ეს არის თავის ტვინის ის ნაწილი, სადაც ხდება სურათების დამუშავება. ეს არის თავის ტვინის ქერქის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წილი, რომელიც მდებარეობს თავის ქალას უკანა ნაწილში. კეფის წილში მოთავსებულია მხოლოდ ერთი გამტარი - მხედველობის ანალიზატორის ცენტრალური ნეირონი და პათოლოგიური პროცესი, შესაბამისად, მხოლოდ მხედველობის ფუნქციის მოშლას იწვევს. განვითარებული ჰომონიმური ჰემიანოფსია შეიძლება იყოს ზედა კვადრანტული (ერთ-ერთი ჰემისფეროს დეზის ნაპრალის ენის ხვეულის დაზიანების შემთხვევაში) ან ქვედა კვადრანტული (ერთ-ერთი ჰემისფეროს დეზის ნაპრალის სოლის დაზიანების დროს). კეფის წილის დაზიანების შემთხვევაში, ცენტრალური ჰომონიმური ჰემიანოფსიის გარდა, შეიძლება გამოხატული იყოს მხედველობის ანალიზატორის სხვა პათოლოგიაც: მხედველობითი ჰალუცინაციები, საგნის ფორმის აღქმის გაუკუღმართება (მიკროფსია, მაკროფსია, მეტამორფოფსია) და უმაღლესი ქერქული ფუნქციების მოშლა (მხედველობითი აგნოზია, ალექსია, ოპტიკური დათვლის შეუძლებლობა და სხვ.). მიკროფსია არის მხედველობითი ანომალია, როცა საგნები აღიქმება რეალურად ზომებზე უფრო შემცირებულად. მაკროფსია არის მხედველობითი ანომალია, როცა საგნები აღიქმება რეალურ ზომებზე უფრო დიდი ზომის მქონედ. მეტამორფოფსია არის მხედველობითი აღქმის დარღვევა, რომელიც ხასიათდება საგნების რეალური ფორმისა და ზომის დამახინჯებით. მხედველობითი აგნოზია ანუ ოპტიკური აგნოზია არის მდგომარეობა, როცა ავადმყოფი ვერ ცნობს საგანს, თუმცა ხედავს მას, არჩევს მის ფორმასა და ფერს. ზოგჯერ ცნობს ცალკეულ საგანს, მაგრამ ვერ განსაზღვრავს მის დანიშნულებას (აპერცეფციული აგნოზია), ვერ ახერხებს სურათების სერიაზე ასახული მოვლენების თანმიმდევრულად აღქმას (სიმულტანური აგნოზია). კარგავს ორიენტაციას სივრცეში, ვერ არჩევს მარჯვენა და მარცხენა მხარეებს. ვერ ერკვევა ნაცნობ სიტუაციაში (ებნევა გზა (აპრაქტოგნოზია). ალექსია - კითხვის უნარის დაკარგვა. მხედველობის გზის ცენტრალური ნეირონისა და კეფის წილის ქერქის პათოლოგიის დროს, ცალმხრივი ჰომონიმური ჰემიანოფსია (მხედველობის არის ერთი ნახევრის გამოვარდნა) შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ფორმით. ორმხრივი ჰემიანოფსია კი - მხოლოდ ორივე ჰემისფეროს დაზიანების შემთხვევაში ვლინდება. ცენტრალურ ჰომონიმურ ჰემიანოფსიას ახასიათებს მხედველობის ველების დეფექტების სიმეტრიულობა. ამავე დროს, ჰომონიმური ჰემიანოფსიების ტოპიკურ დიაგნოსტიკაში, ყვითელი ხალის პროექციის შენარჩუნებას არ გააჩნია დიაგნოსტიკური ღირებულება. სამაგიეროდ, მხედველობის გზის ცენტრალური ნეირონის დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს "შედარებითი ჰემიანოფსია", რაც არ აღინიშნება არც მხედველობის ტრაქტის და არც კეფის წილების ქერქის დაზიანების დროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კეფის წილების ქერქი ძალიან მგრძნობიარეა ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) მიმართ - შეიძლება განვითარდეს ქერქული სიბრმავე, რომელიც დროთა განმავლობაში უკვალოდ ქრება, მცირდება ან მყარ და უცვლელ ხასიათს იღებს. area striata-ს გაღიზიანება ვლინდება მოციმციმე სკოტომით (scotoma fugas) - მხედველობის ველში ფიქსირდება სხვადასხვა ფორმის ელვარე და ბრჭყვიალა ხაზები, რასაც თან ახლავს ბურუსის ან შავი ლაქების გამოჩენა. ნათხემ-ხიდის კუთხე - სიმპტომოკომპლექსი, რომელიც აღმოცენდება ნათხემ-ხიდის კუთხის (ან გვედითი ცისტერნის) დაზიანების დროს ძალიან ტიპურია: სმენის, სახის და სამწვერა