x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ღოდობერიელები – მარჯვედ მოისარი ხალხი
image


ღოდობერიელები დაღესტნის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხია. შეფასებითი მონაცემებით, ღოდობერიელების რაოდენობა 3, 5 ათასიდან 4 ათასამდე მერყეობს. 1886 წლის მონაცემებით, დაღესტანში 1.172 ღოდობერიელი ცხოვრობდა. 1926 წელს 1425 კაცს შეადგენდნენ, 1938 წელს _ 1, 9 ათასს. მომდევნო აღწერებში ისინი ხუნძებს მიაკუთვნეს.

1950-იანი წლების დასაწყისიდან ღოდობერიელების რაოდენობა მთაში შემცირდა, რადგან ისინი ბარში გადაასახლეს. დღეს დაღესტნის დაბლობში 378 ღოდობერიელთა ოჯახი ცხოვრობს, მთაში (სოფლებში ზემო ღოდობერსა, ქვემო ღოდობერსა და ზიბრიხალში) _ 562 კომლი.

ღოდობერიელების განსახლების არეალი დასავლეთ დაღესტანში მდ. ანდიის ყოისუს შუა წელის მარცხენა სანაპიროა (დღევანდელი ბოთლიხის რაიონის სამხრეთ-დასავლეთი). განსახლებული არიან ძირითადად სამ დასახლებულ პუნქტში. მათი მეზობლები არიან ხუნძები, ბოთლიხელები, ჭამალალები. ღოდობერიელების თვითსახელწოდებაა ღიბდიდი (მრ. რ.), ღიბდილი (მხ. რ.). ხუნძები მათ ღოდობერისელის სახელით მოიხსენიებენ, ანდიელები _ ღოდობერდიალ.



ღოდობერიელები ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური რასის კავკასიონურ ტიპს მიეკუთვნებიან. ღოდებერიული ენა ჩრდილოეთ კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ანდიურ-ცეზურ ქვეჯგუფში შედის. ამ ენას ორი დიალექტი აქვს: საკუთრივ ღოდობერიული და ზიბირხალური. გავრცელებულია ხუნძური ენაც, რადგან სკოლებში ხუნძურ (აგრეთვე რუსულ) ენაზე სწავლობენ. წარსულში ისინი ხუნძური ენის აჯამური დამწერლობით სარგებლობდნენ.

შედარებითი ენათმეცნიერების მონაცემებით, მატერიალური და სულიერი კულტურით ღოდობერიელები დასავლეთ კავკასიის სხვა ხალხებს ენათესავებიან. გადმოცემით, ღოდობერიელები აქ დასახლებული მონადირე ძმების შთამომავალნი არიან.

ისინი მარჯვე მსროლელები იყვნენ და შეეძლოთ მფრინავი ყვავისათვის ისარი პირდაპირ თვალში მოერტყათ. აქედან წარმოიქმნა ეთნონიმი “ღოდობერი”, რაც ხუნძურად “ყვავის თვალს” ნიშნავს (“ღედო” _ ყვავი, “ბერ” _ თვალი). გამრავლების შემდეგ კოშკი აუშენებიათ, რომელიც თავდაცვის მიზნით ხელოვნურ ტბაში მოუთავსებიათ. ამ კოშკში ადამიანები გადასაკიდი ხიდით შედიოდნენ.


მეცნიერებს ეთნონიმ “ღოდობერიელების” წარმოქმნის ეს ლეგენდა არარეალურად მიაჩნიათ. სხვა ვერსიით ღოდობერიელების აქ დასახლებული წინაპრის ადგილს ერქვა ღედუ (ღიდუ), საიდანაც შემდეგ წარმოიქმნა სოფლის და შესაბამისად ხალხის სახელიც.

როგორც ეთნოსს ღოდობერიელებს პირველად იხსენებს XVIIIს-ის 70-იან წლებში გერმანელი მოგზაური გიულდენშტედტი. ღოდობერიელების ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული დასავლეთ დაღესტნის სხვა ხალხების ისტორიასთან.

