x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ყუბაჩელები
image


დაღესტნის მთაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ეთნოსებს შორის ყუბაჩელებს გამორჩეული ადგილი უკავიათ. ისინი ერთ სოფელში _ ყუბაჩში მკვიდრობენ, რომელიც ზღვის დონიდან 1500-1750 მ-ის სიმაღლეზეა.

დასახლება მთის ციცაბო ფერდობზეა შეფენილი. საბჭოთა ხელისუფლების დროს ყუბაჩელებს დარგუელებად წერდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 1926 წლის აღწერა იყო, როდესაც მათ ეთნიკური თავისთავადობა არ დაუკარგეს. ამ აღწერით, ყუბაჩელების რაოდენობა 2357 კაცი იყო. 1995 წელს სოფელში 2230 ყუბაჩელი ცხოვრობდა. შეფასებითი მონაცემებით, ყუბაჩს გარეთ, ისინი კავკასიისა და შუა აზიის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებშიც ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 3 ათას კაცს აჭარბებს (მთელი ყუბაჩელების 61, 2%).


ყუბაჩელების თვითსახელწოდებაა უგბაუგ, გუგბუგ, უგბუგან, გუგბუგან. დარგუელებისათვის ისინი არიან გურბუგ, ხუნძებისათვის _ ყუბაჩიალ, ლეზგიებისათვის _ ყუბეჩიარ, თაბასარანელებისათვის _ კიუგიარ, ლაკებისათვის _ გურგ.


სახელწოდება ყუბაჩი პირველად XVს-ის წერილობით ძეგლებშია დასახელებული. ის მომდინარეობს თურქული სიტვისაგან _ “გიუბე” (ჯავშანი, ჯაჭვის პერანგი); “ყუბეჩი” კი მეჯავშნეებს აღნიშნავს. თუმცა უფრო ადრე საისტორიო წყაროებში VIს-დან იხსნიებიან “ზირიხგერანთა” სახელწოდებით. ეს ტერმინიც სპარსულ ენაზე მეჯავშნეებს აღნიშნავს. V-Xსს-ში ყუბაჩი დაღესტნის ერთ-ერთი პოლიტიკური წარმონაქმნის _ ზირიხგერანის ცენტრი იყო, რომელიც აქტიურ როლს თამაშობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

VI ს-ში ზირიხგერანელები ირანის მოხარკეებად იქცნენ, 738-739 წლებში კი არაბებმა დაიპყრეს და გამოსაღებით დაბეგრეს. XIIIსში ყუბაჩელები მონღოლებმა დალაშქრეს. 1396 წელს ყუბაჩში თემურ-ლენგის ჯარი შეიჭრა. ყუბაჩის მცხოვრებლებმა ბრძოლას დამორჩილება არჩიეს, დამპყრობლებს კი იარაღი და ჯავშანი მიაწოდეს. XVI-XVIIსს-ში ყუბაჩელებმა ხაიტაყის და ყაზიყუმუხის ხანთან ბრძოლაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს. XVIIIს-ში, დაღესტნის სხვა ხალხებთან ერთად, ყუბაჩელებმა ნადირ-შაჰის თავდასხმაც ვერ აიცდინეს.

რუსეთთან შეერთებისა (1813წ.) და კავკასიის ომის შემდეგ სოფელი ყუბაჩი ხაიტაყთაბასარანის ოკრუგში შევიდა. დღეს ყუბაჩი დაღესტნის დახადაევსკის რაიონში შედის. 1965 წლიდან ყუბაჩი მუშათა დასახლებაა და დაღესტნის (და რუსეთის) დიდი სამხატვრო რეწვის ცენტრია.

ანთროპოლოგიურად ყუბაჩელები ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიური რასის კავკასიონური ტიპის წარმომადგენლები არიან. ყუბაჩელთა მეტყველება ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნურ ჯგუფში შედის. ის ახლოს დგას დარგუულ ენასთან. ყუბაჩური უდამწერლობო ენაა. საქმისწარმოება და სკოლაში სწავლება რუსულ ენაზეა. სხვათაშორის, XVIII-XIXსს-ის მეცნიერები და მოგზაურები თვლიდნენ, რომ ყუბაჩელები ევროპული წარმომავლობისა იყვნენ. მაგრამ შემდეგი დროის არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური, საისტორიო და ეთნოგრაფიული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ყუბაჩელები ავტოქტონები არიან და მათი ეთნოგენეზიც კავკასიაში მოხდა და რომ ისინი დარგუელების მონათესავენი არიან.