ნერვების დაზიანება პროცესის მხარეზე. ამავე მხარეზე აღინიშნება ცერებელური ატაქსიის მოვლენები. თავდაპირველად ვლინდება სმენის პათოლოგია (სმენის სიმახვილის დაქვეითება, შუილი ყურში), მიმიკური კუნთების სისუსტე (VII წყვილი) და რქოვანას ანესთეზია (V წყვილი). ნათხემი (Cerebellum) - თავის ტვინის ნაწილი, რომელიც შედგება ნათხემის ქერქისა და თეთრი ნივთიერებისგან. ნათხემი ტვინის ღეროზე 3 წყვილი ფეხის საშუალებითაა მიმაგრებული. ნათხემში არჩევენ შუა ხაზზე მდებარე ჭიასა და მის გვერდებზე განლაგებულ ჰემისფეროებს. ის საშუალოდ 120-150 გრამს იწონის და თავის ტვინის მთლიანი წონის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ნათხემი აერთიანებს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა უბნიდან მიღებულ სენსორულ და სხვა ტიპის ინფორმაციას მიმდინარე მოძრაობების კოორდინირებისა და მოტორულ დაგეგმვაში მონაწილეობის მისაღებად. ის პასუხისმგებელია სხეულის პოზის, წონასწორობის შენარჩუნებაზე, კუნთთა ტონუსის რეგულაციასა და მოძრაობების მოქნილ განხორციელებაზე. ნათხემის დაზიანება ვლინდება ე.წ. "ნათხემის სიმპტომოკომპლექსით": მთვრალისებრი სიარული; დისმეტრია (მოძრაობაში ზომიერების დარღვევა, პაციენტი ვერ აკონტროლებს მოძრაობების ამპლიტუდას, მაგალითად რაიმე საგნისკენ ხელის გაწვდენისას, ზოგჯერ უფრო შორს მიაქვს მტევანი); ადიოდოქოკინეზი (ადიოდოქოკინეზია ან დისდიადოქოკინეზია არის კუნთების სწრაფი მონაცვლეობითი მოძრაობის შეუძლებლობა); ინტენციური კანკალი (მიზანმიმართული მოქმედების ბოლოს ან რაიმეს მიწვდენისას ვითარდება ინტენციური ტრემორი, იგი ასევე ვლინდება სხეულის რომელიმე პოზაში გაჩერების მცდელობისას, რასაც პოსტურული ტრემორი ეწოდება. ზოგჯერ კუნთთა ტონუსიც შემცირებულია). ნისტაგმი (შესაძლოა რაიმე საგანზე შეხედვისას ადამიანმა მზერა საჭირო წერტილს ვერ დაუმიზნოს და ნისტაგმი განვითარდეს. ამ დროს თვალები სწრაფად მოძრაობს ერთი მიმართულებით და შემდეგ ნელა ბრუნდება საწყის მდგომარეობაში, რაც რამდენჯერმე მეორდება); სკანდირებული მეტყველება (ეს არის იგივე წყვეტილი მეტყველება, პაციენტები ამ დროს საუბრობენ მონოტონურად, სიტყვები წყვეტილად, დაყოვნებით გამოითქმება). ნათხემის ჭიის დაზიანების დროს გამოხატულია: ასინერგია (რთული მოძრაობითი აქტის მოშლა, მარტივი მოძრაობების რთულ მოძრაობაში გაერთიანების უნარის დაკარგვის გამო ავადმყოფი გარკვეული მოძრაობითი აქტის შესრულებისას ვერ ახერხებს დამატებითი თანმხლები მოძრაობების შესრულებას, მაგალითად სიარულის დროს ფეხს დგამს წინ, ხოლო სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ვარდება); კომბინირებული ფლექსია; სტატიკური ატაქსია (სხეულის ვერტიკალური პოზის შენარჩუნების შეუძლებლობა) და სხვ.; ხოლო ნათხემის ჰემისფეროების დაზიანებისას ვლინდება: მოძრაობის კოორდინაციის მოშლა კიდურებში - ცხვირ-თითის და მუხლ-ქუსლის ფენომენები დისმეტრიით; ადიოდოქოკინეზია (კუნთების სწრაფი მონაცვლეობითი მოძრაობის შეუძლებლობა); ყიფშიძის ნიშანი (იგივე ყიფშიძის სიმპტომი. სიმონ ყიფშიძე იყო დიდი ქართველი ნევროპათოლოგი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1887-1953 წლებში და იყო ქართული ნევროლოგიური სკოლის ფუძემდებელი. მან აღწერა სიმპტომი, რომელიც ნათხემის ჰემისფეროების დაზიანების დროს გამოიხატება იმაში რომ ხელის სუპინაცია-პრონაციის დროს ნეკი მკვეთრად გამოხატულად განიზიდება ნათხემის დაზიანებული მხარისკენ); ინტენციური კანკალი (ანუ დინამიკური ატაქსია); უმეტეს შემთხვევაში კი ვლინდება ცერებელური ატაქსიის ორივე