x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ხვარშიელები
image


ხვარშიელების ეთნიკური ტერიტორია დასავლეთ დაღესტნის მაღალმთიანეთში, დღევანდელი წუმადის რაიონში მდებარეობს. განსახლებულნი არიან სოფლებში: ხვარში, ზემო იხნოყვარი, ქვემო იხნოყვარი, კვანტლადა, სანტლადა, ხვაინი. ხვარშიელების უმეტესობა (დაახლოებით ორი მესამედი) დაღესტნის ბარში, ხასავიურტის და ყიზილიურტის რაიონებში და აგრეთვე ქ. ყიზლარში ცხოვრობს.

აქ ისინი 1957 წელს დასახლდნენ, როდესაც ჩაჩნეთიდან დაბრუნდნენ, სადაც იძულებით 1944 წელს გადაასახლეს. ხვარშიელების რაოდენობაა 2, 5 ათასი კაცი. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ხვარშიელები ხუნძებად აღირიცხებოდნენ. გამონაკლისი იყო 1926 წელი, როდესაც ხვარშიელები დამოუკიდებელ ეთნოსად დააფიქსირეს.

ხვარშიელების მეზობლები არიან დიდოელები, ტინდიელები. ეთნონიმი “ხვარშიელი” მომდინარეობს ამ ეთნოსის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტის _ სოფ. ხვარშის სახელწოდებიდან. ხვარშიელების თვითსახელწოდებაა აკილკო, ატლილკო.



წარსულში ხვარშიელთა კავშირის ყველა სოფლის მცხოვრებთ თავისი სახელწოდება ჰქონდა. მაგალითად, ხვარშიელები იწოდებოდნენ აკიზოდ, ინხოყვარელები _ იხისესდ (იხე, იხზინ), კვანტლადელები _ კალოზოდ, სანტლადელები _ ზოლუზად, ხვაინელები _ იჩიზოდ.

ანთროპოლოგიურად ხვარშიელები კავკასიონური ტიპის კლასიკური წარმომადგენლები არიან. მიეკუთვნებიან დიდი ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიურ რასას. ხვარშიული ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ჯგუფის ენაა.

ხვარშიული ენა დიდოურ (ცეზურ) ენათა შტოს მიეკუთვნება. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ანდიურ და დიდოურ ენებს შორის ხვარშიულს შუალედური ადგილი უკავია. ხვარშიულ ენას ორი დიალექტი აქვს: საკუთრივ ხვარშიული და ინხოყვარული. ამავე დროს, ყველა სოფელში მათთვის დამახასიათებელ კილოზე მეტყველებენ. ხვარშიული უდამწერლობო ენაა. ხვარშიელები მშობლიური ენის გარდა, აგრეთვე, ხუნძურ, ტინდიურ და რუსულ ენებს ფლობენ.


XV-XVI სს-მდე ხვარშიელები, ისევე როგორც ანდიურ-ცეზური მოდგმის სხვა ხალხები, დიდოს სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში შედიოდნენ. შემდგომში ხუნძი ხანების დაპყრობითი პოლიტიკისა და ისლამის გავრცელების შედეგად, დიდოს კავშირი რიგ გაერთიანებებად დაიშალა. ხვარშიელები ბოგოზის (ტინდის) საზოგადოების შემადგენლობაში შევიდნენ. XIXს-ის დასაწყისში ხვარშიელები გამოცალკევდნენ და ხვარშის სასოფლო საზოგადოების კავშირი შექმნეს.

1860-იანი წლების ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ, ანდიის ოკრუგის ტინდალის სანაიბოში შევიდნენ. ხვარშიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ომებში. ხვარშიელების მთავარი სამეურნეო საქმიანობა საიალაღო მესაქონლეობა, ძირითადად, მეცხვარეობა იყო. მოშენებული ჰყავდათ თუშური ჯიშის ცხვარი, დაბალტანიანი მთური ჯიშის ძროხა. მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა ურწყავ მიწათმოქმედებას.

ხვარშიელებში დიდად იყო განვითარებული შინამრეწველობა და ხელოსნობა: მაუდისა და განსაკუთრებული ხაოიანი საბნების წარმოება, მატყლის წინდებისა და ჩექმების ქსოვა, ხის საყოფაცხოვრებო საგნების (მაგიდების, სკამების და სხვ.) დამზადება. მეურნეობის დამხმარე დარგებს წარმოადგენდა მეფუტკრეობა, ტყის მეფუტკრეობა და მონადირეობა. ხვარშიელები აქტიურად მისდევდნენ ვაჭრობას. სავაჭროდ მიემგზავრებოდნენ არა მხოლოდ შიდა ბაზრებზე, არამედ საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩაჩნეთში.