ყუბაჩელების ეთნოგენეზი რთული ეთნიკური, ეკონომიკური და მიგრაციული პროცესების ფონზე მიმდინარეობდა. ყუბაჩელების ძირითადი საქმიანობა შინამრეწველობა და ხელოსნობა იყო. მთელი ისტორიის მანძილზე ყუბაჩი ხალხური მხატვული რეწვის დიდი და ფართოდ ცნობილი ცენტრი იყო. განვითარებულ იყო ლითონის დამუშავება, ქვაზე და ხეზე კვეთა, სამშენებლო საქმე, ძვლის დამუშავება, საიუველირო საქმე, ბრინჯაოს მხატვრული ჩამოსხმა, იარაღის წარმოება.

ქალები მისდევდნენ ქსოვას, ფეიქრობას, ქეჩის დამზადებას. ქეჩისაგანვე კერავდნენ ფეხსაცმელს. უკვე VIს-ში ყუბაჩელთა ლითონდამუშავების ხელოვნება დაღესტნის ფარგლებს გარეთ იყო ცნობილი, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაც მათ ეთნონიმშიც (“ზირიხგერან”) აისახა.


image


XIII-XIVსს-ში მაღალ დონეს მიაღწია ბრინჯაოს ქვაბების ჩამოსხმამ, სხვადასხვაგვარი სპილენძისა და ბრინჯაოს ჭურჭლის, ვერცხლის აღკაზმულობის გაკეთებამ, ჯავშნების, ჩაფხუტების, მუზარადების, ხანჯლების და ფარების დამზადებამ.

XIV-XVსს-ში არაჩვეულებრივად აყვავდა ქვასა და ხეზე მხატვრული კვეთის ხელოვნება. გვიან შუა საუკუნეებში ყუბაჩელები ცივ იარაღთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის კეთების აღიარებული სპეცილისტებიც გახდნენ. ყუბაჩური ხელოვნების ნიმუშები არაერთხელ იყო ექსპონირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების (მათ შორის თბილისის) გამოფენებზე, სადაც მათ ოქროსა და ვერცხლის მედლების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოიპოვეს.

XIXს-ის მეორე ნახევარში ინტენსიური გახდა კავკასიის ქალაქებში ყუბაჩელი ხელოსნების საშოვარზე გასვლა, სადაც საიუველირო ფარდულები და საოქრომჭედლო სახელოსნოები გახსნეს. 1924 წელს ყუბაჩში გაიხსნა საიუველირო არტელი, რომელიც 1960 სამხატვრო კომბინატად გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდშიც ყუბაჩელმა ოქრომჭედლებმა, რომლებმაც ამ დროისათვის არაერთი ახალი უნიკალური ნაწარმი შექმნეს, საერთაშორისო გამოფენებზე მრავალი ჯილდო დაიმსახურეს.

ყუბაჩში მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მხოლოდ დამხმარე ხასიათი ჰქონდა. დასახლების ტიპი, საცხოვრებელი სახლები, კვების პროდუქტები ყუბაჩელებს თითქმის ისეთივე ჰქონდათ, როგორც დაღესტნის სხვა ხალხებს. XXს-ის შუა ხანებამდე ძირითადი სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენი. XIXს-სა და XXს-ის დასაწყისში ყუბაჩელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სასოფლო თემი (ჯამაათი). სასოფლო თემი (ჯამაათი) რამდენიმე თუხუმისაგან შედგებოდა. თავის მხრივ, თითოეული თუხუმი (ჟინსი, ტეპა) სისხლით ნათესავი ოჯახების ერთობლიობას მოიცავდა.

