x
image
თორ ნიკე
ტვინში ფუნქციათა ლოკალიზაციის კონცეფცია

ტვინში ფუნქციათა ლოკალიზაციის კონცეფცია


მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავის ტვინი არ წარმოადგენს ერთგვაროვან მასას და რომ სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობა ლოკალიზებულია ტვინის სხვადასხვა მიდამოში - პირველად გამოთქვა გერმანელმა ანატომმა და ფიზიოლოგმა ფრანც იოსებ გალმა (Franz Joseph Gall) 1810 წელს.


1836 წელს ფრანგმა ნევროლოგმა მარკ დაქსმა (Marc Dax) პირველად გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობს კავშირი მეტყველების მოშლას და მარცხენა ჰემისფეროს დაზიანებას შორის. სამწუხაროდ, მის მოსაზრებას არავითარი ინტერესი არ გამოუწვევია და მალე დავიწყებას მიეცა.


1861 წელს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ახალგაზრდა ქირურგს, ფრანგ ანატომს და ანთროპოლოგს პოლ ბროკას (Pierre Paul Broca) დასჭირდა პათოლოგანატომიური მონაცემებით განმტკიცებული რამდენიმე მოხსენება, რათა პარიზის ანთროპოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებას ეღიარებინა მეტყველების ფუნქციის ლოკალიზაციის იდეა. უნდა აღინიშნოს, რომ ბროკა განასხვავებდა არტიკულაციაში მონაწილე კუნთების დამბლით განპირობებულ მეტყველების მოშლას და მეტყველების ჭეშმარიტ მოშლას, რასაც მან "აფემია" უწოდა. ბროკას ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, ფრანგმა კლინიცისტმა არმანდ ტრუსომ (Armand Trousseau) განაცხადა, რომ ტერმინი "აფემია" (Aphemia) წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან, რაც "სამარცხვინოს" ნიშნავს და არ შეიძლება გამოიყენებოდეს მეტყველების მოშლის აღსანიშნავად. ტრუსომ მიზანშეწონილად მიიჩნია ტერმინ "აფაზიის" (ბერძ. "Phasis" - დამახინჯება) გამოყენება, რაც მიღებულ იქნა კლინიცისტების მიერ და დღემდე გამოიყენება.


ფრანც იოსებ გალი (Franz Joseph Gall)ფრანც გალის მიერ,  შესაძლებლობათა ტვინის სხვადასხვა ნაწილში ლოკალზაცია



პოლ ბროკა (Pierre Paul Broca)


არმანდ ტრუსო (Armand Trousseau)


1864 წელს ინგლისელმა ნევროლოგმა ჯონ ჰიულინგს ჯექსონმა (John Hughlings Jackson) პირველად წამოაყენა იდეა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ფუნქციათა რთული ორგანიზაციის შესახებ. მან გამოყო სამი დონე:

1. უმდაბლესი - ზურგის ტვინი და ტვინის ღერო.

2. შუამდებარე - თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელი და მგრძნობელობის ზონები.

3. უმაღლესი - თავის ტვინის შუბლის წილები.


ჯონ ჰიულინგს ჯექსონი (John Hughlings Jackson)


მოგვიანებით, 1868 წელს ჯექსონმა გამოთქვა მოსაზრება "წამყვანი ჰემისფეროს" შესახებ, რაც შეიძლება განვიხილოთ ჰემისფეროთა დომინანტობის შესახებ კონცეფციის წინამორბედად. 1870 წლისთვის სხვა მეცნიერებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეტყველების მოშლა შეიძლება განვითარდეს მარცხენა ჰემისფეროს დაზიანების შემთხვევაში. პირველ ნაშრომებში, რომელთა ავტორებიც ძირითად ყურადღებას უთმობდნენ მეტყველების მოშლის ფორმირებას მარცხენა ჰემისფეროს დაზიანების დროს, შეუმჩნეველი დარჩა ის ფაქტი, რომ ავადმყოფებს ხშირად უჭირდათ სხვისი მეტყველების გაგებაც.


მოგვიანებით, გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროლოგმა კარლ ვერნიკემ (Carl Wernicke) აღმოაჩინა, რომ მარცხენა საფეთქლის წილის უკანა ნაწილის დაზიანების დროს, ავადმყოფი ვეღარ იაზრებს სხვის მეტყველებას. მოსაზრება, რომ მარცხენა ჰემისფერო ფუნქციურად განსხვავდება მარჯვენა ჰემისფეროსგან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჰუგო ლიპმანის ნაშრომმა თავის ტვინის დისფუნქციის შესახებ, რაც ცნობილია როგორც "აპრაქსია". ჩვეულებრივ, აპრაქსიის ქვეშ იგულისხმება დავალების მიცემის შემდეგ მიზანდასახული შესრულების უნარის დაკარგვა.