ფორმის ნიშნები, ანუ ავადმყოფს აღენიშნება სტატიკურ-ლოკომოტორული ატაქსია (ხასიათდება კიდურების, სხეულის და ქალას კუნთების მოუხერხებელი, არაკოორდინირებული მოძრაობით). ჰიპოფიზი (ტვინის დანამატი იგივე ტვინის ქვედა დანამატი; Pituitary gland) - ეს არის შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში, ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. ჰიპოფიზის დაზიანება აისახება რამდენიმე სიმპტომოკომპლექსით, რაც დამოკიდებულია როგორც პროცესის ხასიათზე, ისე ლოკალიზაციაზე. მათ მიეკუთვნება: აკრომეგალია - ვითარდება ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონის) მოჭარბებული გამომუშავების შედეგად. მიზეზი: ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა), ქალას ტრავმა, პოსტ-ინფექციური გართულება. დაავადების ნიშნები ნელი ტემპით ვლინდება რამდენიმე წლის განმავლობაში. მოზრდილებში გამოხატულია ძვლების პათოლოგიური ზრდა, შინაგანი ორგანოების ზომაში მატება, ბავშვებში ვითარდება გიგანტიზმი (სიმაღლე 190 სმ და მეტი). გიგანტიზმი - ადამიანის პათოლოგიური ზრდა სიმაღლეში, ჩვეულებრივ, 190-200 სმ-ზე მაღალი ადამიანი გიგანტად ითვლება. თუმცა ეს შეიძლება იყოს პათოლოგიური (ჰორმონული ან გენეტიკური დარღვევებით გამოწვეული, რომელიც ორგანიზმს პრობლემას უქმნის) ან ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობა (ასევე გამოწვეული არაპათოლოგიური გენეტიკური მოცემულობიდან). ჰიპოფიზური კახექსია - ჰიპოფიზური მიდამოს დაზიანების შედეგი, ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის გამოვარდნით. აღმოცენდება ინფექციური და სიმსივნური პროცესებით. ასევე თავის ტვინის ტრავმებთან დაკავშირებით. პირველად აღწერილია მშობიარობის შემდგომი სეფსისის დროს ჰიპოფიზში "ემბოლიური მეტასტაზების" და ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირებისას. აღინიშნება ასევე ჰიპოფიზის მიდამოში სიფილისური გუმის ლოკალიზაციის დროს. დამახასიათებელია გამოხატული ასთენია, მოდუნება, აპათია, ანორექსია, საკვების შეძულება, თმის ცვენა, კახექსია. მძიმე მდგომარეობებში - დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, ავადმყოფები გამოიყურებიან ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად, აღინიშნება სასქესო ორგანოების ატროფია, ამენორეა (ხშირად ავადდებიან ქალები). რენტგენოლოგიურად აღინიშნება თურქული კეხის (sella turcica) გადიდება და დესტრუქცია. იცენკო-კუშინგის სინდრომი (Cushing's syndrome) - ამ დაავადებას ახასიათებს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემების მოშლა, და კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ჭარბი გამომუშავება. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, ვიდრე მამაკაცები და ხშირია მისი აღმოცენება 20-დან 40 წლამდე ასაკში. ამ დროს სახის, კისრის, ტორსის მიდამოებში აღინიშნება ჭარბი ცხიმიანობა, ე.წ. "მთვარისებრი სახე", კიდურები შედარებით თხელია, რის გამოც კუშინგის დაავადების დროს განვითარებულ სიმსუქნეს "ძროხისებრს უწოდებენ". ეს დაავადება შეიძლება ჰიპოფიზის სიმსივნემ (მიკრო და მაკროადენომები) ან თავის ტვინის ანთებითმა პროცესებმა გამოიწვიოს. ადიპოზოგენიტალური დისტროფია - ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმსუქნე (განსაკუთრებით ბარძაყის, მუცლის, ბოქვენის, დუნდულოების, მხრების და სარძევე ჯირკვლების მიდამოებში), ჰიპოგენიტალიზმი, დაბალი ტანი, სხეულის დაბალი ტემპერატურისადმი მიდრეკილება. ნევროლოგიურად აღინიშნება თავის ტკივილი, ეპილეფსოფორმული