x
image
ღიმილიანი
ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ ორსულს - შემდეგისთვის გაითვალისწინეთ!
ორსულობა ქალისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ პერიოდში იცვლება ბევრი რამ, რაც დაკავშირებულია თავად ორსულობის ფაქტთან და ასევე იმ ბუნებრივ პროცესებთან, რაც ორსულობას ახლავს თან. მიუხეადავად ამისა, ახალბედა ორსულებისთვის პირველი გამოცდილება ნამდვილად არაა ჩვეულებრივი, რადგან ისინი სრულიად სხვა ამპლუაში აგრძელებენ ცხოვრებას. ახალი ამბის გაგების დღიდან იწყება უამრავი შეკითხვა და რჩევა-დარიგება მეგობრების, ნათესავების, კოლეგებისა და მეზობლების მხრიდან, ორსულს უწევს მოისმინოს ისეთი რჩევები, რომლებიც არც კი უთხოვია. რჩევა-დარიგებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ისმენს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მისთვის ძალიან გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.


image

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ ამ ფრაზებს. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენც უკვე გითქვამთ რომელიმე მათგანი ორსულისათვის, იმედია, შემდეგისთვის გაითვალისწინებთ.


მაშ ასე, ათი რამ, რაც არ უნდა უთხრათ ორსულს:



1. როგორ გასუქებულხარ, როგორ დაგიკლია ან რამე ამდაგვარი წონასთან დაკავშირებით.

ჯერ ერთი, არაორსულისთვისაც არაა სასიამოვნო ასეთი შეფასებები, წარმოიდგინეთ, ახლა ორსულისთვის როგორი არასასიამოვნო შეიძლება იყოს. თანაც ასეთ რამეს, ქუჩაში შეხვედრისას თუ ეტყვით და არა გრძელი საუბრის შემდეგ, ეს კი უფრო გამაღიზიანებელია. არადა, რამდენი სასიამოვნო რამის თქმა შეგიძლიათ? თუ ასე არაა, სჯობს სულ არაფერი უთხრათ.


2. დაიძინე ახლა, რადგან მერე აღარასდროს გექნება ამის საშუალება.

არადა, როგორი მზრუნველობით ნათქვამს ჰგავს... არა?! ესეიგი, წინასწარ ისედაც შეფიქრიანებულ ორსულს ირიბად ეუბნებით, რომ მერე ამის საშუალება აღარ ექნება, სულ რომ მართალი იყოს და ღამეების თენება მოუწიოს, თქვენ ამ ფრაზით, ეხმარებით თუ უფრო აფორიაქებთ? ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ამას ეტყვით.


3. ისიამოვნე შენი ცხოვრებით, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია.

მართლა? ესეიგი, ბავშვის ყოლის მერე ცხოვრებით სიამოვნების საშუალებას ახლავე უსპობთ. რატომ? შვილი და სიამოვნება ერთად შეუძლებელია? ამ ლოგიკით - ვისაც შვილები ჰყავს, სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული.


4. დარწმუნებული ხარ, რომ ამის დალევა ან ჭამა შეგიძლია?!

დამერწმუნეთ, სანამ თქვენ რამეს ეტყოდით, მას უკვე გადაქექილი ჰქონდა ინტერენეტი და იცის, რა ეჭმევა და რა ესმევა, შეიძლება კოფეინის რაოდენობაც კი აქვს გამოთვლილი, კალორიები და ა.შ. თანაც თქვენ, ალბათ, არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, რომელიც ამას ეუბნება.


5. თუ ასე გააგრძელებ.... (კონკრეტული რამის კეთებას: აქტიურობას, მოძრაობას) ... ბავშვს ნაადრევად გააჩენ.

ამ დროს ორსულმა რა უნდა გიპასუხოთ? - მადლობა კეთილი სურვილებისთვის?!

სანამ ამას "უსურვებთ", წაიკითხეთ, რა და რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და დარწმუნდით, რომ ეს ის შემთხვევაა.