კარლ ვერნიკე (Carl Wernicke)


ლიპმანმა აჩვენა, რომ ასეთი სახის დარღვევები არ არის დაკავშირებული მეტყველების გაგების უნარის დაკარგვასთან, მაგრამ დაკავშირებულია მარცხენა ჰემისფეროს დაზიანებასთან. მან დაასკვნა, რომ მარცხენა ჰემისფერო განაგებს როგორც მეტყველებას, ისე მიზანდასახულ მოძრაობებს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობს მარცხენა ჰემისფეროს სხვადასხვა მიდამო.


1870 წელს ფილკელბერგმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა ავადმყოფი, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ნასწავლი სიმბოლოების გაგების და ამოცნობის უნარი. მან "ასიმბოლიის" სინდრომში გააერთიანა მეტყველების, პრაქსისის და გნოზისის მოშლის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც შემდგომში გამოყოფილ იქნა აფაზიის, აპრაქსიის და მხედველობითი აგნოზიის დამოუკიდებელ სინდრომებად. ამ მოხსენებიდან ათი წლის შემდეგ გერმანელმა ფიზიოლოგმა ჰერმან მუნკმა (Herman Munk), ცხოველებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე, სიმბოლოების ამოცნობის დარღვევა აღწერა შედარებით იზოლირებული სინდრომის სახით. მან ძაღლებს ამოკვეთა კეფის წილები. ოპერაციის შემდეგ შეამჩნია, რომ ცხოველებს მხედველობა შენარჩუნებული ჰქონდათ, არ ეჯახებოდნენ დაბრკოლებებს, მაგრამ ვერ ცნობდნენ მრავალ საგანს და ვერ ცნობდნენ პატრონს. მხედველობითი ამოცნობის დარღვევა დამოუკიდებელი სინდრომის სახით აღწერილ იქნა ნაშრომებში (1889-18911 წლებში) შარკოს და ლისაუერის მიერ, ხოლო ტერმინი "აგნოზია" შემოიღო ავსტრიელმა ნევროლოგმა და ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა (Sigmund Freud).


ჰერმან მუნკი (Herman Munk)

ზიგმუნდ ფროიდი (Sigmund Freud)


თანამედროვე შეხედულებით, ადამიანის მიერ გარესამყაროს შემეცნების რთულ პროცესში, თავის ტვინის თითოეულ დიდ ჰემისფეროს აკისრია გარკვეული სპეციფიკური ფუნქცია. ცნობილი გახდა, რომ ადამიანის თავის ტვინის ჰემისფეროთა დომინანტობა შედარებითია. ტრადიციული შეხედულება თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს დომინანტობის შესახებ მოძველებულია და საფუძვლიანადაა გადასასინჯი. თანამედროვე წარმოდგენით, ადამიანის თავის ტვინის ჰემისფეროები ერთმანეთისგან განსხვავდება ინფორმაციის დამუშავების პრინციპით. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა პირობითად ადამიანის ტვინის დაყოფა "მარცხენა ტვინად" და "მარჯვენა ტვინად". ცხადია, შემეცნებითი პროცესი წარმოებს ტვინის ერთიანი მექანიზმით, რომელიც წარმოადგენს ორივე ჰემისფეროს ურთიერთქმედების შედეგს. დადგენილია, რომ ადამიანის თავის ტვინის ჰემისფეროთა მოქმედება წარმოდგენილია:


1. კომპლემენტური (სრული ნაკრების) ურთიერთქმედებით, რომელიც განაპირობებს ინტეგრაციას (შეკავშირებას, ერთი მთლიანი სურათის მიღებას);

2. რეციპროკული (ორმხრივი, ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთმომგებიანი) ურთიერთქმედებით, რომელიც აწონასწორებს ჰემისფეროთა აქტივაციას; და ე.წ.

3. დემპფირიული (ხელშემწყობი) ურთიერთქმედებით, როდესაც ერთი ჰემისფერო უადვილებს მეორე ჰემისფეროს გაღიზიანებათა ფილტრაციას და ხდის ამ მეორე ჰემისფეროს უფრო მდგრადს თავისი მუშაობისთვის ხელშემშლელი ფაქტორების მიმართ.


