x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ბრიტანეთში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა დედამიწაზე არამიწიერი წარმომავლობის წყალი ჩამოიტანა
ინგლისში წელიწადნახევრის წინ ჩამოვარდნილი მეტეორიტი მეცნიერებისთვის ძალიან ბედნიერი შემთხვევა გამოდგა. მისი ანალიზის შედეგები უკვე ცნობილია. მასში მკვლევარებმა ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. მეტეორიტს დეტალურ გამოკვლევამდე მაქსიმალურად იზოლირებულ გარემოში ინახავდნენ, რათა ის დედამიწის მიკროორგანიზმებთან შეხებით არ დაბინძურებულიყო. შედეგებმა ყველა გააოცა.


მეცნიერებს წინათაც არაერთხელ გამოუკვლევიათ მეტეორიტები და მათში ორგანული მოლეკულებიც აღმოუჩენიათ, თუმცა ინგლისში 2021 წელს ჩამოვარდნილი მეტეორიტისგან განსხვავებით მათ არ იცოდნენ, იყო თუ არა დაბინძურებული ისინი დედამიწის გარემოსთან შეხებით. ახლა კი დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მეტეორიტის გამოკვლეულ “შიგთავსს” ჩვენი პლანეტის არც ატმოსფეროსთან და არც ზედაპირთან "საბედისწერო" შეხება არ ჰქონია.


უინიკომბის მეტეორიტი, როგორც ციურ სხეულს დღეს უწოდებენ, ამავე სახელწოდების ქალაქის სიახლოვეს, 2021 წლის პირველ მარტს ჩამოვარდა. მეცნიერებმა მეტეორიტი დაუყოვნებლივ გამოიკვლიეს და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც უჩვეულოსთან ჰქონდათ საქმე. მათი ვარაუდი შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა.


მეტეორიტი დაუჯერებლად კარგად არის შემონახული და შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რაც ოპტიმალურ პირობებში სიცოცხლის წარმოშობისთვის არის აუცილებელი.



მასში ნაპოვნი წყლის იზოტოპური სტრუქტურა გასაოცრად ჰგავს დედამიწის ოკეანეებში არსებული წყლის სტრუქტურას. მეტეორიტში აღმოაჩინეს ამინომჟავები, რაც DNA-ს წარმოსაქმნელად არის აუცილებელი და რაც დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს.


მეტეორიტის დაცემა უამრავმა კამერამ გადაიღო და ამიტომ მკვლევარებს მისი ტრაექტორიის და ისტორიის აღდგენა არ გაძნელებიათ. 5 მილიონი წლის მანძილზე ციური სხეული იმ დიდი ასტეროიდის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ორბიტაზე მოძრაობდა. 300 ათასი წლის წინ ასტეროიდი შეჯახების შედეგად დაიმსხვრა და მისგან სხვა ნამსხვრევებთან ერთად დარჩა უინიკომბის მეტეორიტიც, რომელიც 30 კილოგრამამდე იწონიდა. მოგვიანებით ციურმა ნამსხვრევმა გეზი დედამიწისკენ აიღო და ჩვენს პლანეტას 13, 5 კმ/წმ სისწრაფით შეეჯახა.


მეტეორიტის ჯერ კიდევ დაუბინძურებელი მონაკვეთების შესწავლამ ფასდაუდებელი ცნობები მოგვაწოდა. ამჯერად უკვე დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ DNA-ს წარმოსაქმნელად აუცილებელი ორგანული მოლეკულები მთელ სამყაროში არსებობს და კოსმოსში არამიწიერი სიცოცხლის წარმოშობა სრულიად რეალური მოვლენა შეიძლება იყოს.


მეტეორიტი

0
825
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0