x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბუდუხები
image


ბუდუხები აზერბაიჯანის შაჰდაღის მთებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხია. ადმინისტრაციულად ბუდუხების სოფელი ბუდუხი ყუბის რაიონს ეკუთვნის. ბუდუხები აზერბაიჯანის ბარის რამდენიმე სოფელშიც ცხოვრობენ, სადაც მთიდან გვიან არიან გადასახლებული.

ბუდუხები საბჭოთა პერიოდში ცალკე ეთნოსად არ აღირიცხებოდნენ; მათ აზერბაიჯანელებად წერდნენ. დღეს ბუდუხების რაოდენობა დაახლოებით 3 ათასი კაცია. 1886 წლის საოჯახო სიების თანახმად, სოფელ ბუდუხში 369 კომლი იყო აღრიცხული. მათი რაოდენობა კი 2625 კაცს შეადგენდა. 1910 წლის “კავკაზსკი კალენდრის” მიხედვით, სოფ. ბუდუხში 2165 კაცი მკვიდრობდა, თუმცა ისინი ლეზგიებისადმი იყვნენ მიკუთვნებულნი.

ბუდუხური ენა კავკასიურ ენათა ლეზგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის უმწერლობო ენაა. ბუდუხურ ენას დიალექტები არა აქვს, გენეტიკურად ახლოსაა კრიწულ ენასთან. 1950-იან წლებში ბუდუხში თუ 500 კომლი იყო, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 50-ის ფარგლებშია. ამას გზების ცუდი მდგომარეობით ხსნიან. სოფელში აღარც ერთი მაღაზია აღარაა. პროდუქტების საყიდლად 50-კილომეტრიან უგზოობის გადალახვა უხდებათ. ინტერნეტსაიტებზე არსებულ წერილებში სინანულია გამოთქმული იმის შესახებ, რომ ბუდუხების ძველი ტრადიციები და ენა არავის აინტერესებს.


ბუდუხების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მეცხოველეობა იყო. სოფელ ბუდუხის ირგვლივ მდიდარი საძოვრები და სათიბები არსებობდა. უპირატესობას მეცხვარეობას ანიჭებდნენ. 1929 წელს სოფელ ბუდუხში 11 220 სული ცხვარი ჰყავდათ. ისინი ცხვარს ამთაბარებდნენ. მიწათმოქმედებას დამხმარე ხასიათი ჰქონდა. ქსოვდნენ ფარდაგებს, ხალიჩებს, წინდებს, გრძელყელიან წინდებს. ბუდუხი ექვსი უბნისაგან შედგებოდა. ბუდუხი ერთ სასოფლო თემს წარმოადგენდა. ქორწინება მშობლების ნება-სურვილის თანახმად ხდებოდა. იცოდნენ გამოსასყიდის გადახდა. ქორწინება ენდოგამიური იყო. უპირატესობას ანიჭებდნენ კუზენურ ქორწინებებს.

XIX-XXსს-ის მიჯნაზე ქალებისათვის საქორწინო ასაკი 14-15 წლით იყო განსაზღვრული, კაცებისათვის _ 18-20 წელი. დანიშნული ახალგაზრდები ხშირად 3-5 წლის შემდეგ ქორწინდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში კაცის მხარე ყველა დღესასწაულზე ქალის ოჯახს საჩუქრებს უგზავნიდა. დანიშნული გოგონა საქმროს ნათესავებისაგან თავს საგულდაგულოდ მალავდა. უფროსი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, უცოლო უმცროსი ძმა ვალდებული იყო ქვრივზე დაქორწინებულიყო. იგივე წესი ვრცელდებოდა დაქვრივებულ მამაკაცზე _ ის ცოლის გაუთხოვარ უმცროს დაზე ქორწინდებოდა.

ბუდუხები მუსლიმი სუნიტები არიან. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენებიც.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0