ქართველი ისტორიკოსების, არქეოლოგების და ანთროპოლოგების მოსაზრებით, ძვ.წ. III-II ათასწლეულში დაღესტნური ტომები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, რომლებმაც გარკვეული პოლიტიკური პროცესების შედეგად ჩრდილოეთით გადაინაცვლეს.

მ. აბდუშელიშვილის დასკვნით, კავკასიონური ანთროპოლოგიური ტიპის ფორმირების ადგილი სამხრეთ კავკასიაა. არქეოლოგთა დასკვნით სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთ დაღესტნელი ხალხების ჩრდილოეთ კავკასიის ქედებზე გადასახლება ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში უნდა მომხდარიყო. კომპაქტურად განსახლებულმა ანდოცეზებმა დიდოს (დიდის) ეთნოპოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბეს.

ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. I ათასწლეულიდან დასავლეთ დაღესტნის ამ ეთნოპოლიტიკური გაერთიანების შემადგენლობაში ღოდობერიელებიც შედიოდნენ. XIVXVსს-ში მთებში თითქმის ყველგან ფეოდალები ლიკვიდირებულ იქნენ. ამის შემდე ღოდობერიელებმა შექმნეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სტრუქტურულად დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებოდა. ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოება სახალხო მმართველობის სტატუსით, რომელმაც დაღესტნის რუსეთის ცარიზმის მიერ დაპყრობამდე იარსება.

ღოდობერიელები ტეხნუცალის სასოფლო საზოგადოების კავშირში შედიოდნენ. მიწის საკუთრების გაბატონებული ფორმა იყო კერძო საკუთრება. მთავარ სოციალ-სამეურნეო უჯრედს კი მცირე ოჯახი წარმოადგენდა. არაბთა დაპყრობების პერიოდში (VII-VIIIსს.) დასავლეთ დაღესტნის მცხოვრებნი და, მათ შორის, ღადობერიელები, არაბთა გავლენას არ დამორჩილებიან.


XIVს-ში ღოდობერიელების ერთი ნაწილი ქრისტიანი იყო, მეორე ნაწილი კი კვლავ წარმართობას მისდევდა. XVI-XVIIსსის მიჯნაზე ღოდობერიელთა სოციალურ და სულიერ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა _ მათ ისლამი მიიღეს. ისლამის გავრცელებას თან არაბული დამწერლობის (აჯამის) დანერგვაც მოჰყვა. სოფელ ღოდობერში გახსნილ მედრესში სასწავლებლად სხვა ადგილებიდანაც მოდიოდნენ.

1809 წელს ღოდობერიელებმა მიიღეს ფიცი რუსეთის ტახტის ერთგულებაზე. თუმცა ამ ნაბიჯმა მათ სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. სამხრეთ კავკასიასა და დაღესტნის ბართან ურთიერთობა კვლავ ეკრძალებოდათ. ამის გამოც იყო, რომ ღოდობერიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს განმათავისუფლებელ ბრძოლაში, რომელსაც შამილი ხელმძღვანელობდა.

შამილის დატყვევების შემდეგაც (1859 წ.) დასავლეთ დაღესტანში, სადაც ანდიური და ცეზური მოდგმის ხალხი მკვიდრობდა, რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა (1861, 1862, 1877 წლები), რომლებშიც ღოდობერიელებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს, რისთვისაც ბევრი მათგანი კიდევაც გააციმბირეს.


ღოდობერიელთა ტრადიციული საქმიანობა სახვნელი მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. განვითარებული იყო მომთაბარე მეცხოველეობაც _ მათ ბევრი საზაფხულო საძოვარი ჰქონდათ. ზამთარში კი ცხვრის ფარებს თბილ დაბლობში მიერეკებოდნენ. თუმცა საქონლის მნიშვნელოვან რაოდენობას ზამთარში მთაში ტოვებდნენ.

