x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ხაიდაყელები
image


ხაიდაყელები დაღესტნის იმ ეთნოსთა შორის არიან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა ეთნოსებს მიაკუთვნა. ხაიდაყელებს დარგუელებად წერდნენ. ხაიდაყელების თვითსახელწოდებაა ხაიდაყანტი, ხაიდაყან (მრ. რ.). რუსები მათ კაიტაგებს უწოდებენ. ისინი დაღესტნის ხაიდაყის რაიონის ძირძველი მკვიდრნი არიან.

ხაიდაყელების ძირითადი ნაწილი დღეისათვის დაღესტნის 37 სოფელშია განსახლებული. ხაიდაყის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ხაიდაყელების ერთ-ერთი დიდი სოფელი მაჯალისი. ისინი დახადაევის რაიონის ორ სოფელშიც (იცარი და შარი) მკვიდრობდნენ. ხაიდაყელების ნაწილი 1944 წელს ჩაჩნეთში გადაასახლეს. იმავე დროს ხაიდაყელების ერთი სოფელი ბარში, დერბენტის რაიონში გადაიყვანეს საცხოვრებლად. ხაიდაყის რაიონში, ხაიდაყელთა გარდა, ცხოვრობენ აგრეთვე დარგუელები, ყუმუხები, მთის ებრაელები. ხაიდაყელები გეოგრაფიულად შუა დაღესტნის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.

ხაიდაყელების მეზობლები არიან ყუმუხები (ჩრდილოეთით), დარგუელები (დასავლეთით), თაბასარანელები (სამხრეთ-დასავლეთით). 1926 წელს 14, 4 ხაიდაყელი იყო აღრიცხული, 1938 წელს _ 17, 2 ათასი. შემდეგდროინდელ აღწერებში ხაიდაყელებს დარგუელებად წერდნენ. ხაიდაყელები დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ხაიდა-ყური მეტყველება ხუთი თქმის ერთობლიობას წარმოადგენს. ხაიდაყელები ლაპარაკობენ აგრეთვე დარგუულ და ყუმუხურ ენებზეც. სკოლებში სწავლება რუსულ და დარგუულ ენებზე მიმდინარეობს.


ხაიდაყი პირველად IX ს-ის არაბულ წყაროშია მოხსენიებული. არაბთა ლაშქრობებამდე ხაიდაყელებს საკუთარი მმართველები ჰყვადათ. ხაიდაყის უკანასკნელი მმართველი, რომელიც სარწმუნოებით ქრისტიანი იყო, არაბებთან ბრძოლაში დაიღუპა. მაჰმადიანობა ხაიდაყელებმა XIVს-ში მიიღეს. XIV ს-დან XIXს-მდე ისინი დიდ ფეოდალურ წარმონაქმნში _ ხაიდაყის საუწმიოში და “თავისუფალ საზოგადოებათა” კავშირში შედიოდნენ. ხაიდაყი მთიან და დაბლობის ნაწილებად იყოფოდა, რომელსაც უწმია მართავდა. თავისუფალი საზოგადოება სხვადასხვა დროს მეტ-ნაკლებად უწმიას დაქვემდებარებაში იყო, რაც ომის დროს ამ უკანასკნელის სამხედრო წინამძღოლობაში გამოიხატებოდა.

XVIIIს-ის მონაცემებით, “თავისუფალ საზოგადოებაში” თავისი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, უწმია თავის შვილებს მათ გასაზრდელად უგზავნიდა. ამასთანავე, ყველა ქალს ბავშვი მორიგეობით მკერდზე უნდა მიედო. ამის შემდეგ უწმია “თავისუფალ საზოგადოებასთან” დანათესავებულად ითვლებოდა.

უწმიას ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო და ის გვარის უხუცესზე გადადიოდა, მაგრამ ამასთან ერთად, მას საერთო ყრილობაზე ამტკიცებდნენ. თავდაპირველად უწმიას რეზიდენცია სიმაგრე ყალაყორეიშში იყო. შემდეგ ცენტრმა ურკარახში გადაინაცვლა, XVIIს-ის დასაწყისიდან სოფელ მაჟალისში, XVII-XVIIIსს-ში კი _ სოფ. ბაშლიში. XVIს-ის მეორე ნახევარსა და XVIIს-ის პირველ ნახევარში უწმია რუსტემ-ხანმა სამართლის წიგნის კოდიფიცირება მოახდინა. ის ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ჩვეულებითი სამართლის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კრებულია. XVIIIს-ში ხაიდაყის საუწმიო ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ერთეული იყო.


1813 წელს, გულისტანის სამშვიდობო ზავით, ხაიდაყი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. XIXს-ის 60- იან წლებში ხაიდაყში უწმიასა და ბეგების მმართველობა ლიკვიდირებული იქნა და ჩამოყალიბდა დაღესტნის ოლქის ხაიდაყ-თაბასარანის ოკრუგი. ძველი დროიდან ხაიდაყელთა ტრადიციული საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო, მთისწინეთსა და ბარში კი _ მებაღეობა და მევენახეობაც. მთაში მეცხოველეობიდან უპირატესობა მეცხვარეობას ჰქონდა მოპოვებული. დამხმარე დარგებიდან განვითარებული იყო ნადირობა. დეკემბრიდან მაისამდე მამაკაცების უმეტესობა დერბენტის რაიონში სარეწებზე გარესამუშაოზე მიდიოდა. XIXს-ის დასაწყისში ყუბაჩელ ოსტატებს საზღვარგარეთ გასაყიდად გაჰქონდათ ხაიდაყური ნაქარგი ბალიშები.


image


ინგლისელი მკვლევარის რ. ჩენსინერის მტკიცებით, ხაიდაყურ ნაქარგთა ორნამენტში ასახულია ზოროასტრიზმის, მუსლიმობის, ქრისტიანობის, იუდაიზმის და წარმართობის სიმბოლოები. ხაიდაყური ორნამენტის ბევრ ელემენტს ანალოგია აქვს ბიზანტიის, მონღოლების, ჩინელების, თურქების, კელტების ორნამენტულ ხელოვნებასთან. ზემო ხაიდაყის ნაგებობებიდან საბრძოლო და სათვალთვალო კოშკები და სოფლის ირგვლივ შემოვლებული კედლები შეიძლება დავასახელოთ. XIXს-ში დასახლება ტერიტორიულ-გვაროვნული ხასიათის იყო.

ყოველი აული სასოფლო თემს წარმოადგენდა, რომელშიც დიდი და პატარა ნათესაური ჯგუფები _ თუხუმები (ჟინსები) შედიოდა. საძოვარი, ტყე და წყალი საერთო სათემო საკუთრებაში იყო. ხაიდაყელებს სპეციალური საქორწილო და სამგლოვიარო ტანსაცმელი არ ჰქონდათ. გლოვის დროს ქალები სამკაულს იხსნიდნენ.

XIXს-სა და XXს-ის დასაწყისში ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო. ხაიდაყელები ერთმანეთს ეხმარებოდნენ სახლის მშენებლობისას, მინდვრის დამუშავების დროს, ქორწილში და სხვ. ქორწინება ენდოგამიური იყო _ ის თუხუმისა და სოფლის შიგნით ხდებოდა.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0