x
image
არჩილ ვერულიძე
იდუმალი ტექსტები სუდანის უძველეს სამარხში

imageთანამედროვე სუდანში, ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდებარეობს ძველი დონგოლას ნანგრევები - უძველესი განვითარებული ქალაქი შუა საუკუნეების ნუბიაში. 900 წლის წინ ძველი დონგოლა იყო მუკურას (მაკურია) ქრისტიანული სამეფოს დედაქალაქი, რომელიც კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ცხოვრობდა ჩრდილოელ მეზობლებთან, რომლებიც ისლამს აღიარებდნენ.

1993 წელს, ძველ დონგოლაში ქრისტიანული მონასტრის გათხრების დროს, პოლონეთის მისიის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 14 სამარხი, რომლებიც ორმოც წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებს ეკუთვნოდათ. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული რამდენიმე საძვალე მე-XII საუკუნეში აგებული სამარხის კომპლექსის ნაწილი აღმოჩნდა.
image
თითოეული საძვალეს შიგნით რამდენიმე ბუნებრივი მუმია იქნა ნაპოვნი, რომელთაგან ზოგი ცუდად შემონახულ ქსოვილებში იყო გახვეული. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ მამაკაცებს უბრალო ქსოვილის ტანსაცმელი ეცვათ და ზოგიერთ მათგანს სხეულზე ჯვრები ჰქონდა გამოსახული.

ერთ-ერთი მუმია, მეცნიერთა აზრით, ეკუთვნის მთავარეპისკოპოს გიორგის, სავარაუდოდ სამეფოში ყველაზე ავტორიტეტულ რელიგიურ მოღვაწეს. მისი ეპიტაფია იპოვეს იქვე მახლობლად, მასში ნათქვამია, რომ იგი გარდაიცვალა 1113 წელს, 82 წლის ასაკში.
image
მკვლევარებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ სამხრეთით ნაპოვნი საძვალე, რომლის კედლებზე იქნა აღმოჩენილი მრავალი წარწერა კოპტური ენის ბერძნულ და საიდურ დიალექტებზე. ნუბიის სხვა სამარხებში მსგავსი რამ არასოდეს უნახავთ.

თითოეულ კედელზე ბერძნულად არის ნაწყვეტი ლუკას, იოანეს, მარკოზისა და მათეს სახარებიდან, რომელიც შედგება პირველი და ბოლო ფრაზებისგან, ეს, როგორც ჩანს, სიმბოლურად აღნიშნავს სახარების სრულ ტექსტს. სხვა ტექსტები მეცნიერებმა დაახასიათეს, როგორც ჯადოსნური შელოცვები და ფრაგმენტები აპოკრიფული სახარებიდან, შესაძლოა გნოსტიკური ხასიათის მქონე. ყველა ეს წარწერა, ალბათ, ემსახურებოდა დაცვას ბოროტი ძალებისგან "არა მხოლოდ საფლავის, არამედ უპირველეს ყოვლისა იმათ, ვინც მოთავსებული იყო შიგ.
image
ბოლო დაკრძალვის შემდეგ საძვალეს შესასვლელი დაგმანული იქნა წითელი აგურისგან დამზადებული კარით. 2009 წელს საძვალე გახსნეს, სამარხი გამოიკვლიეს, წარწერები გადაწერეს და ყურადღებით შეისწავლეს. გაირკვა, რომ წარწერების ავტორი ბერძნულ და კოპტურ ენებზე იყო ვინმე იოანე, რომელმაც შექმნა კარგად გააზრებული პროგრამა მათი საძვალეში განთავსებისთვის. თავად იოანემ დაახასიათა თავისი პროგრამა საფლავის დეკორაციისთვის, როგორც φυλακτήριον - ჯადოსნური ამულეტი შელოცვითურთ.







0
487
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0