6. ახლა შენი საზრუნავი ბავშვია, ბავშვზე უნდა ნერვიულობდე და არა სხვა რაღაცებზე.

გასაგებია, რომ ბავშვის ყოლა მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლოა, მაგრამ როდესაც ორსული სხვა საკითხზე ნერვიულობს ან ფიქრობს, მითითება, რომ ბავშვზე უნდა ინერვიულოს არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. ჯერ ერთი - რატომ უნდა ინერვიულოს ბავშვზე, როცა პატარა მუცელში ძალიან კარგად გრძნობს თავს და ორსულობა გართულებების გარეშე მიმდონარეობს, მეორეც თქვენი თქმის გარეშეც ის შინაგანად მაინც ფიქრობს ამ ახალ ეტაპზე, და ბოლოს, ზოგადად, როცა რამეს გიზიარებენ, მოსმენაც კმარა და არაა საჭირო ადამიანების ფიქრების შესწორება, მითუმეტეს, ორსულის.


7. როგორი დაღლილი ჩანხარ, ცუდად გამოიყურები, ფეხები გაქვს შესიებული?!...

უი, მართლა? ეს ხომ თავადაც კარგად იცის, მადლობელი უნდა იყოს, რომ შეახსენე?!


8. მზად ხარ? მზად გაქვს ბავშვისთვის ყველაფერი?

რა თქმა უნდა, არ არის მზად, და, რასაკვირველია, ყველაფერიც რომ ჰქონდეს მზად, გულში მაინც ფიქრობს, რომ რაღაც ვერ გაითვალისწინა ან ვერ გაითვალისწინებს, ამიტომ ამ შეკითხვით დამატებით აფორიაქებთ.


9. ასე არ უნდა დაჯდე, ის არ უნდა გააკეთო, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი ბავშვისთვის უსაფრთხოა?

ორსულის სხეული, და ზოგადად, ადამიანის სხეული გრძნობს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ეს კითხვები, ძირითადად, ჩნდება აქტიურ მომავალ დედებთან, რომლებიც აგრძელებენ ჩვეული ცხოვრების რითმს. ორსულობა ავადმყოფობა არაა! დიახ, ვარჯიშიც შეიძლება, ესა თუ ის მოძრაობაც და ბავშვისთვისაც უსაფრთხოა, თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს. იმაშიც დარწმუნებული იყავით, რომ სანამ თქვენ ამას ჰკითხავდით, მას უკვე მრავალჯერ გადაკითხული აქვს ყველა ინფორმირებულია.


10. ჯერ სად ხარ, შენ მშობიარობა უნდა ნახო, რა საშინელებაა, მოემზადე!

გასაგებია, რომ მშობიარობა შეიძლება ძალიან რთული პროცესი იყოს. გასაგებია, რომ თქვენ არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილება გქონდათ, მაგრამ თუ თავად არ დაინტერესდა ორსული ამ თემით და არ გკითხათ, იქნებ სჯობდეს თქვენი გამოცდილება თქვენთვის შეინახოთ?! ყოველი ორსულობა ინდივიდუალურია და ასე პირდაპირ მიხლა ამ ინფორმაციის ახალბედა ორსულისთვის არასწორია!



და ბოლოს, ამ ათი ფრაზიდან, არის რამდენიმე, რომლებიც მომავალი მამებისთვისაც შეიძლებოდა გეთქვათ, თუმცა, ძირითადად, მათ მხოლოდ მომავალი დედები ისმენენ,

როგორ ფიქრობთ, რატომ?


კიდევ რომელ ფრაზას დაამატებდით?


გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი



ასევე დაგაინტერესებთ: ორსულობის ნეგატიური მხარეები - ის, რაზეც ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ





1
1618
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1618
  
2022, 2 ივნისი, 0:12
1. "მეორე ბავშვს მიაყოლებ?" 2. "ძუძუთი უნდა კვებო აუცილებლად, ხელოვნურს არ გააკარო! "
0 1 1