საზოგადოებრივი და იდეოლოგიური თვალსაზრისით თუხუმი ერთ ერთობას წარმოადგენდა, სამეურნეო-ეკონომიკური თვალსაზრისით კი ყოველი ოჯახი დამოუკიდებელი ერთეული იყო. თუხუმი ენდოგამიურობით ხასიათდებოდა. სოფლის გარეთ დასაქორწინებლად კი არასდროს არ გადიოდნენ. ისევე როგორც დაღესტნის სხვა ეთნოსებში, ყუბაჩელებშიც ქორწინება მხოლოდ ღვიძლ და-ძმას შორის იკრძალებოდა.


ლინგვისტმა ალ. მაჰომეტოვმა, რომელიც ყუბაჩელი გახლდათ, შემდეგი ეთნოგრაფიული მასალა ჩაგვაწერინა: მისი ბავშვობის დროს, XXს-ის 20-იან წლებში, ყუბაჩში ერთი ასეთი შემთხვევა მომხდარა. ახალგაზრდა ყუბაჩელი ქალი, რომელიც თავის თანასოფლელსა და ნათესავზე იყო გათხოვილი, დაქვრივებულა. ქვრივს რომანი გაუბამს მეზობელი სოფლის _ ამუზგის (დარგუელების სოფელი) მკვიდრ ახალგაზრდა კაცთან, რომელმაც მალე იგი ცოლად შეირთო, რამაც ყუბაჩში დიდი მღელვარება გამოიწვია. ფეხზე დადგა ყველა ყუბაჩელი მამაკაცი, რომლებიც შეიარაღებულნი და ცხენებზე ამხედრებულნი მეზობელი სოფლისაკენ საბრძოლველად გაემართნენ, რადგან არ ყოფილა ყუბაჩში და მეზობელ სოფელშიც ოდესმე შემთხვევა ერთმანეთზე დაქორწინებისა; არასოდეს ყუბაჩიდან ქალი სხვაგან არსად არ გათხოვილა. ტრადიციის დამრღვევნი მკაცრად უნდა დაესაჯათ. შეჯახებისაგან ეს ორი სოფელი უხუცესებმა იხსნეს, რომლებმაც ქალი ქმარს წაგვარეს და თავის სოფელს დაუბრუნეს.


ქორწინება, გაყრა, ქონების მემკვიდრეობით გაყოფის წესი შარიათის ნორმებით განისაზღვრებოდა. ყუბაჩელებმა მრავალცოლიანობა არ იცოდნენ. სისხლის აღების ჩვეულება თითქმის დავიწყებული იყო. მკვლელს რომელიმე მეზობელ სოფელში ასახლებდნენ. ყუბაჩელთა სტუმართმოყვარეობისა და ყონაღობის შესახებ ბევრი მეცნიერი და მოგზაური წერდა. ყუბაჩელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა მამაკაცთა კავშირებს _ “გულალა აკ ბუკენ” (უცოლოთა კავშირი). ამ კავშირებს რთული და მრავალგვაროვანი მკაცრად დაცული ცერემონია და წეს-ჩვეულებები ახასიათებდა.

ოჯახის გაბატონებული ფორმა პატარა ოჯახი იყო. ყუბაჩელები მუსლიმი სუნიტები არიან. მაჰმადიანობა მათ XIIIს-ის ბოლოს მიიღეს. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგენილია, რომ უფრო ადრე სოფელ ყუბაჩში ქრისტიანობა და ზოროასტრიზმიც იყო გავრცელებული. მიუხედავად ამისა, თითქმის XXს-ის შუა ხანებამდე, ყუბაჩელებს შორის შემორჩენილი იყო ძველი წარმართობისდროინდელი რწმენაწარმოდგენები (წვიმისა და მზის გამოწვევის წეს-ჩვეულება, წმინდა ხეების თაყვანისცემა, არწივის კულტი).

ყუბაჩში სპორტის ტრადიციული სახეობები იყო სირბილი, ჭიდაობა, ხტომა, ქვის სროლა, მიზანში სროლა, მარულა, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ და “უცოლოთა კავშირის” ყველა წევრს მოეთხოვებოდა. მოგზაურები და მეცნიერები ყუბაჩელებს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, გულღია ხალხს, რომლებიც პატივს სცემენ უხუცესებსა და ქალებს; აღნიშნავენ მათ კეთილმოსურნეობას.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0