საზოგადოება "სულ ახალი იდეები მომდის თავში, გავიღვიძებ და უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო" - გაიცანით ზაქარია ბერუკაშვილი, რომელიც უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის 2022, 13 ნოემბერი, 19:04 შემდუღებლის ხელობას ბავშვობაში დაეუფლა, მაგრამ ამ პროფესიის შემოქმედებით პროცესად გარდაქმნა დაახლოებით ხუთი თვეა, რაც საქართველოში გულმოდგინედ დაიწყო. იყენებს ყველაფერს, რაც კი ხელში მოხდვება და სხვისთვის უფუნქციო ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს.
მის კოლექციაში ძირითადი მასალა მაინც მეტალია, თუმცა ასევე შეხვდებით ძველ ჩემოდანს, საკერავ მანქანას, ხის დიდ მორებსა და ქვებს. როგორც ჩემთან საუბრისას აღნიშნა, მუდმივად აგროვებს ისეთ რაღაცებს, რომლებზეც ფიქრობს, რომ მომავალში გამოადგება და შემდეგ, როდესაც შთაგონება ეწვევა, ერთმანეთს არგებს.
ასე შეიქმნა "ჩაქუჩების ოჯახი", "შეყვარებულები", "კვარაცხელია" და კიდევ სხვა უამრავი ხელოვნების ნიმუში.
სულ ცოტა ხნის წინ, კახეთის ღვინის ფესტივალზე შემთხვევით წავაწყდი მის ნამუშევრებს და ჩემთვის ძალიან შთამბეჭადვი აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი თქვენთვისაც გამეზიარებინა.
გაიცანით, ზაქარია ბერუკაშვილი, რომელიც კახეთში, კერძოდ, სოფელ ჩუმლაყში, უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის. ზაქარია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია და უკვე რამდენიმე გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. "რამდენიმე წელია ჩემში რაღაც შთამაგონებელმა ძალამ გაიღვიძა, ყველა ნივთს სხვა თვალით შევხედე და გადავწყვიტე ძველი, უკვე გამოუსადეგარი ნივთების გაცოცხლება. შემდუღებლის ხელობა ბავშვობიდან ვიცოდი და ძალიან დამეხმარა ჩემი იდეების განხორციელებაში. საქართველოში რომ ჩამოვედი, თავისუფალი დრო ბევრი მქონდა, მე კი არ მიყვარს უსაქმურად ჯდომა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ჰობი უკვე პროფესიად მექცია. სულ ახალი იდეები მომდის თავში, გავიღვიძებ და უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. როდესაც ბუნებაში ვსეირნობ, ყოველთვის თვალში მხვდება ბუნებისგან გამოძერწილი ტოტი, ხე, ჩირგვი - ყველაფერში რაღაც ახალ ფორმას ვხედავ, მივიტან სახელოსნოში და სრულყოფაში მომყავს, ახალ სახეს ვაძლევ. ბუნებისაგან შექმნილი და ადამიანის ხელით სრულყოფილი, - ორივე ღმერთის ქმნილებაა. არ ვიცი, ძალიან მიყვარს ბუნება, ხელოვნება და სურვილი მაქვს მისი სილამაზე ყველას განსაკუთრებულად დავანახო. მდინარისგან გამორიყული ხე, ჯართი და გადაგდებული ნივთიც კი. ბედნიერებაა და სასიამოვნოა საყვარელი საქმით დაკავება და ეს საქმე თუ პროფესიად გექცევა, ხომ უფრო უკეთესი." - მითხრა ზაქარიამ.
რადგან ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობს, წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ნამუშევარს: "კვარაცხელია""შეყვარებულები""ჩაქუჩების ოჯახი""სიყვარული""ღვინის რობოტი""პატარა სპილო""შადრევანი""ჭიანჭველა - ყვავილების ჩამოსაკიდი""ბაყაყი - პატარა შადრევნით"ხის მორების მაგიდაჩემოდანი-მაგიდაუფრო მეტი სანახავად, ეწვიეთ ზაქარიას ინსტაგრამ გვერდს.რას ფიქრობთ მის შემოქმედებაზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება! სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი781 2-ს მოსწონს
|