x
image
არჩილ ვერულიძე
14 წლის ჯორჯ სტინის ისტორია, რომელიც შეცდომით დასაჯეს სიკვდილით
image

მსოფლიო სამართლიანობის ისტორია სავსეა სამწუხარო შეცდომებით. სამწუხაროდ, ამ შეცდომების ფასი, როგორც წესი, ძალიან მაღალია - ადამიანის ბედი ან თუნდაც მისი სიცოცხლე. ჯორჯ სტინი, 14 წლის შავკანიანი თინეიჯერი, ელექტროსკამზე აღმოჩნდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. ის აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სიკვდილმისჯილი გახდა და წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის სასამართლო სისტემაში.


ჯორჯ სტინი დააპატიმრეს 1944 წელს და დაადანაშაულეს ორი გოგონას, 8 წლის მერი ემა თემსისა და 11 წლის ბეტი ჯუნ ბინიკერის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. ბავშვების ცხედრები ნაპოვნი იქნა ტალახით სავსე თხრილში, ქალაქ ალკოლუს (Alcolu) ეკლესიიის მახლობლად, სამხრეთ კაროლინას შტატში. გაკვეთის შედეგად გაირკვა, რომ მერი და ბეტი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ წამებით მოკლეს.


იმ დროს ალკოლუ რკინიგზით იყო გაყოფილი "თეთრ" და "შავ" რაიონებად. ტრადიციულად, შავკანიანებით დასახლებული ნაწილი ნაკლებად კეთილმოწყობილი იყო - იქ სუფევდა უმუშევრობა, სიღარიბე და დანაშაული. გოგონები მოკლეს აფროამერიკლებით დასახლებულ ადგილას - ისინი იქ ველოსიპედებით წავიდნენ ველური ყვავილების დასაკრებად.



image

ახალგაზრდა ჯორჯ სტინის დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენების რამდენიმე მოწმემ თქვა, რომ მათ ნახეს ბიჭი, რომელიც თავის მეგობარ გოგონებს ესაუბრებოდა. ამავე დროს, ჯორჯს ჰქონდა ალიბი, რომელიც ადასტურებდა, რომ მას არ შეეძლო დანაშაულის ადგილზე ყოფნა, მისი ჩადენის მომენტისთვის, მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული.


არასრულწლოვანი დამნაშავის სასამართლო პროცესი მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ადვოკატის როლს ასრულებდა საგადასახადო კომისარი, რომელიც სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობდა, მოწმეები კი ადგილობრივი მკვირი და მედიკოსები იყვნენ, რომლებმაც გვამები დანაშაულის აგილზე დაათვალიერეს. პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ჯორჯი დააკავეს ირწმუნებოდნენ, რომ ბიჭმა დაკავებისას დანაშაული აღიარა. ამასთან, ეს ფაქტი, რატომღაც, არანაირად არ იყო დოკუმენტირებული, მაგრამ პოლიციელების სიტყვები სანდოდ ჩაითვალა.


როგორც ეს სამართლიან ამერიკულ სასამართლოში უნდა ყოფილიყო, გადაწყვეტილება მიიღო ნაფიცმა მსაჯულებმა, რომელთა შორის არცერთი შავკანიანი არ იმყოფებოდა. ისინი სწრაფად დათანხმდნენ პროკურორს, რითაც ხელი მოაწერეს ბავშვის სასიკვდილო განაჩენს, შემდეგ კი ნაჩქარევად გასწიენ თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად, მათი ცხოვრების პატარა, უსიამოვნო ეპიზოდი უმალ დავიწყებას მიეცა.


image

ორი თვის შემდეგ, 1944 წლის 16 ივნისს, ჯორჯ სტინი სიკვდილით დასაჯეს ელექტროსკამის მეშვეობით, კომისიის და გარდაცვლილი გოგონების ნათესავების თანდასწრებით. სასამართლო არქივში შემორჩა სიკვდილით დასჯის ოქმები, სადაც ნათქვამია, რომ მოზარდი ძალიან პატარა იყო ელექტროსკამისთვის. ვერ შეძლეს სამაგრების მორგება მის მაჯებსა და ტერფებზე, ამიტომ ისინი კვანძებით იყო მიბმული.


იყო სხვა ტექნიკური სირთულეები, რომელთა მოგვარებაც ადგილზევე სიკვდილით დასჯის წინ მოხდა. კერძოდ, სავარძელზე სწორი ჯდომის უზრუნველსაყოფად მათ მოუხდათ ბიბლიის დადება, რომელსაც სტინი ციხეში არ შორდებოდა, და რომელიც სიკვდილით დასჯის ადგილას თან წაიღო.


2014 წლის 17 დეკემბერს, ჯორჯის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ, რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კარმენ მალენმა გააუქმა მოზარდის უკვე შესრულებული სიკვდილით დასჯა, რიგი პროცედურული დარღვევების მოტივით. ამის მიზეზი გახდა სტინების ოჯახის ადვოკატის რეი ჩენდლერისა და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების ბერჯესისა და მაკენზის ქმედებები. ამ ადამიანებმა, 2013 წლის 25 ოქტომბერს, შეიტანეს შუამდგომლობა საქმის ხელახალი განხილვის შესახებ, ამტკიცებდნენ, რომ ჯორჯის უდანაშაულობის დამაჯერებელი მტკიცებულებები ჰქონდათ.


ჩენდლერმა სასამართლოს წარუდგინა სტინის ოჯახის ჩვენება, რომელიც ამტკიცებდა, რომ მკვლელობის დროს მოზარდი მათთან იმყოფებოდა. ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა უილფორდ "ჯონი" ჰანტერის ისტორია, რომელიც 1944 წელს სტინისთან ციხის საკანს იზიარებდა. იგი მოყვა, რომ ბიჭი აიძულეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, თავად კი ირწმუნებოდა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო.


უნდა აღინიშნოს, რომ მართალია განაჩენი გაუქმდა, მაგრამ ჯორჯი არავის გაუმართლებია. მოსამართლე მალენმა სხდომის ბოლოს შეაჯამა ის და თქვა, რომ შესაძლოა ჯორჯმა ჩაიდინა ეს ორმაგი მკვლელობა. შეხვედრას ესწრებოდნენ მსხვერპლთა ოჯახის წევრები, , რომლებიც იმედგაცრუებულები დარჩნენ განაჩენის ოფიციალური გაუქმებით. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არასოდეს შეჰპარვიათ ეჭვი შავკანიანი მოზარდის დანაშაულში და სინდისის დასამშვიდებლად საკუთარი გამოძიებაც კი ჩაატარეს.


image

მოზარდის სიკვდილით დასჯის შემზარავი ამბავი საფუძვლად დაედო ამერიკელი ჟურნალისტის დევიდ სტაუტის წიგნს «Carolina Skeletons». წიგნი გამოქვეყნდა 1988 წელს, სანამ სტინის საქმე განიხილებოდა. 1991 წელს გამოვიდა რომანის კინოადაპტაცია, სადაც მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი კენი ბლანკი თამაშობდა. ბიჭმა ისე დამაჯერებლად ითამაშა, რომ მან თავისი ნამუშევრისთვის ჯილდო მოიპოვა - საუკეთესო დამწყები მსახიობი.




0
484
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0