x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჭამალალები
image


ჭამალალების თვითსახელწოდებაა ჭამაიგა. ჭამალალები დაღესტნის ანდიური ჯგუფის ხალხთა ჯგუფში შედიან. იოანე ბაგრატიონის მონაცემებით, XVIIIს-ის ბოლოს ჭამალალების რაოდენობა 1207 კომლი ყოფილა.

XIXს-ის 60-იან წლებში ჭამალალები რვა სოფელში ცხოვრობდნენ (715 კომლი, 2658 კაცი). XXს-ის 20-იან წლებში ჭამალალების რაოდენობა 4028 კაცი იყო. დღეისათვის ჭამალალები კომპაქტურად დაღესტნის 29 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობენ (წუმადის რაიონში) და შეადგენენ 1851 ოჯახსა და 7207 კაცს, რაც რაიონის მოსახლეობის 45% და დაღესტნის მოსახლეობის 0, 44%-ია. ჭამალალების ნაწილი მკვიდრობს ჩაჩნეთის შატოის რაიონის რვა სოფელში (343 კომლი, 2075 კაცი). გადასახლებული არიან დაღესტნის ბარში, ბაბაიურტის რიაონში. გაფანტულად მკვიდრობენ ყიზლარის, ყიზილიურტის, ხასავიურტის რაიონებში, ქალაქებში მაჰაჭყალაში, ხასავიურტში, ბუინაკსკში, ყიზილიურტში. მათი საერთო რაოდენობა 9, 5 ათასი კაცია.


1939 წლიდან საბჭოთა ხელისუფლება ჭამალალებს, როგორც ცალკე ხალხს აღარ აღრიცხავდა. მათ ხუნძებს აკუთვნებდნენ. იყოფიან ორ ეთნოგრაფიულ ჯგუფად: გიგატლიელებად და გაკვარიელებად. ჭამალალების მეზობლები არიან: ჩაჩნები, ქართველები, ხუნძები, ხვარშიელები, ტინდიელები, ბაგულალებიები. ჭამალალების განსახლების ტერიტორია 12 კილომეტრზეა გადაჭიმული ანდიის ქედის სამხრეთ კალთებზე, მდ. ანდიის ყოისუს მარცხენა მხარეს.


ჭამალალები ევროპეიდული რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ისინი მაღლები და გრძელსახიანები არიან. თმები, კანი და თვალები ღია ფერის აქვთ. ჭამალალური ენა ჩრდილოეთ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფში შედის. აქვს ორი დიალექტი. საზოგადოება “ჭამალალი” წყაროებში მხოლოდ XVIIIს-ში იხსენიება.

ჭამალალის სასოფლო საზოგადოების კავშირში შედიოდა გადირის, გაკვარის, წუმადის, გიგატლის, კენხის სასოფლო თემები. ამ კავშირმა ჭამალალთა რუსეთის დაპყრობამდე იარსება. ჭამალალებისათვის მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების სიმბიოზური მეურნეობა იყო დამახასიათებელი, რომელშიც წამყვანი მომთაბარე მეცხვარეობა იყო, მიწათმოქმედებას კი მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. მოწეული მარცვლეული მთელი წლის განმავლობაში არ ჰყოფნიდათ, ამიტომ მას ბარში ყიდულობდნენ ან მეცხოველეობის პროდუქტებზე ცვლიდნენ. ნაწილობრივ განვითარებული იყო მებაღეობა და მევენახეობაც, ხელოსნობის დარგებიდან _ მაუდის, ნაბდების, ფარდაგების, სპილენძის ჭურჭლის წარმოება, ხის ჭურჭლის დამზადება, ვერცხლის დამუშავება, მჭედლობა, ტყავის დამუშავება.

გარე სამუშაოზე გასვლა იცოდნენ ჩაჩნეთსა და დაღესტნის ქალაქებსა და ბარში. ტანსაცმლის ძირითადი მასალა მეცხოველეობის პროდუქტები იყო. ტანსაცმელზე ატარებდნენ სხვადასხვაგვარ სამკაულებს _ ვერცხლის მონეტები, საყურეები, ვერცხლისა და სპილენძის ძეწკვები. მამაკაცების აუცილებელი ატრიბუტი იყო ხანჯალი, ვერცხლის ან წვრილი სპილენძის სარტყელი. ხინკალი ჭამალალების ყოველდღიური საჭმელი იყო. აკეთებდნენ სხვადასხვაგვარ ფაფებს.


