საზოგადოება "მე რომ მისი დედა ვყოფილიყავი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი ყოველ დილას და ატალახებულ მიწაში სახით ჩავემხობოდი, უნუგეშო, ალაჰსა და ქრისტეზე ერთნაირად გამწყრალი "- ნატა გელაშვილის ემოციური პოსტი 2017, 23 ნოემბერი, 15:21
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გარდაცვლილი სპეცრაზმელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ უცვლელად:
მე რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი, სამძიმარზე მოსულ მაღალჩინოსნებს, ალბათ, თავს მოვაჩვენებდი, რომ ვამაყობ გმირის ცოლობით და ყოველ ღამე ვიოცნებებდი, ჩემი ქმარი ერთი მაჩანჩალა ბუღალტერი ყოფილიყო, ოღონდ მომფერებოდა. მე რომ მისი შვილი ვყოფილიყავი, ვიტირებდი ბევრს, ჩავიცვამდი შავებს და წლების შემდეგ, დედაჩემისგან განსხვავებით, შეძლებდი, გული იმით გამემაგრებინა, რომ მამაჩემი მაგარ კაცად მოკვდა. მე რომ მისი დედა ვყოფილიყავი, გაჩენის დღეს ვიწყევლიდი ყოველ დილას და ატალახებულ მიწაში სახით ჩავემხობოდი, უნუგეშო, ალაჰსა და ქრისტეზე ერთნაირად გამწყრალი. მერე, ალბათ, ქრისტეს მაინც ვაპატიებდი და საკურთხს წავიღებდი ტაძარში. მე რომ მისი და ვყოფილიყავი, ხშირად ვნახავდი, როგორ ტირის ძაძით მოსილი დედაჩემი ოთახის ბნელ კუთხეში, შვილის ხსოვნისთვის მოწყობილ კუთხეში ანთებულ კანდელს მიფიცხებული და ხანდახან დავიღლებოდი ამდენი ტრაგედიით. ვიგლოვებდი ჩემ ძმას და ყველას ვეტყოდი, რომ მე იმ უსამართლოდ მკვდარი კაცის და ვარ, რომლის სიცოცხლეც ყველაფრად მიღირდა. მე რომ მის ოჯახში მეცხოვრა, ხშირად გავიგებდი კითხვას : “რატომ მაინცდამაინც ჩვენ?” და სისხლი მომასკდებოდა პასუხებისგან დაცლილ ტვინში. მაგრამ მე არც ცოლი ვარ, არც შვილი, არც დედა და არც და. არც მის ოჯახში ვიცხოვრებ როდესმე. მე მხოლოდ თანამოქალაქე ვარ, რომელიც შეიძლება, ქუჩაში გადაჰყროდა შემთხვევით და მხოლოდ მისი დაბერილი კუნთები შეემჩნია, შიშნარევი მიზიდულობით. მე ის ვარ, ვინც ზუსტად იცის, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი სავსეა დაუფასებელი შრომითა და ჩვენგან ჩაგრული, დაუმსახურებლად ამოძულებული ბიჭებით. მე ის ვარ, ვინც ვერასდროს იგებდა, რატომ ვერ იტანდნენ შავნიღბიანებს. მე ის ვარ, ვინც ბევრი მისნაირის თვალწინ გაიზარდა. მე ის ვარ, ვისაც მამა ასწავლიდა, რომ იმ ამოჭრილ რკალებში შერჩენილი შიშველი თვალები ბევრად მეტ სიმართლეს იტევს, ვიდრე ბევრი უნიღბო სახე ცისფერი ეკრანებიდან. მე ის ვარ, ვინც ბრაზით სკდება, როცა ჩვენ ბიჭებს უსამართლოდ აკრიტიკებენ. მე ის ვარ, ვინც ვერასდროს უპასუხებს კითხვას : “რატომ მაინცდამაინც ჩვენ?”
4213 4-ს მოსწონს
|