გულყრები, ნაწილობრივი ჰემიანოფსიის მოვლენები, ზოგჯერ უშაქრო დიაბეტი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება თურქული კეხის პათოლოგია. წარმოადგენს ენდოკრინულ-ცერებრულ დაავადებას და გვხვდება ჰიპოფიზის ადენომის და კრანიოფარინგეომების დროს (კრანიოფარინგეომა არის იშვიათი ტიპის სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვლის ემბრიონული ქსოვილიდან. ხშირად გვხვდება ბავშვებში, უმეტესად 5-დან 14 წლამდე, მაგრამ ასევე ზრდასრულებშიც - პიკური ასაკია 50-74 წელი). ჰიპოფიზის სიმსივნეები, ხიაზმაზე ზეწოლის გამო, იწვევს ბიტემპორალური ჰემიანოფსიის განვითარებას; რენტგენოგრამაზე ვლინდება თურქული კეხის დესტრუქცია. ნეიროენდოკრინული მოშლილობები, ბიტემპორალური ჰემიანოფსია და თურქული კეხის დესტრუქცია ცნობილია, როგორც გირშის სინდრომი. ჰიპოფიზის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში კლინიკურად ვლინდება სიმპტომების პოლიმორფიზმი - ზოგი სიმპტომი ტლანქად, ზოგი კი უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი. ჰიპოთალამური მიდამო - ჰიპოთალამუსი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიპოფიზთან, რომ მათი ფუნქციათა გამიჯვნა არათუ პათოლოგიის, ნორმის პირობებშიც კი საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ კლინიცისტები ფართოდ იყენებენ ტერმინს "ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემა". ამ მიდამოს დაზიანება ვლინდება რამდენიმე სინდრომით: 1. ნეიროენდოკრინული; 2. ნეიროდისტროფიული; 3. ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი; 4. ნერვული და ფსიქიკური მოშლილობები; 5. ღვიძლის მოშლის შეტევები. აღნიშნული სიმპტომოკომპლექსები ხშირად ერთმანეთშია არეული, როგორც მაგალიად ლორენს-მუნი-ბიდლის სინდრომის შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება: პათოლოგიური სიმსუქნე, ჰიპოგენიტალიზმი, ჭკუასუსტობა, პიგმენტური რეტინოპათია და დიზრაფიის ნიშნები (დიზრაფია არის განვითარების მანკების საერთო სახელწოდება, რომელიც ხასიათდება რაიმე ანატომიური სტრუქტურის შეუხორცებლობით შუა ხაზთან, მაგალითად ხერხემლის მალების რკალების შეუხორცებლობა, ასევე მაგარი სასის ნაპრალი იგივე "მგლის ხახა", ან ზედა ტუჩის ნაპრალი, იგივე "კურდღლის ტუჩი"). ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპოთალამური (დიენცეფალური) სიმპტომატიკა არც თუ იშვიათად მეორადი ხასიათისაა და მიუთითებს არა დაზიანების ხასიათზე, არამედ სიმპტომების ჩამოყალიბების პათოგენეზზე. წყარო 1: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 243-249. წყარო 2: nplg.gov.ge; ნევროლოგია:1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები; 2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები; 3. ნათხემი; 4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი; 5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი; 6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი; 7. დიენცეფალონი; 8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები; 9. ნევროლოგიური დაავადებები (სია); 10. ხერხემალი და ზურგის ტვინი; კრებულები:1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. სხვადასხვა - ნაწილი I 6. სხვადასხვა - ნაწილი II 7. ქართული მითოლოგია 8. რელიგია 9. საქართველო - ნაწილი I 10. საქართველო - ნაწილი II 11. ქართული სახელმწიფოები 12 პროტოქართველები 13. კავკასიური კულტურები 14. პარანორმალი 15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე214 1-ს მოსწონს
|