ოჯახის ფორმებიდან გაბატონებული იყო პატარა ნუკლეარული ოჯახები. უპირატესობას ანიჭებდნენ ნათესავებზე დაქორწინებას (ენდოგამია). საოჯახო ურთიერთობებში ეტიკეტის მკაცრი ნორმები არსებობდა _ უმცროსის უფროსისადმი, ქალის _ კაცისადმი დაქვემდებარება. დაღესტნის სხვა ხელხებისაგან განსხვავებით, ნეფე-პატარძალი ქორწილში მონაწილეობდა. ჭამალალების საზოგადოებრივი წყობა გვაროვნული წყობისა და ფეოდალიზმის სიმბიოზს წარმოადგენდა.

XVIIIს-ში ჭამალალები გამოსაღებს არავის არ უხდიდნენ და არჩევითი უხუცესების მიერ იმართებოდნენ. ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სოფლის ყრილობა, რომელზედაც ყველა უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდებოდა. სოფლის ყრილობაზე ხმის უფლება 16 წელზე უფროს ყველა მამაკაცს ჰქონდა. ჭამალალებმა იცოდნენ სისხლის აღება. ის 16 წლიდან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებზე ვრცელდებოდა. ურთიერთდახმარება ხდებოდა სახლის მშენებლობისას, მოსავლის აღებისას, ხვნისას, ქორწილში.

როგორც მთის ყველა ხალხისათვის, ჭამალალებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. განვითარებული იყო ძმადგაფიცვა. ძმადგაფიცული ნათესავთან იყო გათანაბრებული. ჭამალალების კულტურის არსებითი ელემენტი იყო ხალხური მედიცინა. ამ თვალსაზრისით ფართოდ იყენებდნენ ბალახებს. ჭამალალები მუსლიმი-სუნიტები არიან. შემორჩენილი იყო ზოგიერთი წარმართობისდროინდელი რწმენა-წარმოდგენა.

წვიმის “გამოწვევის” მიზნით, გვალვის დროს სოფლის ყველა მცხოვრები მიდიოდა მთაში, კლავდნენ სამსხვერპლო კვიცს და მის სისხლს ტბაში ასხამდნენ, ცხოველის ტყავსაც ტბაში აგდებდნენ, კითხულობდნენ ლოცვას და მიმართავდნენ ღვთაებას, რომ მას წვიმა მიეცა. ჭამალალებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ხუნძებთან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით უნკრატლის თემი გამოირჩეოდა. ასეთივე კავშირები ჰქონდათ ჩაჩნებთან. დღევანდელ ჩაჩნურ სოფელ ჩადირს ჭამალალური წარმოშობისად თვლიან.

ინტენსიური კავშირი ჰქონდათ ჭამალალებს ღოდობერიელებთანაც, რისი დამადასტურებელიცაა საერთო სალოცავი ანჟუკა, რომელიც სოფ. ღოდობერში მდებარეობდა. ჭამალალებს ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ლაკებთანაც, რომელთა კერამიკაც მათში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ოდინდელი კავშირურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთანაც. ჭამალალელთა ბევრ თუხუმს თავი ქართული წარმოშობისად მიაჩნდა. ისინი ძირითადად ლეკიანობის დროს ტყვედ მოყვანილი ქართველების შთამომავლები იყვნენ. ჭამალალებს აქვთ მდიდარი სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორი. სიმღერებს ძირითადად ხუნძურ ენაზე ასრულებენ. მათი ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტია ფანდური, ზურნა და დაირა.

კალენდარული დღესასწაულებიდან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველი ხნულის გავლებას. შემორჩენილია წინაპრების კულტი, მაგიის სხვადასხვა ფორმა. დღეისათვის ჭამალალებს არაერთი პრობლემა აქვთ, მათ შორის უმთავრესი, ეთნოსის გათიშვაა, რადგან ჩაჩნეთის შატოის რაიონში მცხოვრებ ჭამალალებს წინაპრების თავდაპირველი განსახლების არეალთან ინტენსიური კავშირი თითქმის აღარა აქვთ.

მნიშვნელოვანი სიძნელეები აქვთ ენობრივი საკითხების გადაწყვეტისას. ჭამალალური ენა უდამწერლობო ენაა, მათთვის დამახასიათებელია სამენოვნება. ჭამალალური ენა მხოლოდ ოჯახში სალაპარაკო ენაა, მისი ლექსიკური ფონდი ღარიბდება.


როლანდ თოფჩიშვილი – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.


0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0