საზოგადოება არამგონია ამას წაიკითხავდე, მაგრამ მაინც ბედნიერ ახალ წელს და ყველა შენი ოცნების ახდენას გისურვებ ლელა! 2021, 22 დეკემბერი, 13:28 დე, დღეს გცალია? მეტყვის ჩემი ქალიშვილი და უკვე ვიცი ბავშვები უნდა რომ დამიტოვოს, . ან დღეობაზე მიდის, ან რესტორანში, ან საყიდლებზე, ანდა სულაც შილაკი აქვს გასაკეთებელი. პანდემიამდე ჯერ ბილეთს იყიდდა და მერე შემოგვაპარებდა წყნარად სად და რამდენი ხნით აპირებდა გაფრენას. შეერგოს, დედაც ახლოს ჰყავს და დედამთილიც.....
...6 წლის წინ აბასთუმნიდან ადიგენში ჩამოვიარეთ, ჩემს ქმარს ჯარის მეგობარი ჰყავს იქ. გამოგვეგება მისი რძალი, ჩემი გოგოს კბილა, ხის პაწკივით გამხდარი და სიფრიფანა, ორი ბუნთულა პატარათი. მე ლელა ვარო, დედა (დედამთილი ) მთაშიაო, ქმარი თურქეთშია სამუშაოდ წასულიო. ორი ყუთი პომიდორი ჰქონდა დიდი ქვაᲑით ეზოში შუაცეცხლზე შემოდგმული, ღობის სარები გარეცხილი ქილებით იყო სავსე, კიდევ ორი ყუთი პომიდორი გაკეთებული მაქვსო, გვჭირდება, სტუმარი ბევრი გვყავსო“ სამი უცხო კაციც შემოგვემატა. გაგვიმასპინძლდა, ჭურჭელი აალაგა, გობში ჩააწყო და დიდი ეზოს შუაში, შეღრმავებულ ადგილას წყალზე ჩაიტანა. ახლა რაღა მიჭირსო, წელს გავაკეთეთ აქ წყალი, ისე იქედან დამქონდაო, კარგა ქვევით სოფლის წყარო მაჩვენა, ბედნიერობდა ამითი. მიყვებოდა თავის ამბებს ჭკვიანი, გონიერი გოგონა, დავყვებოდი უკან ბავშვივით, საღამოს თეთრ, გატკიცინებულ თეთრეულში ჩაგვაწვინა და არც შუქი მოსულა იმ ღამით. . დილით გარეთ მაგიდა სავსე იყო მოხუფული ტომატის ქილებით. მაისიდან ოქტომბრამდე, თითქმის ექვსი თვე მარტოა ლელა, არც დედა ჰყავს ახლოს და დედამთილიც მთაშია.....
... მეტად აღარ მინახავს და ნეტავ ახლა ცალი თვალით წამახედა რას აკეთებს ლელა. ალბათ საახალწლოდ დააწკრიალა სახლი“ ალბათ ახლავე გეგმავს რა საჭმელი გააკეთოს და რა ნამცხვარი გამოაცხოს, იქნებ ბუნებრივი ნაძვი აღარ უნდა, რომელსაც წიწვები მალე სცვივა და ხელოვნური ურჩევნია, იქნებ ფიქრობს ბავშვებს რა საჩუქარი დაუწყოს....
იმ წელს ადიგენის აღმართიდან პაწაწინა ნაძვი წამოვიღე და ქოთანში ჩავრგე, მიდგას აივანზე, იზრდება ნელა-ნელა. ვრთავ ამ ნაძვს ყოველ წელს, ვიხსენებ ლელას და ჩავუთქვამ რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს ჩემი გოგოს ტოლა გოგო, რომელიც ალიონიდან გვიან ღამემდე ფუტკარივით შრომობს, არც რესტორნებში დადის და ფრჩხილის ლაქსაც თვითონ ისვამს, არც დედა Ჰყავს ახლოს და არც დედამთილს სცალია....
... არამგონია ამას წაიკითხავდე, მაგრამ მაინც ბედნიერ ახალ წელს და ყველა შენი ოცნების ახდენას გისურვებ ლელა!
134 4-ს მოსწონს
|