საბუნებისმეტყველო სად ცხოვრობდა და რამდენს იწონიდა ყველა დროის უდიდესი ფრინველი, რომელსაც ცაში ნავარდი შეეძლო? 2020, 12 ნოემბერი, 22:33 სამყარო სავსეა უჩვეულო და გასაოცარი არსებებით, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი გადაშენებული სახეობებია. ძნელია, წარმოიდგინო ფრინველი, რომლის ფრთების გარშემოწერილობა 6 მეტრია, ხოლო წონა - 72-75 კილოგრამი. ასეთ გიგანტთან თვით უდიდესი კავკასიური არწივიც კი ლამის ყვავისოდენა გამოჩნდებოდა. Argentavis magnificens - ასე უწოდეს მკვლევარებმა უზარმაზარი ზომის ფრინველს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში გვიანი მიოცენის პერიოდში, დაახლოებით 5-8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერების ცნობით, წონის და საფრენი აპარატის მოცულობის მიხედვით ეს იყო უდიდესი ფრთოსანი, რომელსაც შეეძლო, ცაში თავისუფლად აჭრილიყო და საკუთარ ნებაზე ენავარდა.
ეს საოცარი ფრინველი დამდგარი 1, 5 მეტრის სიმაღლის იყო და მოუსვენარ ცხოვრების წესს მისდევდა. ფრენის დროს თავის უზარმაზარ, 6-მეტრიან ფრთებს თითქმის არ ამოძრავებდა. დინოზავრების ერის დასასრულის შემდეგ სამყაროს მსგავსი სიდიდის მფრინავი არსება არ ახსოვს.
მეცნიერების მტკიცებით, Argentavis magnificens ასაფრენად დასავლეთის ძალიან ძლიერ ქარს იყენებდა, რომელიც იმ პერიოდში არგენტინის ტერიტორიაზე ქროდა. ეს ქარი რომ არა, მსგავსი სიდიდის ფრინველი საერთოდ ვერ შეძლებდა ფრენას. ყველა დროის ყველაზე დიდი ფრინველი, რომელიც კი ოდესმე ცაში აჭრილა, ლეშიჭამია იყო. მას საკუთარი აეროდინამიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ძალიან მაღლა შეეძლო ცაში ასვლა და იქიდან ნებისმიერი დიდი ცხოველის ლეშის მოძებნა. Argentavis magnificens რამდენიმე მილიონი წლის წინ გადაშენდა, მაგრამ მისი გაქრობის მიზეზების შესახებ კამათი დღემდე არ წყდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში მკვლევარები მის ბევრ ნამარხ ნაშთს იპოვიან და მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს ცაში მონავარდე ფრინველთან დაკავშირებულ ყველა საიდუმლოს აეხდება ფარდა. 743 შეფასება არ არის
|