x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
ორსულობის ნეგატიური მხარეები - ის, რაზეც ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ
ორსულად ხართ? თანაც პირველად? უკვე სხვებმაც გაიგეს თუ ჯერ საიდუმლოდ ინახავთ? ზოგადად, როგორც მიღებული წესია, სამი თვე მაინც არ ამბობენ. ორსულობის გამჟღავნება არ გამჟღავნების სურვილი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ იქამდე გქონდათ ნაყოფის ნაადრევად მოშლის მწარე გამოცდილება და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, შეიძლება გადაწყვიტოთ, დროებით დამალოთ ახალი ამბავი. "ორსულობა საუკეთესო პერიოდია ქალის ცხოვრებაში", "ორსულობა ქალისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა" და სხვა ამგვარი ფრაზები, ალბათ, უკვე მოგისმენიათ და კიდევაც მოისმენთ ორსულობის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ორსულობის უსიამოვნო მხარეებზე ხშირად საჯაროდ არ ლაპარაკობენ ან თუ ლაპარაკობენ, ძალიან ცოტას. თუ პირველად ხართ ორსულად და ბევრი არაფერი იცით იმის შესახებ, წინ რა გელოდებათ, ეს სტატია თქვენთვისაა.


image

წარმოგიდგენთ ორსულობის ნეგატიურ მხარარეებს, რომლებიც შესაძლებელია, არც გამოსცადოთ, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდება, ის მაინც გეცოდინებათ, რომ მარტო არ ხართ!


მაშ ასე, დავიწყოთ:


1. იმ წუთიდან, როცა გაიგებთ, რომ ორსულად ხართ საოცარი პერიოდი კი არ იწყება, არამედ დიდი გაურკვევლობა



მიუხედავად იმისა, რომ დაორსულება თქვენი გადაწყვეტილება იყო და ორსულად ყოფნა თქვენი სასურველი მდგომარეობაა, ამ ახალი ამბის გაგების სიხარულს ახლავს ბევრი გაურკვეველი ემოცია, შიში და მოულოდნელობა. რაღაც მომენტებში შეიძლება გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ თქვენ მარტო ხართ, იმის მიუხედავადაც კი, თუ ბევრი ადამიანი მზადაა დაგეხმაროთ. სიმართლე ისაა, რომ თქვენ მართლა მარტო ხართ ახლადჩასახულ პატარასთან ერთად, რომლის დედაც უნდა გახდეთ და ჯერ არაფერი იცით, მიაღწევთ კი სამ თვემდე, რომ მერე უფრო თამამად განაცხადოთ თქვენი ორსულობის შესახებ... ნაყოფის უსაფრთხოება თქვენი პირველი საზრუნავი ხდება, დაიწყებთ უამრავი სტატიის კითხვას, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა იცოდეთ, რა შეიძლება და რა არა. სწორედ აქ ჩნდება მეორე გარემოება, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა და დიდი ფსიქოლოგიური სტრესსის გამომწვევიც შეიძლება გახდეს, მაგრამ ამასთან გამკლავებაც მოგიწევთ...


2. ყველამ თქვენზე კარგად იცის, თქვენთვის რა შეიძლება და რა არა


თქვენს ხასიათზეა დამოკიდებული, ამას როგორ გაუმკლავდებით. თქვენ ირგვლივ, რა თქმა უნდა, იქნებიან გამოცდილი და კეთილად განწყობილი ადამიანები, ისინი თქვენთვის საჭირო რჩევებს მოგცემენ, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დაუკითხავად მიგითითებენ რაიმეს, მოგცემენ რჩევა-დარიგებებს, მათთვის საერთოდ რომ არ გითხოვიათ, ისე და ამასაც არ დასჯერდებიან, თუ რაიმე ორსულისთვის შეუსაბამო საქციელი შეგნიშნეს, კრიტიკასაც არ დაიშურებენ. ამისთვის მზად უნდა იყოთ და მაინც, თუ სხვების უადგილო კომენტარებზე ცუდად რეაგირებთ, გახსოვდეთ, ამაში თქვენ მაგიერ თქვენი ორსულობის გამო მოჭარბებული ჰორმონები შეგიძლიათ დაადანაშაულოთ.


3. რადგან უკვე ვახსენეთ ჰორმონები, მათ ცვლილებებს რა შედეგი მოჰყვება, სჯობს, თავიდანვე იცოდეთ


შეიძლება თქვენს ხასიათს რაიმე ცვლილებას პირველ თვეს ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ რაც დრო გავა, შეგეცვლებათ განწყობა, შეგრძნებები და დამოკიდებულებები. უმეტესწილად, მარტივად აგიჩუყდებათ გული და შეიძლება ისეთ რამეებზეც იტიროთ, იქამდე რომ ვერც კი წარმოიდგენდით. რა თქმა უნდა, ყველა ორსულობა ინდივიდუალურია, მაგრამ ასევე ორსულობის დროს სხავადასხვა პრობლემის წარმოქმნამ, მაგალითად, დაღლილობამ, პირღებინების შეგრძნებამ და გაძლიერებულმა ყნოსვამ, შეიძლება თქვენი ადვილად გაღიზიანება და ცუდხასიათზე ყოფნა გამოიწვიოს, ჰორმონები იქნება თქვენი ადვილად გაბრაზების მიზეზიც. მათი ცვლილების გამო, შეიძლება რაღაც მომენტებში იფიქროთ, რომ კონტროლს კარგავთ, სინამდვილეში მართლა კარგავთ, მათი დამსახურებით ორსულობის დროს ბევრი რამ იცვლება და ყველაფერი თავდაყირა დგება, ამიტომ მზად იყავით მოულოდნელობებისთვის და, რაც მთავარია, ნუ იფიქრებთ, რომ ეს მარტო თქვენ გემართებათ.


