საბუნებისმეტყველო კიდევ არსებობს წარსული სადმე? 2022, 26 ივლისი, 17:19 ეთიენ კლაინი (Etienne Klein) არის ფრანგი ფიზიკოსი და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი (სამყაროს ფუნდამენტური კანონების კვლევის ინსტიტუტი - CEA - Institute of Research into the Fundamental Laws of the Universe). შემოგთავაზებთ მის ანალიტიკას იმ საკითხის შესახებ, არსებობს თუ არა წარსული სადმე ახლაც? ან იქნებ წარსული უბრალოდ იყო და აღარ არის, უკვალოდ გაქრა. "როდესაც ჩვენ ვუყურებთ ფიზიკურ ობიექტს, იქნება ეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი თუ ძველი საათი, მასზე დაკვირვების ეს უბრალო ფაქტი გვძირავს მის ისტორიაში. ჩვენი ფანტაზია იჭრება მისი დღევანდელი ზედაპირის ქვეშ. შემდეგ ჩვენ აღვიქვამთ რაღაცას, რაც აგრძელებს მას და მიაბამს თავის შორეულ საწყისებთან. თითქოს ვხედავთ მის წარსულს, რომელიც ჯერ კიდევ ანათებს მის შიგნით. ეს განმარტა მარსელ პრუსტმა (მოდერნიზმის მამამთავარი, ფრანგი მწერალი) ამგვარად: "ეს ყველაფერი ტაძრისგან ჩემთვის სრულიად განსხვავებულს ქმნიდა ქალაქის დანარჩენი ნაწილისგან. ეს იყო შენობა, რომელიც იკავებდა სივრცის ოთხ განზომილებას - მეოთხეს სახელი იყო დრო, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადიოდა იმ ძველი ნავით, სადაც ყურე-ყურე, სამლოცველო-სამლოცველო, თითქოს გადაჭიმული იყო და იკავებდა არა მხოლოდ რამდენიმე იარდ მიწას, არამედ ყოველ მომდევნო ეპოქას, საიდანაც მთელი შენობა ტრიუმფალური ჩანდა." (მარსელ პრუსტი, "კომბრეი", სვანის მხარეს, ტ. I, გვ. 160). ამ სტრიქონებში ნათქვამია, რომ მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ, ჩვენ ვუყურებთ ღვთისმშობლის ტაძარს ისე, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს აინშტაინის ფარდობითობის თეორია: ეს შენობა არ არის სტატიკური ობიექტი სივრცეში, არამედ მოვლენათა წყება დრო-სივრცეში. ეს არ არის სამგანზომილებიანი მოცულობა, არამედ ოთხგანზომილებიანი ჰიპერმოცულობა, რომელმაც დაიწყო ფორმირება წარსულის სიღრმეში და არასოდეს შეუწყვეტია მოძრაობა დროში, მომენტიდან მომენტში, ერთსა და იმავე ადგილას უმოძრაოდ დარჩენილს. მომხიბლავი პერსპექტივაა: ამ უზარმაზარი, უმოძრაო ობიექტის მდგრადობა მალავს უხილავ, ღრმა დინამიკას, უწყვეტ თანმიმდევრობათა მომენტებს, რომლებმაც მოიტანეს მისი არსებობა აქამდე, მისი არსებობის უპირველესი მომენტიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნოტრ-დამი განასახიერებს ჩვენი წარსულის მოცულობით ნაწილს, რომელიც ჩვენს აწმყოშია პროეცირებული, გადმოსული, განსხეულებული. ახლა ავიღოთ უფრო პროზაული მაგალითი, სკამის მაგალითი, რომელიც აღარ არის, იმიტომ რომ ის განადგურებულია. უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს სადღაც "წარსულში არსებული სკამის" სახით? თუ არსად აღარ არსებობს? ერთის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ წარსულს არ აქვს არსებობის ადგილი და არ გააჩნია რეალური თანმიმდევრულობა, იმ მოტივით, რომ მას არ შეუძლია შექმნას გზა დაკვირვებადი, ხელშესახები ყოფნისკენ. ამრიგად, წარსული არარეალური