x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დედამიწა შესაძლოა ყველაზე უნიკალური პლანეტა იყოს იმ 700 კვინტილიონ პლანეტას შორის, რომელიც სამყაროში არსებობს
დედამიწა შესაძლოა სამყაროში აბსოლუტურად უნიკალური პლანეტა იყოს. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით სცადა ცოდნის გაღრმავება ეგზოპლანეტების შესახებ. მათი კვლევის შედეგები Scientific America-ში ახლახანს გამოქვეყნდა.


მეცნიერთა ჯგუფი, რომლის წევრი კარნეგის ობსერვატორიის თანამშრომელი, ენდრიუ ბენსონიც არის, ცდილობს, დედამიწის უნიკალობის შესახებ წარმოშობილ კითხვებზე მაქსიმალურად რეალისტური პასუხები მოიპოვოს. საკუთარ ინტერვიუში ბენსონი უხსნის Scientific America-ს თანამშრომელს, შენონ ჰილს, თუ რამდენად იშვიათია ჩვენი პლანეტის მსგავსი პლანეტები სამყაროში.


მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედამიწა აბსოლუტურად უნიკალური პლანეტაა, თანდათან სულ უფრო ძლიერდება კაცობრიობის მიერ საკუთარი ცოდნის გაფართოების კვალდაკვალ. მაგალითად, გასული საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერები თუ ფიქრობდნენ, რომ სიცოცხლის არსებობისთვის საკმარისი იყო ვარსკვლავიდან ციური სხეულის იმ მანძილით დაშორება, რომ ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ზონაში აღმოჩენილიყო, დღეს ასე აღარავინ ფიქრობს. რაც დრო გადის სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება სიცოცხლის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით.


მაგალითად განვიხილოთ მთვარის არსებობა-არარსებობის საკითხი. იქნებოდა დედამიწაზე სიცოცხლე ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც დღესაა, ჩვენს პლანეტას მთვარე რომ არ ჰყავდეს? ან როგორი იქნებოდა ჩვენი პლანეტა, მთვარე რომ გაცილებით უფრო პატარა ყოფილიყო ან გაცილებით უფრო შორს მდებარე? იუპიტერი რომ ზუსტად იქ არ მდებარეობდეს, სადაც ახლა მდებარეობს, რა მოხდებოდა? გალაქტიკაში მზის სისტემა ზუსტად იმ ადგილას რომ არ მდებარეობდეს, სადაც ის მდებარეობს, როგორი იქნებოდა ჩვენი გარემო?



დაახლოებით 2000 ეგზოპლანეტაზე დაკვირვების შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ მზის სისტემა არ არის ჩვეულებრივი სისტემა. პლანეტათა სისტემების უმრავლესობაში იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტები შიდა პლანეტები არიან, ხოლო დედამიწის მსგავსი ციური სხეულები - გარე პლანეტები.


თავისთავად არც მთვარე არ არის ჩვეულებრივი ციური სხეული. დედამიწის მსგავს მომცრო ზომის პლანეტებს მთვარის მსგავსი უზარმაზარი თანამგზავრები არ ჰყავთ.


ჩვენი მზეც ძალიან სტაბილური და მშვიდი ვარსკვლავია, რომელსაც არც დამანგრეველი ამოფრქვევები ახასიათებს და არც მომაკვდინებელი გამა და რენტგენის გამოსხივებები, რაც ვარსკვლავების დიდი ნაწილის შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია. დედამიწას აქვს ტექტონიკური ფილები, რაც ასევე დიდი იშვიათობაა. გვყავს იუპიტერი, რომელიც ჩვენი კოსმოსური მცველის ფუნქციას ასრულებს და თავისი უზარმაზარი გრავიტაციით თავისკენ იზიდავს უამრავ საშიშ ასტეროიდს, რომლებიც, რომ არა რომაული პანთეონის მთავარი ღვთაება, ჩვენს პლანეტას დაეცემოდნენ და ა. შ. და ა. შ.


ეჭვი არაა, რომ ჩვენ უიშვიათესი კოსმოსური ლატარეის გამარჯვებულები ვართ. მაგრამ რამდენად იშვიათი იყო ეს გათამაშება? ბოლოსდაბოლოს რა ფაქტორების ერთობლიობაა საჭირო იმისათვის, რათა პლანეტაზე სიცოცხლე წარმოიშვას და განვითარდეს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად დიდი იყო შანსი, მოგვეგო ის ლატარეა, რომელიც მოვიგეთ?


ეს არის კითხვები, რაზეც ჩვენი აწმყო და მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული და ამ კითხვებზე პასუხს მეცნიერები ყოველდღიურად ეძებენ. ჩანს, ამ ძიების პროცესში ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს განცვიფრება.


დედამიწა

0
505
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0