სხვა ვალენტინობა - დღესასწაული ტრაგიკული ფესვებით.. და ფერადი ყვავილების ზღვა 2021, 11 თებერვალი, 22:50 წმინდა ვალენტინის დღეს ჰაერი სიყვარულით იჟღინთება. შეყვარებულები 14 თებერვალს სულმოუთქმენლად ელოდებიან, რათა თავიანთ პარტნიორებთან კიდევ ერთხელ გამოხატონ თბილი გრძნობები. დღესასწაულის წარმოშობის ისტორია ნაღვლიანია: ახალგაზრდა რომაელი მღვდელი, სახელად ვალენტინი კლავდიუს მეორის ჯარისკაცებს საიდუმლოდ აქორწინებდა. კერძოდ, იმპერატორმა აკრძალა თავისი ჯარისკაცების დაქორწინება, რამდენადაც შიშობდა, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებდნენ ბრძოლაზე კონცენტრირებას. წმინდა ვალენტინი იმპერატორისადმი ურჩობის (ის მაინც აქორწინებდა ჯარისკაცებს) გამო ჩამოახრჩვეს 270 წლის 14 თებერვალს და მას შემდგომ წმინდანის დასჯის დღეს ყოველ წელს აღნიშნავენ. საინტერესოა, როგორ აღნიშნავენ ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში. წმინდა ვალენტინის დღეს ფინეთში უწოდებენ "მეგობრის დღეს". ამიტომაც იქ არა მხოლოდ შეყვარებულები ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებსა და ბარათებს, არამედ საუკეთესო მეგობრებიც. გერმანიაში წმინდა ვალენტინი ფსიქიკურად დაავადებულთა მფარველად მიიჩნევა. ამიტომაც ამ დღეს ადამიანები მიდიან ეკლესიაში და სტუმრობენ ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფებიან. იაპონიაში 14 თებერვალი მამაკაცთა დღეა. ტრადიციის მიხედვით, გოგონები ჩუქნიან ვაჟებს შოკოლადს, არა მხოლოდ საკუთარ რჩეულ მამაკაცს, არამედ კოლეგებს, ძმებსა და მეგობრებს. ზოგიერთ ქვეყანაში ვალენტინობის დღის აღნიშვნა აკრძალულია. კერძოდ, 2001 წელს ირანის ხელისუფლებამ აკრძალა ვალენტინობის დღესასწაული და მისი ყველა ნიშანი, სიმბოლო, როგორიცაა დათუნიები, ღია ბარათები და კანფეტები, რათა შეაჩერონ დასავლური კულტურის თავიანთ სივრცეში შეჭრის ტენდენცია. ვალენტინობის დღესასწაული, ასევე, არ მოსწონს ზოგ რელიგიურ ჯგუფს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, რამდენადაც ვნებისა და სირცხვილის დღედ მიიჩნევენ. კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვალენტინობაზე: წმინდა ვალენტინის დღე გამოცხადდა, როგორც "ნომერ 1 დღესასწაული ფლორისტებისათვის", რამდენადაც მათთვის ამ დღეს შემოაქვს 15 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი. ვალენტინობის დღეს ყვავილების მყიდველთა 73 % მამაკაცია, 27 % ქალბატონი. ამასთანავე, ქალების უმეტესობა ყვავილების მხოლოდ საკუთარი თავისათვის ყიდულობს, მათგან ზოგი კი ასე გამოხატავს სიყვარულს დედის, დის, ან ქალიშვილის მიმართ. საგანგებოდ ვალენტინობის დღისათვის 35 მილიონ ყუთზე მეტი გულის ფორმის შოკოლადი მზადდება. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიარდი ცალი გულის ფორმის კანფეტი (მარმელადი) მზადდება.
ვალენტინობის დღეს უკავშირებენ ყოველწლიურად დაახლოებით 220 000 საქორწილო წინადადების შეთავაზებას. ეს ნიშნავს, რომ ვალენტინობაზე მოდის ქორწინებათა 10 % მაინც. ადამიანების 3 %, რომელთაც ჰყავთ შინაური ცხოველები, ვალენტინობის დღის გატარებას არჩევენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან სახლში და მათ საჩუქრებსაც კი ჩუქნიან. ადამიანების 40 % უარყოფითადაა განწყობილი ვალენტონობის დღესასწაულის მოყვარულთა მიმართ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ დღეს ყოველი მე-10 ადამიანი თავს გრძნობს მარტოსულად, დეპრესიულად და დაუცველად.
ვალენტინობის დღეს გაგზავნილ ყველა ვარდის ფერს აქვს განსხვავებული მნიშვნელობა. მაგალითად: 1. წითელი ვარდი - სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულება; 2.ვარდისფერი ვარდი ამბობს: "მე შენზე ვოცნებობ"; 3.თეთრი ვარდი - სიწმინდე და უმანკოება; მნიშვნელობა აქვს ყვავილების რაოდენობასაც: 1 ცალი ყვავილი - ერთი ნახვით შეყვარება; დასავლეთის ქვეყნებში 12 ცალი ყვავილის ჩუქება ნიშნავს სიყვარულის ახსნას "მე შენ მიყვარხარ". თუ თქვენ 108 ცალი ვარდი გაჩუქეს, ეს შეგიძლიათ, შეაფასოთ, აღიქვათ, როგორც ქორწინების შემოთავაზება; 999 ცალი ვარდი ნიშნავს: "ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით".
24 შეფასება არ არის
|