იქნებოდა, ვინაიდან ის მოწყვეტილია აწმყოსგან, რომელიც აღიქმება, როგორც რეალობის ერთადერთი ადგილი. ეს თეზისი უფრო ზუსტად ცნობილია, როგორც "ფრეზენთიზმი", იგივე "აწმყოიზმი". აწმყოიზმი მიიჩნევს, რომ მხოლოდ აწმყოში არსებული საგნები და მიმდინარე მოვლენებია რეალური: ის, რაც ჩნდება და შემდეგ ქრება, რომ ჩანაცვლდეს სხვა რამეებით. ამ ხედვით რეალობა ყოველთვის უპრეცენდენტო და გაურკვეველია. ფრეზენთიზმის მიხედვით არ არსებობს სხვა რეალობა გარდა იმისა, რაც ახლა ხდება - როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ, აწმყო არაფრით შემოიფარგლება. ამ ხედვის მიხედვით სკამი, რომელიც ოდესღაც არსებობდა და განადგურდა, ის არაფრად იქცა. მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება წარსული ერთგვარ გამოჩენილ რეალობად მივიჩნიოთ იმ მოტივით, რომ მისი სტატუსის გამო, ის დასრულებულია და შესაბამისად დაცულია ყოველგვარი შემდგომი ცვლილებისაგან. ეს არის აუღებელი ციხე-სიმაგრის დროითი ექვივალენტი: თუ მოვლენა რეალურად მოხდა, ის ყოველთვის იქნება ჭეშმარიტი, რომ ის მოხდა, თუნდაც ის არ იყოს ჩაწერილი მეხსიერებაში ან თუნდაც არ დატოვოს შესამჩნევი კვალი. ის ჭეშმარიტი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მისი არსებობა მომავალში დადგება ეჭვის ქვეშ, იქნება სადავო ან უარყოფილი. ამგვარად ის თავის ტკივილი, რომელიც გუშინ ვიგრძენი, ხოლო დღეს შეწყდა, ის მაინც არსებობს, როგორც წარსული მოვლენა, მაგრამ აღარ არის... მტკივნეული! ამ მოსაზრების თანახმად, დანგრეული სკამი აგრძელებს არსებობას და იარსებებს მუდამ, ვინაიდან, ის ოდესღაც უკვე არსებობდა. ფიზიკოსებმა შემოგვთავაზეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიის წაკითხვა ისე, რაც ცნობილია, როგორც "მზარდი სამყაროს ბლოკი" (Growing block Universe) და ეს გულისხმობს შემდეგს: დრო-სივრცე უნდა განიხილებოდეს, როგორც სრულად გაშლილი სტრუქტურა, რომელშიც ყველა მოვლენა, წარსული, აწმყო თუ მომავალი თანაარსებობს. მათ ამ გაგებით, აქვთ რეალობის ერთი და იგივე ხარისხი და მყოფობა. ისევე, როგორც საფრანგეთის ყველა სხვადასხვა ქალაქი თანაარსებობს სივრცეში ერთმანეთისგან განსხვავებულ ადგილას ყოფნით. სანამ მე საკლეში ვარ, გრენობლი და ბორდო კვლავ განაგრძობენ არსებობას. განსხვავება ამ სამ ქალაქს შორის ისაა, რომ საკლე არის იქ, სადაც მე ვარ, მაშინ, როცა ასე არ არის გრენობლის და ბორდოს შემთხვევაში. მოკლედ, დრო-სივრცე შეიცავს რეალობის მთელ ისტორიას, ყოველი წარსული, აწმყო და მომავალი მოვლენა მასში მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილს იკავებს თავიდანვე და სამუდამოდ. მაშასადამე წარსული კვლავ იარსებებს ისევე, როგორც მომავალი უკვე არსებობს, მაგრამ სადღაც სხვაგან, ვიდრე ახლა ვართ. ამ გზით, ფიზიკასთან და ენასთან თამაშით შეგვიძლია ვთქვათ ორივე: რომ წარსული ფაქტობრივად განადგურდა, მაგრამ ის საბოლოოდ უკვდავია." წყარო: Does the Past still exist somewhere? - cea.fr; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი 14. ჰომოს გვარი 15. არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე120 1-ს მოსწონს
|