მიწათმოქმედებიდან ფრიად დაწინაურებული იყო მებაღეობა და მევენახეობა. დამხმარე დარგებიდან განვითარებული იყო მონადირეობა და მეფუტკრეობა. მნიშვნელოვნად იყო განვითარებული შინამრეწველობა და ხელოსნობაც: ქსოვა, ტყავის, მატყლის, ხის, ქვის დამუშავება. ამზადებდნენ ნაბდებსაც.

ტრადიციული იყო ვაჭრობაც. ხილსა და შინარეწვის პროდუქტებს ბოთლიხის ბაზარში, ჩაჩნეთსა და საქართველოში ყიდდნენ. მიდიოდნენ გარესამუშაოზე. ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს რეგლამენტაციაში დიდ როლს თამაშობდა თემი (ჯამაათი).


image


ღოდობერიელთა ტრადიციული დასახლება ტერიტორიულ-თუხუმური იყო. XVIXVIIსს-ში ისინი უკვე მთლიანად ტერიტორიულ ერთეულად იყვნენ ჩამოყალიბებულნი, რომლებიც უცხო ეთნიკურ ელემენტებსაც შეიცავდნენ და რომლებიც შემდგომში ღოდობერიელების მიერ ასიმილირებულ იქნენ.

ყველა სოფელი იყოფოდა უბნებად და თუხუმებად. გადმოცემით, ოდესღაც უბანი დასახლებული იყო სანათესაო ჯგუფით. დღეისათვის ღოდობერიელთა თუხუმები შერეულად ცხოვრობენ. ღოდობერიელთა დასახლებებს, რომლებიც გორაკებზე იყო განლაგებული, შედარებით ფართო ქუჩები ჰქონდათ. სოფლის ცენტრში, მეჩეთთან იყო შენობა, სადაც მამაკაცები თავისუფალ დროს ატარებდნენ.

სოფლის მისასვლელებს საბრძოლო კოშკები იცავდა. ტრადიციულ საკვებში რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, მაწონი, შრატი) ჭარბობდა.

გავრცელებული იყო ხორცის საჭმელებიც. ღოდობერიელებში, ისევე როგორც დაღესტნის სხვა ხალხებში, ყველაზე საყვარელი საჭმელი ხინკალი იყო.


ღოდობერიელები დაღესტნელი ხალხებისაგან საქორწინო ურთიერთობითაც განსხვადებოდნენ, რადგან აქ აუცილებელი არ იყო თუხუმის შიგნით დაქორწინება. ისინი საქორწინო პარტნიორს ეძებდნენ როგორც თუხუმს გარეთ, ისე სოფლის გარეთაც. მეზობელი ხალხებიდან, ძირითადად, ბოთლიხელებსა და ანდიელებზე ქორწინდებოდნენ. როდის დაირღვა ღოდობერიელებში ენდოგამიური ქორწინება, გაურკვეველია.

დაქორწინებისთანავე ვაჟიშვილები მამის სახლიდან გადიოდნენ და ცალკე ცხოვრებას იწყებდნენ. საქორწინო რიტუალები ნაყოფიერების სიმბოლოებით იყო დატვირთული. მასობრივ დღესასწაულებს შორის ყველაზე აღსანიშნავი პირველი ხნულის გავლება იყო.

შემოდგომაზე (სექტემბერში) საქონლის დაბრუნების დღესასწაულს აწყობდნენ. მნიშვნელოვანი იყო წვიმის გამოწვევის წეს-ჩვეულება. ღოდობერიელთა ფოლკლორი ორენოვანი იყო. განვითარებული იყო საზღაპრო ჟანრი;

ბევრი გადმოცემა ჰქონდათ ღოდობერის პირველმოსახლეებზე, ამა თუ იმ სანათესაო წრის წარმოშობაზე. შემორჩენილი იყო მუსლიმამდელი ანიმისტური რწმენა-წარმოდგენები, წინაპრების, ხეების კულტი.


როლანდ თოფჩიშვილის ლიტერატურიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია – ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

1
272
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
272
  
2022, 6 თებერვალი, 13:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1