x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კვლევა: ჩვენი სამყარო უცნობ ოთხგანზომილებიან სამყაროში მდებარე შავი ხვრელიდან წარმოიშვა?
სინგულარობა, რასაც დღეს მეცნიერები სამყაროს წარმოშობას მიაწერენ, ბევრ კითხვას ბადებს. ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ რამ გამოიწვია ის აფეთქება, რამაც 13, 7 მილიარდი წლის წინ ჩვენს სამყაროს დაუდო დასაბამი.


პერიმეტერის ინსტიტუტის სამ მკვლევარს აქვს ახალი იდეა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო დიდ აფეთქებამდე. იდეა ცოტა არ იყოს, დამაბნეველია, თუმცა ის გადამოწმებადია, თანამედროვე მათემატიკურ მოდელებს ეფუძნება და საკმარისად დამაჯერებელი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა Scientific American-ში ადგილი მოეპოვებინა.


მკვლევარების აზრით, ის, რაც ჩვენთვის დიდი აფეთქებაა, შესაძლოა ოდესღაც ყოფილიყო ყალბი ანარეკლი იმ ვარსკვლავისა, რომელმაც სრულიად სხვა, ოთხგანზომილებიან სამყაროში გრავიტაციული კოლაფსი განიცადა.


ამჟამად გავრცელებული მოსაზრების თანახმად დიდი აფეთქება სინგულარობიდან დაიწყო - წარმოუდგენლად ცხელი და მკვრივი ფენომენიდან დროსა და სივრცეში, სადაც ფიზიკის არცერთი სტანდარტული კანონი არ მუშაობს. სინგულარობა ძალიან უცნაური ფენომენია, ხოლო ჩვენი წარმოდგენები მასზე - შეზღუდული.



ახალი თეორიის თანახმად კი შესაძლოა ჩვენი სამყარო 4 განზომილებაში მყოფი განსხვავებული სამყაროს მოვლენათა ჰორიზონტის სიღრმეში მდებარე, ასე ვთქვათ, “შიდა სარჩული” იყოს. ამ სცენარის მიხედვით ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო მაშინ წარმოიქმნა, როცა ოთხგანზომილებიან სამყაროში ვარსკვლავმა განიცადა კატასტროფა.


ჩვენს სამგანზომილებიან სამყაროში შავ ხვრელებს ორგანზომილებიანი მოვლენათა ჰორიზონტები აქვთ. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მატერიას ჩვენს სამყაროში შავი ხვრელის სიღრმეში მოხვედრისგან ორი განზომილებისგან შექმნილი კედელი აშორებს. შესაბამისად, ოთხგანზომილებიანი სამყაროსგან ჩვენ სწორედ სამგანზომილებიანმა მოვლენათა ჰორიზონტმა დაგვაშორა.


ამ სცენარის მიხედვით ჩვენი სამყარო არასოდეს იმყოფებოდა სინგულარობის მდგომარეობაში. პირიქით, ის წარმოიშვა სინგულარობისგან დაცულ პირობებში, მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა. ანუ ის ოთხგანზომილებიანი ვარსკვლავის იმპლოდირებული ნარჩენია.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე გიჟურად ჟღერს, მეცნიერების განცხადებით მათი თეორია თანამედროვე მათემატიკის საუკეთესო ნაწილს ეფუძნება, რომელიც სივრცეს და დროს აღწერს. მეცნიერებმა გამოიყენეს ჰოლოგრაფიის ხელსაწყოები, რათა დიდი აფეთქება კოსმოსურ მირაჟად გადაექციათ.


რასაკვირველია, ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ როგორ გამოიყურება ის ოთხგანზომილებიანი სამყარო, სადაც ჩვენი სამყარო წარმოიშვა და არც ის ვიცით, თუ როდის და როგორ წარმოიშვა საკუთრივ ჩვენი სამყაროს მშობელი ოთხგანზომილებიანი სამყარო. როგორც მეცნიერები ამბობენ, ჩვენი არასრულყოფილი ადამიანური გრძნობები წარმოიქმნა სამგანზომილებიან სამყაროში და ჩვენ სწორედ მათი მეშვეობით აღვიქვამთ რეალობას.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი გარემომცველი სინამდვილე შეიძლება პლატონის ალეგორია იყოს სამყაროსი, რომელიც ჩვენი სამყაროს კედლებზე, გამოქვაბულის კედლების მსგავსად, ჩრდილების სახით ირეკლება.


შავი ხვრელი

0
316
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0