image

4. გაძლიერებული ყნოსვა და პირღებინების შეგრძნება


ზოგადად, ღებინების შეგრძნება ანდა ღებინება, ორსულობის პირველ სემეტრში უფროა მოსალოდნელი. ეს მდგომაროება, ხანდახან იმდენად მძაფრად ვლინდება ორსულებში, რომ მათ ყველაფრის სურვილს უკარგავს. წარმოიდგინეთ, თქვენ თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ წამიერად მთელი სამყაროც კი შეიძლება შეგზიზღდეთ. ზოგ ორსულს თუ რომელიმე საჭმლის ან ზოგადად, საჭმლის სუნი აღიზიანებს, ზოგისთვის ეს შეიძლება უფრო უცნაურ ფორმაში გამოვლინდეს, მაგალითად, ბევრი ვერ იტანს პარტნიორის სუნს და იმასაც კი ფიქრობს, რომ ის აღარ უყვარს. იმედია, თქვენ ეს არ დაგემართებათ, მაგრამ თუ ასე მოხდა, გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და არა თავად პარტნიორი.



5. სექსის არქონა და სექსის სურვილი


ზოგ ორსულს თუ სექსის სურვილი უძლიერდება, ზოგს პირიქით. სწორედ აქ იჩენს თავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წყვილების ურთიერთობაში. არეული ჰორმონები, ორსულობას თანმდევი სხვადასხვა უსიამოვნო მდგომარეობა, ხშირად გაურკვევლობისა და უთანხმოების მიზეზი ხდება. ამ დროს მიხვდებით სწორად შერჩეული პარტნიორი გყავთ თუ არა, რადგან თქვენ გვერდით გჭირდებათ მაქსიმალურად გამგები და დიდი მოთმინების უნარის მქონე ადამიანი. თუ თქვენ ნაკლებად გენდომებათ სექსი და თქვენი პარტნიორი ამას გაგებით მოეკიდება, იმისთვისაც მზად იყავით, რომ თავად შეიძლება ინერვიულოთ იმაზე, რომ სექსი არ გინდათ, თუ პირიქით მოხდა და სექსის გაძლიერებული მოთხოვნილება გაქვთ, აქაც შეიძლება პრობლემა წარმოიქმნას, ბევრი რამ პარტნიორზეა დამოკიდებული და ასევე თქვენს ჯანმრთელობაზე.



6. მომატებული კილოგრამები


თუ თქვენ არ გაქვთ ჭარბი წონის პრობლემა, სავარაუდოდ, არც ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. რამდენს მოიმატებთ ან არ მოიმატებთ, ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ბევრი ქალისთვის მომატებული კილოგრამები, ძირითადად ტრაგედიაა ხოლმე. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არ ამჟღავნებდეთ, ამაზეც ღელავთ და იმაზეც თუ იქნებით სასურველი ქალი, მომატებული კილოგრამების მერე.


7. საუკეთესო დედისა და ქალის ფენომენი


მომავალი მამა ფიზიოლოგიურად არ გადის ორსულობის სხავადასხვა ეტაპს, ამიტომ საყვარელი კაცის ამპლუის შემდეგ, მისთვის მამის სტატუსის მორგება არ არის ისეთი პრობლემური, როგორც ქალისთვის - დედის. კაცს, როგორც მომავალ მამას, ბევრი რამის გაგება და ატანა უწევს, ორსული ცოლის მდგომარეობის გამო, მაგრამ მისგან განსხვავებით, ორსული უამრავ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორს უნდა შეეგუოს. ამასთან ერთად, ორსულისგან და შესაბამისად, მომავალი დედისგან საზოგადოებას უფრო მეტი მოლოდინი აქვს და ეს გარდამავალი პერიოდი ამ კუთხითაც შეიძლება თქვენთვის დამთრგუნველი აღმოჩნდეს. მოდით თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, საუკეთესო დედა და თან სასურველი ქალი, ეს ორი ერთად არც თუ ისე ადვილად შესათავსებელია.


image


როგორც ხედავთ, ორსულობის პერიოდს აქვს ბევრი უარყოფითი მხარე, თანაც ეს არაა სრული ჩამონათვალი და ბევრი რამის დამატება შეიძლება. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი დადებითიც, რომელიც იმედია, თავად ძალიან კარგად მოგეხსენებათ. სტატიის ბოლოს კი, გასამხნევებლად, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს განიცდით, ნუ შეგეშინდებათ, თქვენ ნამდვილად არ ხართ მარტო.


კიდევ რა უარყოფით მხარეებს დაამატებდით?

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი





0
617
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
Mediator image
617
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0