ჩამოყალიბებულია შეხედულება, რომ "მარცხენა ტვინის" მუშაობის პრინციპს წარმოადგენს: დასამუშავებელი ინფორმაციის დაშლა (ანალიზი), ხოლო შემდგომ - ვარიანტების თანმიმდევრული გადარჩევა, გადასინჯვა, რომლის საბოლოოო შედეგია სინთეზი (ერთიანი სურათის წარმოდგენა, აღქმა).


"მარცხენა ტვინისგან" განსხვავებით ", "მარჯვენა ტვინის" შემეცნებითი მექანიზმები ორიენტირებულია ინფორმაციის გლობალურ დამუშავებაზე. ამ ინფორმაციის ისეთი თვისებების გამოვლენაზე, რომლებიც იკარგება ინფორმაციის დანაწევრების და გახლეჩის დროს. ცხადია, ეს ორივე შემეცნებითი "მარცხენა" და "მარჯვენა" მექანიზმი ფილოგენეზურად (ევოლუციური განვითარების პროცესში) პარალელურად ვითარდება და ერთანეთს ავსებს.


ამგვარად, "მარცხენა ტვინის" და "მარჯვენა ტვინის" ურთიერთქმედება შემდეგი სახით არის წარმოდგენილი (წამყვანია სემიოლოგიური დუბლირება / სემიოტიკური დუბლირება - სემიოტიკა არის დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემის ფუნქციონირების ზოად კანონზომიერებებს): ობიექტური რეალობა ცნობიერებაში პოულობს ორგვარ ასახვას; ტვინი პარალელურად ქმნის სამყაროს ორ ნაცნობ მოდელს (მარჯვენა ჰემისფერო - რეალურს, მარცხენა - სიმბოლურს ანუ სემიოტიკურს); ორივე მოდელი ადამიანის ცნობიერებაში მთლიანობაში აისახება და ამით იქმნება სრული წარმოდგენა სამყაროს შესახებ.


გაირკვა, რომ ადამიანის თავის ტვინის ჰემისფეროთა შორის არსებობს ე.წ. ფუნქციური ენანტისმორფია, ასიმეტრიულობა. თვალით ხილული ანატომიური სიმეტრიულობაც კი ილუზორული აღმოჩნდა. გენშვიდმა, თანამშრომლებთან ერთად, აქსიალური კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით (მონიტორზე ხდება თავის ტვინის განივი განაკვეთების რეკონტრუირება) მიიღო დიდი ტვინის გამოსახულება ბილატერალური სიმეტრიიდან დამახასიათებელი გადახრებით: უმეტეს შემთხვევაში მარჯვენა შუბლის წილი უფრო ფართე იყო, ვიდრე მარცხენა. მარცხენა თხემის და კეფის წილები კი პირიქით.

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი აღმოჩენა გახდა იმ ფაქტის დადგენა, რომ მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების დაზიანება იწვევს განსხვავებულ ემოციურ რეაქციებს. მარცხენა ჰემისფეროს (დიდი უბნის) დაზიანებას თან ახლავს დანაკარგის შეგრძნება (ისევე, როგორც ნებისმიერი მძიმე ტრავმის შემთხვევაში) ავადმყოფს თრგუნავს უმწეობის შეგრძნება, ამიტომ ხშირად გუნება-განწყობა დაქვეითებული აქვს.

მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების დროს კი, ზოგჯერ, ავადმყოფი ვერ აღიქვამს საკუთარი მდგომარეობის სიმძიმეს. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, არ შეიძლება ცალკეული ჰემისფეროს სპეციალიზაციის გადაფასება, უმეტეს შემთხვევაში ორივე ჰემისფერო ერთად მოქმედებს.


წყარო: "ნევროლოგია, პროპედევტიკა და ტოპიკური დიაგნოსტიკა", 2014. ივანე ვერულაშვილი. გვ. 233-236.




ნევროლოგია:


1. ადამიანის თავის ტვინი შემადგენელი ნაწილები;

2. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურები;

3. ნათხემი;

4. მოგრძო ტვინი - ტვინის ღეროს ნაწილი;

5. ვაროლის ხიდი - ტვინის ღეროს ნაწილი;

6. მეზენცეფალონი (შუა ტვინი) - ტვინის ღეროს ნაწილი;

7. დიენცეფალონი;

8. რეფლექსები და მათი კვლევის მეთოდები;

9. ნევროლოგიური დაავადებები (სია);

10. ხერხემალი და ზურგის ტვინი;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
161
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
161
  
2022, 12 ნოემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1