x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აღმოჩენილია უიშვიათესი ალმასი, რომელიც შესაძლოა დედამიწის სიღრმეში ოკეანის არსებობაზე მიუთითებდეს
მეცნიერებმა ბოტსვანაში აღმოჩენილ 1, 5-კარატიან ალმასში მინერალი რინგვუდიტი იპოვეს. ეს მინერალი უიშვიათესია. კაცობრიობის ისტორიაში ის მხოლოდ ორჯერ იპოვეს და ერთხელაც ის ცდის დროს შეუქცევადად დაზიანდა. მეორე ასეთი შემთხვევა ბოტსვანაში აღმოჩენილი ალმასია. ალმასის შუაგულში არსებული რინგვუდიტი თევზის ლურჯ თვალს წააგავს.


მაინც რა არის რინგვუდიტი და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?


საქმე იმაშია, რომ ეს მინერალი დედამიწის ზედაპირზე არასოდეს გვხვდება. ის მოიპოვებს მხოლოდ დედამიწის სიღრმეში, 660 კილომეტრზე, სადაც მანტიის ზედა და ქვედა ფენები ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ მეცნიერები გაოცებას და სიხარულს ვერ ფარავენ, რომ ეს მინერალი აღმოაჩინეს.


რინგვუდიტის აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის ეს წარმოუდგენლად ღრმა ზონა, სადამდეც არასოდეს ჩაუღწევია ადამიანს, ნესტიანია და დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რომელიც სხვადასხვა მინერალებში ილექება.



ალმასი


ეს გასაოცარი ალმასი ტინგტინგ გუმ გამოიკვლია - მეცნიერმა, რომელიც პურდუეს უნივერსიტეტში საქმიანობს. მისი მიზანი ალმასებში არსებული ჩანართების გამოკვლევაა. იუველირების თვალსაზრისით როცა ალმასს ჩანართი აქვს, ეს კარგი არ არის, რადგან ის ძვირფასი ქვის ბრწყინვალებას ახშობს და აბუნდოვანებს, თუმცა მეცნიერებისთვის სწორედ ასეთი ჩანართებია ყველაზე საინტერესო, რადგან თითოეული ასეთი ალმასი იმ გარემოს ფრაგმენტებს შეიცავს, სადაც ის წარმოიშვა.


როგორც წესი, ალმასი ჩნდება დედამიწის ზედაპირიდან 150-200 კილომეტრის სიღრმეში, სადაც ქანების უზარმაზარი წნევა ჩვეულებრივ ნახშირს აკრისტალებს და ძვირფას ქვად გარდაქმნის. თუმცა, ალმასების მცირე რაოდენობა დედამიწის სიღრმეში გაცილებით უფრო ქვედა ფენებზეც იბადება. ყოველ შემთხვევაში, რინგვუდიტის წარმოსაქმნელად კოლოსალური მასშტაბის წნევის ზემოქმედებაა საჭირო, რისთვისაც 200 კილომეტრი საკმარისი არ არის.


ალმასის შემადგენლობაში ნაპოვნი წყალი მეცნიერების ნაწილის აზრით დედამიწის სიღრმეში დამოუკიდებელი სახით არსებობს და ის იქ პლანეტის ზედაპირიდან ჩაღვრილი არ არის. ეს თუ მართლაც ასეა, გამოდის, რომ დედამიწის სიღრმეში, მანტიის ზედა და ქვედა ფენებს შორის არსებობს დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც შესაძლოა დედამიწის დანარჩენი ნაწილისგან სრულიად განსხვავებული ცოცხალი არსებებითაც კი იყოს დასახლებული.


ჯერჯერობით ეს მხოლოდ ფანტასტიკური ვარაუდია, რომელსაც შემდგომი კვლევები სჭირდება, თუმცა მეცნიერები ფარხმალს არ ყრიან. მათი მიზანი ახლა რინგვუდიტით მდიდარი ალმასების პოვნაა, რისთვისაც ისინი მზად არიან, ნებისმიერი თანხა გადაიხადონ.


“თუ ვინმე ოდესმე შუაში რინგვუდიტის მქონე ალმასით დამშვენებული ბეჭდით ცოლობას გთხოვთ, უარი არცერთ შემთხვევაში არ უთხრათ, ” - ამბობს ტინგტინგ გუ - მეცნიერი, რომელმაც უიშვიათესი და უძვირფასესი რინგვუდიტიანი ალმასი გამოიკვლია.


იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავს ქვებს ადამიანები მომავალში მრავლად მიაგნებენ და საბოლოოდ გაირკვევა, მართლა არის თუ არა ოკეანე დედამიწის სიღრმეში.

0
624
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0