მამაკაცთა დასაქმების პრობლემის გამო, ხვარშიელები დღესაც დაღესტნის სხვა რაიონებში, ძირითადად, ნოღაის სტეპებში გარესამუშაოზე სეზონურად მიემგზავრებიან. ხვარშიელთა სოფლები ბუნებრივად გამაგრებულ ადგილებში მდებარეობდა. სადაც კი აუცილებელი იყო, აშენებული ჰქონდათ სათვალთვალო კოშკები (სოფელ ხვარშიში შემორჩენილია ოთხი ნახევრადდანგრეული კოშკი). ხვარშიელთა სოფლები, დაღესტნის სხვა მთიანი მხარეებისგან განსხვავებით, შედარებით პატარა იყო. სახლის ეზოს ქვემოთ განთავსებული სახლის სახურავი წარმოდგენდა.

ორიგინალური იყო ხვარშიელთა ტანსაცმელი. ზამთარში სხვადასხვა სახის ცხვრის ქურქს ატარებდნენ. პოპულარული იყო ანდიური ნაბადი. თავსაბურავი რამდენიმე ფასონის _ კონუსისებრი, ცილინდრული, XXს-ის დასაწყისში კი გადმობრუნებული ტრაპეციის სახის ჰქონდათ. გავრცელებული იყო ნაქსოვი და თექის ჩექმები. კოსტიუმის აღკაზმულობაში სპილენძისა და ვერცხლის ფიგურები შედიოდა, რომელზედაც მარჯვენა მხარეზე, პისტოლეტი ეკიდათ, მარცხენა მხარეზე _ ხანჯალი.

მარჯვენა ხელზე მამაკაცები ვერცხლის ბეჭედს ატარებდნენ. ქალებსა და მამაკაცებს მაჯაზე შავი ქედის სამაჯური ეკეთათ. მამაკაცები თავს მთლიანად იპარსავდნენ, წვერულვაშს კი უშვებდნენ. ცოლიანი მამაკაცები პატარა წვერს ატარებდნენ. ქალებს შორის ვერცხლის მონეტებით თავის მორთვა იყო პოპულარული. საჭმელებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ხინკალი და ფაფები.


ხვარშიელები გაერთიანებულნი იყვნენ თემებში (ჯამაათებში). სათემო საკუთრებაში შედიოდა საძოვრები, ვერანი (ცარიელი) ადგილები, ტყის დიდი ნაწილი და სათიბების ზოგიერთი ნაწილი. სახნავის და სათიბების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში იყო. თავდაპირველად თემს სრულწლოვანი მამაკაცებისაგან შემდგარი სასოფლო ყრილობა მართავდა. თემის ძირითადი სამეურნეო და სოციალური უჯრედი პატარა ოჯახი იყო. ოჯახები თუხუმებში იყვნენ გაერთიანებულნი, რომლებსაც საერთო წინაპრები ჰყავდათ. თუხუმის წევრები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნათესაურ ურთიერთობებს. მამაკაცთა გარესამუშაოზე მასობრივი გასვლის გამო, მნიშვნელოვან საკითხებს ხშირად ქალებიც წყვეტდნენ. ხვარშიელებმა იცოდნენ ლევირატი, სორორატი, ქალის მოტაცება. უპირატესად კი გარიგებით ქორწინდებოდნენ. ხვარშიელები მკაცრად იცავდნენ და ახლაც იცავენ ენდოგამიას.

მათ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სტუმართმოყვარეობა, ყონაღობა, ურთიერთდახმარების წეს-ჩვეულება და სისხლის აღება. ხვარშიელები სუნიტი მუსლიმები არიან. გარდა მუსლიმური დღესასწაულებისა, დღესასწაულობდნენ წლის ყველაზე მოკლე დღეს (უქმობის დღე), შუა ზამთარს (თებერვლის დასაწყისში), ხნულის გავლებას, მოსავლის აღების დამთავრებას და სხვ. იცოდნენ წვიმისა და მზის გამოწვევის წეს-ჩვეულება.

ხალხური ზეპირი შემოქმედება ორენოვანი იყო: ხვარშიული და ხუნძური. თითქმის ყველა სოფელში იყვნენ განათლებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ფლობდნენ არაბულ ენას. მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენებიდან შემორჩენილი იყო ტოტემიზმი, წინაპართა კულტი, ბუნებისა და მისი ძალების გაღმერთება.

ხვარშიელებში განვითარებული იყო მედიცინა. ხალხურ მკურნალებს შეეძლოთ სწორი დიაგნოზის დასმა. მკურნალობის ხელოვნება თაობიდან თაობაზე გადადიოდა. მკურნალები რთულ ქირურგიულ ოპერაციებსაც აკეთებდნენ.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0